არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ღვიძლი ძმები ელდორ და სანჯარბეკ საბუროვები

2020 წლის 7 აგვისტო
თურქმენეთი

თურქმენეთის სასამართლო ძმებს ელდორ და სანჯარბეკ საბუროვებს ორწლიან პატიმრობას უფარდებს

თურქმენეთის სასამართლო ძმებს ელდორ და სანჯარბეკ საბუროვებს ორწლიან პატიმრობას უფარდებს

2020 წლის 6 აგვისტოს თურქმენეთის სასამართლომ ძმებს ელდორ და სანჯარბეკ საბუროვებს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. ეს ღვიძლი ძმები 21 და 25 წლისანი არიან. სასამართლომ ძმების მოთხოვნა გასაჩივრების თაობაზე არ დააკმაყოფილა. ისინი უკვე მეორედ ცნეს დამნაშავედ ნეიტრალიტეტის გამო.

2016 წელს ძმა სანჯარბეკ საბუროვმა მრწამსის გამო უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე. ის დამნაშავედ ცნეს და ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

მომდევნო წელს სანჯარბეკის უმცროსმა ძმამაც, ელდორმაც, უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე, რის გამოც ის დამნაშავედ ცნეს და ორი წლით შრომა-გასწორების კოლონიაში გადაიყვანეს. მისი ანაზღაურების ოც პროცენტს სახელმწიფო იღებს.

თურქმენეთის კანონის მიხედვით რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე განმეორებით უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. 2020 წლის აპრილში ძმებს მეორედ მოუვიდათ კომისარიატიდან ჯარში გაწვევის მოთხოვნა. ძმებმა ამჯერადაც უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე, რის გამოც მათ მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სასამართლომ ძმები დამნაშავედ ცნო და მათ პატიმრობა შეუფარდა.

ელდორისა და სანჯარბეკის მშობლებს დიდ ემოციურ ტკივილთან ერთად ეკონომიკურ პრობლემებთან მოუწევთ გამკლავება. მათი მამა ზურგის ქრონიკული ტკივილით იტანჯება, რის გამოც დიდხანს მუშაობა არ შეუძლია. აქამდე ძმებს ბამბა მოჰყავდათ და ასე ზრუნავდნენ ოჯახის საჭიროებებზე. ახლა კი, მათი მშობლები ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ და უფრო მეტიც, თავად მოუწევთ ციხეში მყოფი შვილების საჭიროებებზე ზრუნვა.

თურქმენეთის კანონი არ ითვალისწინებს ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს. ამიტომ ახალგაზრდა ძმებს, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე, ერთიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თურქმენეთში ნეიტრალიტეტის გამო მთლიანობაში, ძმები საბუროვების ჩათვლით, ათი იეჰოვას მოწმე იმყოფება პატიმრობაში.

დარწმუნებულები ვართ, იეჰოვა აკურთხებს თურქმენეთში პატიმრობაში მყოფ ძმებს მათი გაბედულების გამო. ეჭვი არ გვეპარება, ამ ძმებს ყოველთვის ემახსოვრებათ იეჰოვას პირობა, რომელიც მან მეფე ასას მისცა: „ახლა კი გამბედაობა მოიკრიბეთ და გული არ გაიტეხოთ, რადგან თქვენი საქმისამებრ დაჯილდოვდებით!“ (2 მატიანე 15:7).