2017 წლის 4 ივლისი
თურქმენეთი
გაითვალისწინებს თურქმენეთი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს?
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ არც ისე დიდი ხნის წინ მიღებული 10 გადაწყვეტილება მოუწოდებს თურქმენეთის მთავრობას, შეასრულოს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით ნაკისრი ვალდებულებები და დაიცვას თავისი მოქალაქეების უფლებები. a კომიტეტის მიერ 2015 და 2016 წლებში მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, თურქმენეთმა უნდა შეწყვიტოს მათი დასჯა, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და ზედმიწევნით შეასრულოს პაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მოწმეები ასაჩივრებენ მათ წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს
კომიტეტმა ზემოხსენებული გადაწყვეტილებები მას შემდეგ მიიღო, რაც 2012 წლის სექტემბერში ათმა იეჰოვას მოწმე მამაკაცმა საჩივარი შეიტანა იმის გამო, რომ სამხედრო სამსახურზე რელიგიური მოსაზრებით უარის თქმისთვის მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები მიიღეს. 9 მათგანი ციხეში აუტანელ პირობებში იხდიდა სასჯელს, სადაც მათ სასტიკად ეპყრობოდნენ; პატიმრებით გადავსებულ საკნებში გაუსაძლისი სიცხე და ანტისანიტარია იყო, რაც ინფექციური დაავადების რისკს ზრდიდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყველა გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ თურქმენეთმა დაარღვია მათი „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ხოლო იმ 9 მამაკაცის საქმეზე, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ, კომიტეტის გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ თურქმენეთი „არაადამიანურად და უპატივცემულოდ მოეპყრო მათ“. მეტიც, თურქმენეთის მთავრობა დამნაშავეა იმაში, რომ „მათ უმოწყალოდ ექცეოდნენ“.
კომიტეტმა მოუწოდა თურქმენეთის მთავრობას, რომ შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად ნასამართლეობა მოუხსნას იეჰოვას მოწმეებს და შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს. გარდა ამისა, შესწორება შეიტანოს კანონმდებლობაში, რათა „დაცული იყოს მათი უფლებები, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე“. კომიტეტმა აგრეთვე მოუწოდა მთავრობას, რომ მიუკერძოებლად და საგულდაგულოდ გამოიძიოს უსამართლოდ მოპყრობის ფაქტები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.
2013 წელს სხვა ხუთმა იეჰოვას მოწმე მამაკაცმა კომიტეტს საჩივრით მიმართა, რომელშიც ისინი აღნიშნავდნენ, რომ რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო მთავრობა მათ წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიმართავდა. მათ ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ამჯერადაც სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
ნავრუზ ნაზირლაევი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ხდება
კომიტეტის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც 2016 წლის 15 ივლისს მიიღო, ეხებოდა ნავრუზ ნაზირლაევს. პირველად იგი 18 წლის ასაკში, 2009 წლის აპრილში, გაიწვიეს ჯარში. მან უფლებამოსილ პირებს აუხსნა, რომ სინდისი არ რთავდა ნებას, სამხედრო სამსახური შეესრულებინა, თუმცა მზად იყო ალტერნატიული სამოქალაქო სამუშაოს შესასრულებლად. მოგვიანებით მას სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დასდეს ბრალი და სეიდის მკაცრი რეჟიმის ციხეში 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში მცველები მას სასტიკად სცემდნენ და დროდადრო კარცერში ამწყვდევდნენ.
2012 წლის იანვარში, გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, ნავრუზ ნაზირლაევი კვლავ გაიწვიეს ჯარში. მან ამჯერადაც აუხსნა კომისარს, რომ მზად იყო შეესრულებინა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, მაგრამ ამის მიუხედავად ნაზირლაევს მსჯავრი დასდეს და ისევ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის ციხეში, სადაც აუტანელი პირობები იყო. ციხის მცველები მას სასტიკად უსწორდებოდნენ და მძიმე სამუშაოს შესრულებას აიძულებდნენ.
უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი ნავრუზ ნაზირლაევის ოჯახის წევრებიც გახდნენ. მას შემდეგ, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თურქმენეთის მთავრობის ასეთი ქმედებები დაგმო, პოლიციის ოფიცრები დაშოგუზში ნაზირლაევის ოჯახში შეიჭრნენ და ოჯახის წევრებსა და სტუმრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც ჩანს, შურისძიების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ ნავრუზ ნაზირლაევი ციხიდან 2014 წლის მაისში გაათავისუფლეს, მას დღემდე უწევს უსამართლო მოპყრობის შედეგებთან გამკლავება. კომიტეტის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ მას სასტიკად მოეპყრნენ, ორჯერ დასდეს მსჯავრი და დასაჯეს „მტკიცე პოზიციის გამო, რომელიც მის რელიგიურ შეხედულებებს ეფუძნებოდა“. დასკვნაში აგრეთვე ნათქვამი იყო: „[ნაზირლაევის] გადაწყვეტილება, უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, ერთი მხრივ განპირობებულია მისი რელიგიური შეხედულებებით ... მეორე მხრივ კი იმით, რომ იგი გაასამართლეს და დააპატიმრეს, რითაც დაირღვა მისი აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“.
