არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 16 მაისი
თურქმენეთი

თურქმენეთში მანსურ მაშარიპოვი ციხიდან გაათავისუფლეს

თურქმენეთში მანსურ მაშარიპოვი ციხიდან გაათავისუფლეს

2017 წლის 12 მაისს თურქმენეთის უფლებამოსილმა პირებმა მანსურ მაშარიპოვი ციხიდან გაათავისუფლეს. ის ძალიან მადლიერია, რომ თითქმის ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა.

2004 წელს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო მანსურ მაშარიპოვს დაშოგუზის სასამართლომ 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სეიდის შრომა-გასწორების კოლონიაში, სადაც პატიმრებს სასტიკად ეპყრობოდნენ და გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ. ამ ციხეში სხვადასხვა დაავადებაც იყო გავრცელებული. ციხეში მანსურ მაშარიპოვს სერიოზულად შეერყა ჯანმრთელობა. 2005 წლის მაისში მას სპეციალური ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს. 2014 წლის ივლისში პოლიცია მანსურ მაშარიპოვის სახლში შეიჭრა, ჩხრეკა ჩაატარა და რელიგიური ლიტერატურის კონფისკაცია მოახდინა. პატიმრობაში ყოფნის დროს მანსურ მაშარიპოვს პოლიცია სასტიკად უსწორდებოდა, აწამებდა და ემუქრებოდა. შემდეგ ის ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ არა მკურნალობის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ნარკოტიკები გაეკეთებინათ მისთვის. წამლებმა მანსურ მაშარიპოვს ჯანმრთელობა შეურყია. მოგვიანებით იგი დიდი რისკის ფასად გაიქცა და რაღაც პერიოდი იმალებოდა. 2016 წლის 30 ივნისს მანსურ მაშარიპოვი კვლავ დაიჭირეს.

იეჰოვას მოწმეები მადლიერი არიან მანსურ მაშარიპოვის გათავისუფლებისთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, თურქმენეთის მთავრობა კვლავაც მკაცრ ზომებს მიმართავს მოწმეების საქმიანობის შესაჩერებლად. მოწმეები ყველაფერს აკეთებენ კიდევ ერთი იეჰოვას მოწმის ბაჰრამ ჰემდემოვის ციხიდან გასათავისუფლებლად. ის უკვე მესამე წელია სეიდის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდის სასჯელს იმის გამო, რომ საკუთარ სახლში იეჰოვას მოწმეების მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრას უძღვებოდა.