არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა სელიმ ტაგანოვი

2020 წლის 24 ნოემბერი
თურქმენეთი

თურქმენეთში ძმა სელიმ ტაგანოვს ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ათავისუფლებენ

თურქმენეთში ძმა სელიმ ტაგანოვს ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ათავისუფლებენ

„ლოცვა სიმშვიდის შენარჩუნებაში მეხმარებოდა“, — გვიყვება ძმა სელიმ ტაგანოვი. ის 2020 წლის 3 ოქტომბერს გაათავისუფლეს ციხიდან. სელიმმა, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, ერთი წელი გაატარა ციხეში რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით.

სელიმი თურქმენეთის დედაქალაქში, აშხაბადში, დაიბადა. სკოლაში კარგად სწავლობდა და უყვარდა მუსიკა. წერს სიმღერებს და მღერის; აგრეთვე უკრავს გიტარაზე. მისი მშობლები, ორი ძმა და მეგობრები სელიმს კეთილ, თავაზიან და მხიარულ ადამიანად ახასიათებენ. განაჩენის გამოტანამდე სასამართლოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა სელიმის შესახებ ასეთი სიტყვები თქვა: „ის კარგი, პატიოსანი ბიჭია. არ ეწევა და სასმელს არ ეტანება. ახლახან დაამთავრა საჯარო სკოლა და ციხე მის ცხოვრებაზე მხოლოდ საზიანო გავლენას თუ მოახდენს“.

ციხეში ყოფნას ნამდვილად ახლდა სირთულეები. ამის მიუხედავად, სელიმი ამბობს: „ციხეში ყოფნის დროს იეჰოვას უფრო დავუახლოვდი. ვიხსენებდი ხოლმე ადრე ნასწავლ ბიბლიურ საკითხებს, ვფიქრობდი მათზე და უფრო კარგად ვწვდებოდი მათ მნიშვნელობას. ძალიან მამხნევებდა ისეთი ბიბლიური მუხლების გახსენება, როგორიცაა ესაიას 41:10, 11.

ძალიან რთული იყო დროებით მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდი; განაჩენს ველოდი და ვნერვიულობდი, თუმცა არავისთვის შემეძლო საკუთარი განცდებისა და ემოციების გაზიარება. მაგრამ იეჰოვას შევთხოვდი დახმარებას. მალევე პატიმრებმა და მცველებმა, რომლებიც თავიდან მტრად მიმიჩნევდნენ, დამოკიდებულება შეიცვალეს; მათგან მხარდაჭერასა და თანადგომასაც კი ვგრძნობდი. ეს ყველაფერი მარწმუნებდა, რომ იეჰოვა ჩემ გვერდით იყო“.

სელიმს ადგილობრივი და-ძმებიც დიდ დახმარებას უწევდნენ. „როცა ციხეში ვიყავი ბევრი და-ძმისგან მომდიოდა მოკითხვები და გამამხნევებელი წერილები“, — გვიყვება სელიმი, — „ზეპირად ვიმახსოვრებდი და ჩემთვის ვიმეორებდი მათ მიერ მოწერილ აზრებს. ეს გულს მითბობდა და მანუგეშებდა“.

თურქმენეთის კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია, რომ სელიმმა კვლავ მიიღოს სამხედრო სამსახურის შესრულების უწყება. ასეთ შემთხვევაში, სელიმმა კარგად იცის, რომ უფრო ხანგრძლივი პატიმრობა ელის. „იეჰოვას დახმარებით ამ განსაცდელის გადატანის შემდეგ, არაფრის აღარ მეშინია. იეჰოვას თანადგომა გაბედულებასა და დაჯერებულობას მმატებს“, — დასძენს სელიმი.

წინ ყველა ჩვენგანს ელის სირთულეები. სელიმი ასეთი სიტყვებით გვამხნევებს: «თუ მსგავსი განსაცდელების წინაშე თქვენც აღმოჩნდებით, გაიხსენეთ ესაიას 30:15-ში ჩაწერილი სიტყვები: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“».