შეიცვლის თურქმენეთის მთავრობა დამოკიდებულებას მოწმეების მიმართ?
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2012 წლის ანგარიშში, რომელიც ეხებოდა თურქმენეთში ადამიანის უფლებებს, მოითხოვა მთავრობისგან, „შეეწყვიტა მათი დევნა, ვინც სინდისის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე და ციხიდან გაეთავისუფლებინა ამ მიზეზით დაპატიმრებულები“. თურქმენეთის მთავრობა ნაწილობრივ გამოეხმაურა გაეროს მოთხოვნას და ციხიდან გაათავისუფლა რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის დაპატიმრებული მოწმეები; 2015 წლის თებერვალში ბოლო იეჰოვას მოწმემ დატოვა ციხის კედლები. ამ წლიდან მოყოლებული თურქმენეთის მთავრობას არცერთი მოწმე არ დაუპატიმრებია რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის.
მიუხედავად ამისა, მოწმეები, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, მაინც ხდებიან სამართლებრივი დევნის ობიექტები და ისჯებიან. თურქმენეთი კვლავაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს და არ იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს.
2014 წლის ბოლოდან დაწყებული თურქმენეთის მთავრობა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო მოწმეების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს მიმართავს. კერძოდ, ამ მოწმეებმა თავიანთი შემოსავლის 20 პროცენტი 1-დან 2 წლამდე პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს უნდა გადაუხადონ. ამჟამად ამ სადამსჯელო ღონისძიებას ორი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ მიმართავენ.
ზოგიერთ შემთხვევაში უფლებამოსილი პირები მოწმეებზე ზეწოლას ახდენდნენ და აიძულებდნენ, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასულიყვნენ.
მაგალითად, 2016 წლის 16 ივნისს პოლიციის განყოფილების უფროსმა სამხედრო კომისარიატის ორ წარმომადგენელთან ერთად არტურ იანგიბაევს სახლში მიაკითხა იმის გამო, რომ მან წერილობით მოითხოვა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულება. იგი პროკურორის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აიძულეს, წერილობითი მოთხოვნა გაეუქმებინა. მოგვიანებით იანგიბაევმა მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო საჩივარი შეიტანა. სამკვირიანი პატიმრობის შემდეგ ის გაათავისუფლეს და ორი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს. b
ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტები
გარდა იმისა, რომ თურქმენეთის მთავრობა უსამართლოდ ექცევა მოწმეებს, რომლებიც რწმენის გამო ამბობენ უარს სამხედრო სამსახურზე, ის ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას. 2017 წლის იანვრის ანგარიშში გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა თურქმენეთს მოუწოდა, დარწმუნდეს, რომ „მიუკერძოებლად მიმდინარეობს ... იეჰოვას მოწმე ბაჰრამ ჰემდემოვის საქმის გამოძიება, რომელიც 2015 წლის მაისში ციხეში სასტიკად სცემეს. აგრეთვე სხვა იეჰოვას მოწმის, მანსურ მაშარიპოვის დაპატიმრების, ცემისა და ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში იძულებით გადაყვანის ფაქტები, რომელთაც 2014 წლის ივლისში ჰქონდა ადგილი“. მანსურ მაშარიპოვი ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. არც ბაჰრამ ჰემდემოვს, რომელიც „უკანონო“ რელიგიური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და არც მანსურ მაშარიპოვს, რომელიც რელიგიური საქმიანობისთვის ცრუ ბრალდებით დააკავეს, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ.
თურქმენეთში იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ მალე მთავრობა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს თავის მოქალაქეთა რელიგიისა და სინდისის თავისუფლების უფლების დასაცავად და ზემოხსენებული საკითხების მოსაგვარებლად სათანადო ზომებს მიიღებს. ამით გამოჩნდება, რომ ის პატივისცემით ეპყრობა იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი მრწამსის ერთგული რჩებიან და ყველანაირად ცდილობს ადამიანის უფლებების დაცვას.
a საერთაშორისო კანონის თანახმად, რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელსაც მრავალი ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, თურქმენეთი და სხვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, ერიტრეა, თურქეთი, სამხრეთი კორეა და სინგაპური არ ცნობენ ამ უფლებას. მეტიც, ამ ქვეყნებში იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე, უსამართლოდ ექცევიან და დევნიან.
b პირობითი მსჯავრის შემთხვევაში სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლითაც პირობითად ხდება პატიმრობის გადავადება ან ჩანაცვლება. არტურ იანგიბაევი არ დაუპატიმრებიათ, თუმცა ის პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.