22 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ზიმბაბვე
სპეციალური კამპანიის დროს იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ ჩიტონგა (ზიმბაბვე) ენაზე მოლაპარაკე ხალხთან
2024 წლის 13 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით იეჰოვას მოწმეებმა ზიმბაბვეში სპეციალური სამქადაგებლო კამპანია მოაწყვეს. ისინი სასიხარულო ცნობას უზიარებდნენ ჩიტონგა (ზიმბაბვე) ენაზე მოლაპარაკე ხალხს. ბინგას რაიონში, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, თითქმის 300 000 ჩიტონგაენოვანი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში რვა ჩიტონგაენოვანი კრებაა, სადაც დაახლოებით 300 მაუწყებელი მსახურობს. ამიტომ მათთვის რთულია, მთელ ტერიტორიაზე იქადაგონ სასიხარულო ცნობა.
კამპანიას შესანიშნავი შედეგები მოჰყვა. ერთ-ერთ კრებაში პირველივე შაბათ-კვირის შეხვედრას 77 სტუმარი დაესწრო, მეორე შეხვედრას კი – 126. ჩვენმა და-ძმებმა, მთლიანობაში, 2 000-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.
სოფელში ქადაგებისას ერთი სახლიდან ძმებს ქალბატონი და მისი შვილები გამოეგებნენ. ძმებმა ოჯახისთავთან გასაუბრება ითხოვეს. აღმოჩნდა, რომ ქმარი სოფლის ბელადი იყო. მამაკაცს ძალიან ესიამოვნა, რომ მაუწყებლებმა პირველად მასთან გასაუბრება ითხოვეს და ამით მისადმი პატივისცემა გამოხატეს. მან სიამოვნებით გამოიტანა თავისი ბიბლია ჩიტონგა (ზიმბაბვე) ენაზე; ძმებმა კი აჩვენეს, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. მათ მოილაპარაკეს, რომ ბელადთან ბიბლიის შესწავლას დაიწყებდნენ. მამაკაცმა ძმებს ნება დართო, რომ სოფელში სხვებთანაც ექადაგათ.
ერთ პატარა ქალაქში ქადაგებისას ორი ძმა შეხვდა მამაკაცს, რომელმაც თქვა, რომ იეჰოვას მოწმე იყო. ის მაუწყებლებს მოუყვა, რომ იეჰოვას მოწმეებმა მამამისს 1993 წელს უქადაგეს. მამამისმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კონტაქტი დაკარგა მოწმეებთან იმის გამო, რომ ოჯახს რამდენჯერმე მოუწია საცხოვრებლის შეცვლა. ძმებს ძალიან სურდათ მამამისის გაცნობა, ამიტომ მომდევნო დღეს საათ-ნახევარი იარეს ფეხით, მასთან რომ მისულიყვნენ. მამაკაცს ძალიან გაუხარდა ჩვენი ძმების ნახვა და მათ უთხრა, რომ ის და მისი ცოლი ლოცულობდნენ მოწმეებთან შეხვედრაზე. მთელი ოჯახი დათანხმდა ბიბლიის შესწავლას და ყველანი დაესწრნენ შუაკვირის შეხვედრას. თან ერთი მეზობელიც წაიყვანეს.
ერთი და ალისია შეხვდა ხანდაზმულ ქალბატონს, რომელიც სიხარულით დათანხმდა, რომ დაესწრებოდა კრების შეხვედრას. როდესაც ალისიამ ქალს კრებაზე წასაყვანად გაუარა, ნახა, რომ ის მეგობართან ერთად ელოდებოდა. შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა აღნიშნა: „აშკარაა, რომ ღმერთი თქვენთანაა. დიდი სიყვარული და სითბო მაგრძნობინეთ. ამიტომ მინდა, ისევ გესტუმროთ“.
ზიმბაბველ და-ძმებთან ერთად ჩვენც ვხარობთ, რომ კამპანიას ასეთი კარგი შედეგები მოჰყვა. ამ კამპანიამ შეგვახსენა, რომ მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას (ეკლესიასტე 11:6).