არჩეულ მასალაზე გადასვლა

კერვენ კაკაბაევს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

2018 წლის 28 მარტი
თურქმენეთი

თურქმენეთი უგულებელყოფს სინდისის თავისუფლების უფლებას

თურქმენეთი უგულებელყოფს სინდისის თავისუფლების უფლებას

2018 წლის იანვარში არსლან ბეგენჩოვს და კერვენ კაკაბაევს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორივე ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეა. მათ თავიანთი რელიგიური მრწამსის გამო უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე. ისინი მზად იყვნენ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესასრულებლად, თუმცა თურქმენეთის მთავრობა დღემდე არ ცნობს სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის ძირითად უფლებას და შესაბამისად, მოქალაქეებს არანაირ ალტერნატიულ სამსახურს არ სთავაზობს.

დაკავება, დამნაშავედ ცნობა და პატიმრობა

უფლებამოსილმა პირებმა არსლან ბეგენჩოვი 2 იანვარს დააკავეს და სასამართლო მოსმენამდე დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 17 იანვარს სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო და ერთი წლით პატიმრობა შეუფარდა. ბეგენჩოვმა ეს უსამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

კაკაბაევიც იანვარში დააკავეს და 29 იანვარს მასაც ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროცესის მსვლელობის დროს სასამართლომ ნება არ დართო მას, წარედგინა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც მის სასარგებლოდ იმოქმედებდა. სამწუხაროდ, სასამართლომ შეიძლება არც კი განიხილოს კაკაბაევის საჩივარი. ციხის ადმინისტრაციამ არ გამოაჩინა ადვოკატის მიერ კაკაბაევისთვის მომზადებული დოკუმენტები საქმის გასაჩივრების თაობაზე. შედეგად, ბრალდებულმა განაჩენის გამოტანიდან ათი დღის ვადაში ვერ შეძლო დოკუმენტებზე ხელის მოწერა, როგორც ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

კაკაბაევი მეორედ იხდის სასჯელს იმ მიზეზით, რომ სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. 2014 წლის დეკემბერში მას დააკისრეს ორი წლის განმავლობაში გამოსასწორებელი სამუშაოს შესრულება, რაც იმას ნიშნავდა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში თავისი შემოსავლის 20 პროცენტი სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადა.

„კვლავაც არ აღიარებს მათ უფლებას, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე“

თურქმენეთის მთავრობა აცხადებს, რომ პატივს სცემს მოქალაქეთა თავისუფლების ძირითად უფლებებს, სინამდვილეში კი არ აღიარებს მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთხელ მოუწოდეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვისკენ.

2015-2016 წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა იმ იეჰოვას მოწმეების მიერ შეტანილი ათი საჩივრის საპასუხოდ, რომლებმაც რწმენის საფუძველზე უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე, თურქმენეთის მთავრობის წინააღმდეგ რამდენიმე გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ გადაწყვეტილებებში კომიტეტმა დაგმო თურქმენეთის მთავრობის მიერ მოწმეების მიმართ განხორციელებული ქმედებები, კერძოდ, რწმენის გამო მათი დევნა და დაპატიმრება. 2017 წლის აპრილში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ თურქმენეთის მთავრობა „კვლავაც არ აღიარებს მათ უფლებას, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სავალდებულო სამსახურზე და განაგრძობს იეჰოვას მოწმეების შევიწროებასა და დაპატიმრებას“. კომიტეტმა მოუწოდა თურქმენეთის მთავრობას, ხელმისაწვდომი გახადოს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, შეწყვიტოს მათი დევნა, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და გაათავისუფლოს აღნიშნული მიზეზით დაპატიმრებული პირები.

ბოლო წლებში თურქმენეთის მთავრობამ მოახდინა გარკვეული ცვლილებები მათთან მიმართებით, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. 2014 წლის დეკემბრიდან პატიმრობის ნაცვლად, მთავრობა მოწმეებს აკისრებდა ჯარიმას — ყოველთვიური შემოსავლის 20 პროცენტს — ერთი ან ორი წლის განმავლობაში ან უფარდებდა პირობით მსჯავრს. a რაც შეეხება კაკაბაევს, ის 2014 წელს, მთელი წლის მანძილზე იხდიდა ამ ჯარიმას. 2015 წლის თებერვალში ხელისუფლებამ რწმენის გამო დაპატიმრებული ბოლო იეჰოვას მოწმე გაათავისუფლა ციხიდან. სამწუხაროდ, თურქმენეთის მთავრობა ბეგენჩოვისა და კაკაბაევის საქმეების განხილვისას კვლავ დაუბრუნდა უხეშ პოზიციას, ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტი გაეკეთებინა მათი უფლებების მხარდასაჭერად, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

მოწმეებს მხოლოდ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო არ აპატიმრებენ

ბეგენჩოვისა და კაკაბაევის დაპატიმრების გარდა, მთავრობა კვლავ პატიმრობაში ტოვებს ბაჰრამ ჰემდემოვს. იგი, როგორც ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, იმის გამო დააკავეს, რომ თურქმენაბადში, საკუთარ სახლში, რელიგიურ შეხვედრას ატარებდა. ეს ოთხი შვილის მამა 2015 წლიდან იხდის სასჯელს და მას ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქმენეთის პრეზიდენტის მიერ გამოცემული არც ერთი ამნისტია არ შეხებია. ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ ათასობით პატიმარი შეიწყალა, მაგრამ არც ერთხელ არ დააკმაყოფილა ჰემდემოვის ოფიციალური თხოვნა გათავისუფლების თაობაზე.

იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ თურქმენეთის მთავრობა მალე გაათავისუფლებს მათ თანამორწმუნეებს, პატივისცემით მოეკიდება რელიგიისა და სინდისის თავისუფლების უფლებას და აღკვეთს არსებულ უსამართლო ქმედებებს.

a პირობითი მსჯავრი გულისხმობს პრობაციის ღონისძიებებს ციხეში სასჯელის მოხდის სანაცვლოდ.