არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 27 აგვისტო
თურქმენეთი

თურქმენეთში მოსამართლემ ოთხი წლის ბავშვის დედას სრულიად უსამართლოდ პატიმრობა მიუსაჯა

თურქმენეთში მოსამართლემ ოთხი წლის ბავშვის დედას სრულიად უსამართლოდ პატიმრობა მიუსაჯა

18 აგვისტოს თურქმენეთში, ქალაქ დაშოგუზში დროებით სასამართლო დარბაზში 33 წლის ბიბი რახმანოვას საქმის განხილვის დროს, რომელიც მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებით იქნა აღძრული, მოსამართლე გაგისიზ ორაზმურადოვმა მეტად მკაცრი და უსამართლო განაჩენი გამოიტანა, რაც ბრალდებულისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ოთხი წლის ბიჭუნას დედა, რომელსაც ბრალი „პოლიციელზე თავდასხმასა“ და „ხულიგნობაში“ a ედება, დამნაშავედ ცნეს. სასჯელს მსჯავრდებული საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის — ციხეში, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ერთად მოუწევს ყოფნა.

ბიბი თავის ოჯახთან ერთად რკინიგზის სადგურზე დააკავეს

2014 წლის 5 ივლისის საღამოს ბიბი მეუღლესთან, ვეპა ტუვაკოვთან და თავის ბიჭუნასთან ერთად დაშოგუზის რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა, რათა გზავნილს (ეს იყო რელიგიური ლიტერატურა და სხვა პირადი ნივთები) დახვედროდა, რომელიც ქალაქ აშხაბადიდან მეგობრის მიერ იყო გამოგზავნილი. მიიღეს თუ არა ტუვაკოვებმა გზავნილი, მათ ექვსი სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი პოლიციელი მიუახლოვდა. პოლიციელებმა გზავნილის სახით მიღებული ჩანთების გახსნა მოითხოვეს. ჩანთებში მათ ლეპტოპი და იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული რელიგიური ლიტერატურა იპოვეს. პუბლიკაციების დანახვაზე პოლიციელებმა უშვერი სიტყვებით დაიწყეს ლანძღვა და ტუვაკოვებს ემუქრებოდნენ, თქვენი ბიჭი სულ მალე ობლად დარჩებაო.

ბიბიმ მობილურ ტელეფონზე მათი ჩხუბის ჩაწერა დაიწყო, მაგრამ, როდესაც ოფიცრებმა მობილურის წართმევა სცადეს, ბიბი იძულებული გახდა ტელეფონი ზედატანის ქვეშ დაემალა. ამაზე პოლიციის ოფიცრები მას თმებში სწვდნენ, რის შემდეგაც ჯერ ფეხებით, შემდეგ კი ხელით სცემეს და გააკავეს. ჯერ კიდევ გაკავებული ჰყავდათ, როცა ერთმა პოლიციელმა ზედატანი აუწია და მობილურის წართმევის დროს შეუფერებლად შეეხო მას. ბიბი კი ცდილობდა თავის დაცვას, როცა მას თავს დაესხნენ, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციელებისთვის, როცა შეიპყრეს და დააპატიმრეს იგი.

ბიბი და ვეპა თავიანთ შვილთან ერთად

ამის შემდეგ პოლიციელებმა ტუვაკოვების ოჯახი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. იქ ისინი ცდილობდნენ, ეიძულებინათ ვეპა, ხელი მოეწერა წინასწარ მომზადებულ განცხადებაზე, რაზეც მან უარი თქვა. ამის გამო ვეპა არაერთხელ სცემეს, მაგრამ იგი კვლავ მტკიცე უარზე იდგა. ამ დროს ბიბი თავის პატარა ბიჭუნასთან ერთად სხვა ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი. ქმრის მსგავსად ბიბიმაც უარი თქვა, ხელი მოეწერა განცხადებაზე, რის გამოც ისიც სცემეს. ბიბი თავის შვილთან ერთად იმ ღამით პოლიციის განყოფილებაში დატოვეს და მხოლოდ მეორე დღეს გაუშვეს სახლში. b მას შემდეგ, რაც ბიბიმ საჩივარი შეიტანა, ვეპა რამდენიმე დღეში, 11 ივლისს გაათავისუფლეს. ქალაქ დაშოგუზის პოლიციამ ძალიან მალე ბიბისა და მისი ქმრის საქმის გამოძიება დაიწყო.

ბიბის ბრალს სდებენ, აკავებენ და დამნაშავედ ცნობენ

ბიბის ბრალი 6 აგვისტოს წაუყენეს, ხოლო 8 აგვისტოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 18 აგვისტოს სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოს მსვლელობისას მოსამართლე ორაზმურადოვმა აშკარა მიკერძოება გამოიჩინა. მან არაერთხელ გააწყვეტინა სიტყვა ბიბის ადვოკატს, რომელიც თავისი კლიენტის დაცვას ცდილობდა. როდესაც დაკითხვის დროს პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცეს, მოსამართლემ ბიბის ადვოკატს შეაწყვეტინა მათი დაკითხვა. მოსამართლემ არც ბრალდებულის მეუღლეს მისცა ჩვენების დასრულების შესაძლებლობა, როდესაც იგი ჰყვებოდა, თუ რა სასტიკად მოექცნენ პოლიციელები ბიბის; ვეპას არც აუდიოჩანაწერის წარდგენის უფლება მისცეს. საბოლოოდ, მოსამართლემ საბრალდებო განაჩენი გამოიტანა და ბიბის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბიბი განაჩენს 28 აგვისტოს გაასაჩივრებს, მანამდე კი ის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ (DZD-7). თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდება, მაშინ მას სავარაუდოდ სეიდის უდაბნოში მდებარე საერთო რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბი არა მხოლოდ თავისუფლებას დაკარგავს, არამედ იმის შესაძლებლობასაც, რომ თავისი ბიჭუნას აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა იმ წლებში, როცა ბავშვის ჩამოყალიბება მოხდება.

მართალია, ვეპასთვის ჯერ ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ, მაგრამ სერიოზული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მასაც დაადანაშაულებენ კანონდარღვევაში, წაუყენებენ ცრუ ბრალდებას და სრულიად უსამართლოდ პატიმრობასაც მიუსჯიან. და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ტუვაკოვების ბიჭი მხოლოდ დედის კი არა, მამის გარეშეც დარჩება. ამ უსამართლობას არანაირი ახსნა არ მოეძებნება.

მოველით, რომ სამართალი აღდგება

თურქმენეთი უკვე დიდი ხანია არღვევს იეჰოვას მოწმეების ძირითად უფლებებს. მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები, სხვა მრავალთან ერთად, რომლებიც აფასებენ ადამიანის ღირსებასა და თავისუფლად თაყვანისცემის უფლებას, მოელიან, რომ თურქმენეთის მთავრობა საჭირო ზომებს მიიღებს ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად.

a ხულიგნობა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

b ტუვაკოვების შვილი 6 ივლისის დილას გაუშვეს განყოფილებიდან, როცა მას ნათესავმა მიაკითხა; მოგვიანებით, იმავე დღეს, ბიბიც გაათავისუფლეს.