არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 3 ნოემბერი
თურქმენეთი

თურქმენეთში დავიდ პეტროსოვი ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

თურქმენეთში დავიდ პეტროსოვი ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

ძმა დავიდ პეტროსოვი 19 წლისაა და თურქმენეთში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მას უკვე მოუწია რწმენის დიდი გამოცდის წინაშე დადგომა — სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იგი ერთი წლით დააპატიმრეს. ის ციხიდან 2020 წლის 30 სექტემბერს გაათავისუფლეს.

ძმა დავიდი იხსენებს: „მართალი რომ გითხრათ, ციხეში ყოფნისას ზოგჯერ ცუდ გუნება-განწყობაზე ვდგებოდი. მაგრამ იეჰოვა თავისი სიტყვით მანუგეშებდა. იმის ცოდნამ, რომ იეჰოვას ესმოდა ჩემი და მზად იყო ჩემს სანუგეშებლად, აღმძრა, ლოცვაში გული გადამეშალა მისთვის. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა მუხლი მახსენდებოდა. თუმცა ყველაზე ხშირად გონებაში ფილიპელების 4:13 მიტრიალებდა“.

დავიდ პეტროსოვი თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დაიბადა. მოზარდობის წლებში მან გიტარაზე დაკვრა ისწავლა. ის წერს სიმღერებს და უყვარს ფეხბურთი, ლაშქრობა და ცურვა.

დავიდს ბიბლიას ერთ-ერთი თანაკლასელი ასწავლიდა. ის 2019 წელს მოინათლა. მართალია, მისი ოჯახის წევრები არ იზიარებენ მის რწმენას, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივისცემით ეკიდებიან.

ნათლობის შემდეგ მალევე დავიდი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სასამართლოს წინაშე წარადგინეს. ვინაიდან თურქმენეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული არაა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, მას ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ამ დროის მანძილზე ძმა დავიდი გრძნობდა, როგორ ედგა იეჰოვა მხარში. იგი იხსენებს: „როცა დედა ციხეში მაკითხავდა, და-ძმების მოკითხვებს გადმომცემდა ხოლმე და ამბობდა, რომ ისინი არ წყვეტდნენ ჩემთვის ლოცვას. ეს ძალიან მახარებდა“.

დავიდმა იცის, რომ ქვეყნის კანონის თანახმად, შეიძლება კიდევ ერთხელ გაიწვიონ ჯარში. თუ ეს მოხდება, მას, სავარაუდოდ, უფრო მკაცრ სასჯელს დააკისრებენ.

დავიდი ამბობს: „სხვების მსგავსად, არც მე მინდა, რომ დამაპატიმრონ. თუმცა არაფრის მეშინია. გაბედულებას მმატებს ღვთისადმი რწმენა და თანაქრისტიანების მხარდაჭერა. ამ მხრივ დიდ დახმარებას სამეფოს სიმღერებიც მიწევს“.

დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც განამტკიცებს და გააძლიერებს დავიდს. ვლოცულობთ იმ ათი ძმისთვისაც, რომლებიც თურქმენეთში სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ჯერ კიდევ დაპატიმრებული არიან. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვას უყვარს ისინი და მხარში უდგას მათ (ფსალმუნი 69:33).