არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ეზიზ ატაბაიევი გათავისუფლების შემდეგ

2021 წლის 14 იანვარი
თურქმენეთი

„ამ განსაცდელს იეჰოვას დახმარებით ვძლიე“

„ამ განსაცდელს იეჰოვას დახმარებით ვძლიე“

ძმა ეზიზ ატაბაიევმა სრულად მოიხადა პატიმრობის ორწლიანი ვადა თურქმენეთის ციხეში, სადაც რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას რწმენა და მოთმინება არ დაუკარგავს. ეზიზი 2020 წლის 19 დეკემბერს გაათავისუფლეს. ბოლო ათი წლის მანძილზე თურქმენეთში სულ 46 ძმა დააპატიმრეს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით.

2016 წელს ძმა ეზიზი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რაზეც მან უარი განაცხადა თავისი მრწამსის გამო. მისი საქმე ქალაქის პროკურატურას გადაეცა განსახილველად. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ეზიზი სასამართლო მოსმენაზე გამოიძახეს. 2018 წლის 19 დეკემბერს სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ეზიზი გვიყვება: «დაპატიმრებამდე ხშირად ვესაუბრებოდი იმ ძმებს, რომელთაც მსგავსი განსაცდელები უკვე ჰქონდათ გადატანილი. ეს დამეხმარა, რომ პატიმრობას შემზადებული შევხვედროდი. გარდა ამისა, ვკითხულობდი სხვადასხვა ბიოგრაფიას ჩვენი პუბლიკაციებიდან და გამამხნევებელ აზრებს ბიბლიიდან.

იმ დილით, როცა ჩემი სასამართლო უნდა გამართულიყო, ერთმა ძმამ ესაიას 30:15 წამიკითხა, სადაც ეწერა: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“. ეს მუხლი ყოველთვის მეხმარებოდა, შემენარჩუნებინა სიმშვიდე და იეჰოვასადმი ნდობა. ამ სიტყვებზე ფიქრი მაძლიერებდა მთელი პატიმრობის განმავლობაში».

მართალია, ციხეში ყოფნა ადვილი არ იყო, მაგრამ ძმა ეზიზისთვის ყველაზე დიდ სირთულეს ოჯახისგან შორს ყოფნა წარმოადგენდა. „ჩემთან ერთად სხვა ძმებიც იყვნენ დაპატიმრებულები. მათ ძალიან დავუახლოვდი. ისინი ჩემთვის ნამდვილი მეგობრები გახდნენ, რომლებიც ყველანაირად მედგნენ გვერდში, რათა ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა არ მეგრძნო“.

ძმა ეზიზი ციხეში ქადაგების შესაძლებლობებსაც იყენებდა. ის იხსენებს: „თავიდან, როცა ჩემს რწმენაზე საუბარს ვიწყებდი, ზოგი პატიმარი მეწინააღმდეგებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში მათ თვალსაზრისი შეიცვალეს და სიამოვნებით მისმენდნენ. როცა ახალი პატიმრები მოდიოდნენ, თავიდან ისინიც მეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ის პატიმრები, რომელთანაც უკვე ნასაუბრები მქონდა, ჩემს მხარეს იკავებდნენ და თავად უყვებოდნენ ახლებს, რაც ჩემგან ჰქონდათ გაგებული“.

მათ, ვისაც მსგავსი განსაცდელი ემუქრება, ეზიზი ურჩევს: „ძალიან მნიშვნელოვანია კარგი პირადი შესწავლა და გულღია საუბრები იეჰოვასთან. მას უნდა გაუზიაროთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, რისიც გეშინიათ და რასაც გრძნობთ.

ამ განსაცდელს იეჰოვას დახმარებით ვძლიე. დარწმუნებული ვარ, ის არც მომავალში დამტოვებს მხარდაჭერის გარეშე. მომავალი სირთულეები აღარ მაშინებს“ (ფსალმუნი 118:6).