2014 წლის 11 ივნისი
თურქეთი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოთხი თურქი იეჰოვას მოწმის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება
2014 წლის 3 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთმა დაარღვია ევროპული კონვენცია, a როდესაც ოთხი იეჰოვას მოწმე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო გაასამართლა. ჩალარ ბულდუმ, ბარიშ გორმეზმა, ერსინ ოლგუნმა და ნევზატ უმდუმ თავიანთი რელიგიური შეხედულების გამო უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნული იყო: „თუ კონვენციის მე-9 მუხლს გავითვალისწინებთ ... მოსარჩლეების წინააღმდეგ ისეთი ზომები იქნა მიღებული, რომელთა მიღებაც ნამდვილად არ იყო საჭირო დემოკრატიულ სახელმწიფოში“.
ზემოხსენებულმა ოთხმა იეჰოვას მოწმემ ევროპულ სასამართლოში თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი („ბულდუ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“) 2008 წლის 17 მარტს შეიტანა. მოსარჩლეების განაცხადის თანახმად, თურქეთმა დაარღვია მათი რელიგიის თავისუფლების უფლება, როდესაც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო არაერთხელ აღძრა საქმე მათ წინააღმდეგ. მთლიანობაში ამ მოწმეებმა 30-ზე მეტჯერ მიიღეს უწყება სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე და 6 წელზე მეტი მოუწიათ პატიმრობაში ყოფნა ჩვეულებრივ თუ სამხედრო ციხეებში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებაში აგრეთვე აღნიშნული იყო: „მოსარჩლეების მიერ, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, სამხედრო სამსახურზე უარის თქმა, მათი რელიგიური შეხედულებების გამოხატულებაა. სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ მოწმეების არაერთხელ გასამართლება ... ამასთან, სისხლის სამართლებრივი დევნის მუდმივი საშიშროება ... კონვენციის მე-9 მუხლით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების უფლების ხელყოფაა“.
ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მათ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, თურქეთის წინააღმდეგ მიღებული მესამე გადაწყვეტილებაა; 2012 წელს ზემოაღნიშნულმა სასამართლომ ფეტი დემირტაშის, ხოლო 2011 წელს იუნუს ერჩეპის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამას გარდა, 2012 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თურქეთში კიდევ ორი სხვა მოწმის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ესენი იყვნენ ჯენკ ატასოი და არდა სარკუტი, რომლებიც ზემოხსენებულთა მსგავსად რწმენის გამო ამბობდნენ უარს სამხედრო სამსახურზე.
ევროპაში ამ საკითხის თაობაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება 2011 წლის 7 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ეხებოდა საქმეს „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი იცავს. ეს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს სხვა წევრ-ქვეყნებზეც ვრცელდება და მათაც აკისრებს პასუხისმგებლობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც ეხებოდა ბაიათიანის საქმეს სომხეთის წინააღმდეგ, აგრეთვე თურქი მოწმეების მიერ აღძრულ სამ საქმეს და კიდევ სხვა საქმეებს, პასუხისმგებლობა დააკისრა თურქეთსა და ევროსაბჭოს სხვა წევრ-ქვეყნებს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, როგორ ეპყრობიან მათ, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და გადაამოწმონ, იცავს თუ არა მათი კანონმდებლობა ასეთი ადამიანების კონვენციით გარანტირებულ უფლებებს.
ჯეიმზ ანდრიკი, ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც სასამართლოზე ამ ოთხი მოწმის ინტერესებს იცავდა, აღნიშნავს: «მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო თურქეთში არც ერთი იეჰოვას მოწმე არ არის დაპატიმრებული, თურქეთის მთავრობა კვლავაც აღძრავს იმ ახალგაზრდა მოწმეების წინააღმდეგ საქმეს, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. ვიმედოვნებთ, რომ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „ბულდუ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“, უბიძგებს თურქეთის მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებას მრწამსის თავისუფლების შესახებ».
a ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას; მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას იცავს, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება.