2016 წლის 17 მარტი
თურქმენეთი
თურქმენეთს ავალდებულებენ, დაიცვას ადამიანის უფლებები
იმ ახალგაზრდა მამაკაცებთან მიმართებით ბოლო დროს მიღებული ოთხი სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ თურქმენეთმა უკანონოდ დასაჯა ისინი. a ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა, მიიღო რა მხედველობაში ის ფაქტი, თუ რა გაუსაძლის პირობებში უწევთ პატიმრებს ყოფნა, დაასკვნა, რომ ირღვევა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით გარანტირებული ადამიანთა სხვა ძირითადი უფლებებიც. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი თურქმენეთის მთავრობისგან მოითხოვს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, აღადგინოს სამართლიანობა.
ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გამოტანილი განაჩენი
2015 წლის მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა თურქმენეთის მოქალაქის, ზაფარ აბდულაევის, საქმე, რომელიც იეჰოვას მოწმეა. უფლებამოსილმა პირებმა იგი ორჯერ გაასამართლეს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. როდესაც 2009 წლის აპრილში აბდულაევი დაშოგუზის საქალაქო სასამართლოში გამოიძახეს, მან განაცხადა, რომ ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ რთავდა, ხელში აეღო იარაღი, ესწავლა მისი გამოყენება ან რაიმე სახის სამხედრო სამსახურში ჩაბმულიყო. მან იქვე დასძინა, რომ თანახმა იყო ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ იგი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულა და ორწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა. b
11 თვეც არ იყო გასული, როცა აბდულაევს ამავე სასამართლოს წინაშე მოუწია წარდგომა, რადგან კიდევ ერთხელ გამოიძახეს კომისარიატში. ის ამჯერადაც მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე. სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ზემოხსენებულმა კომიტეტმა დაადგინა, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო აბდულაევის ორჯერ გასამართლებით დაირღვა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, „არავინ შეიძლება მეორედ გაასამართლონ ან დასაჯონ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი უკვე იყო საბოლოოდ მსჯავრდადებული“ (საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი). რაც ყველაზე მთავარია, როგორც კომიტეტმა დაასკვნა, აბდულაევის წინააღმდეგ მიღებული ორივე გადაწყვეტილებით დაირღვა „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების“ უფლება (საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი).
„აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება ადამიანს ანიჭებს უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გათავისუფლდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან, თუკი ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება მის მრწამსს“ (გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი).
რა პირობებში არიან პატიმრები?
აბდულაევი სეიდის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. პირველი ათი დღე ციხის ადმინისტრაციამ იგი სამარტოო საკანში მოათავსა, სადაც ბადრაგები საშინლად სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.
2010-2011 წლებში კიდევ სხვა სამი იეჰოვას მოწმე, აჰმეთ ჰუდაიბერგენოვი, მაჰმუდ ჰუდაიბერგენოვი და სუნეტ ჯაფაროვი, დააპატიმრეს სამხედრო სამსახურზე რელიგიური მოსაზრებით უარის თქმის გამო. სეიდის კოლონიაში ისინიც ისეთივე სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, როგორიც აბდულაევი.
ოთხივე მოწმე ადასტურებდა, რომ ციხეში გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა. ერთ საკანში დაახლოებით 40 პატიმარი იმყოფებოდა, სადაც ჰიგიენის ელემენტარული ნორმებიც არ იყო დაცული; ადგილის სიმცირის გამო პატიმრები მთელი დღე ბეტონის იატაკზე ისხდნენ; ღამით ჭუჭყიანი საბნების დაფარება უწევდათ და ისიც ყველასთვის არ იყო საკმარისი.
2015 წლის ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აჰმეთ ჰუდაიბერგენოვის, მაჰმუდ ჰუდაიბერგენოვისა და სუნეტ ჯაფაროვის საქმესთან დაკავშირებით ისეთივე გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც აბდულაევის საქმის თაობაზე. ამ მამაკაცებთან მიმართებით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, „არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოქცევასა თუ სასჯელს“ (საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი). ზემოხსენებულმა კომიტეტმა აგრეთვე დაასკვნა, რომ პატიმრების უფლებები ილახება, როცა საპატიმროებში უკიდურესად გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა; ამგვარად ირღვევა საერთაშორისო პაქტის ერთ-ერთი მუხლი, რომ „ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას“ (საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლი).
თურქმენეთის მთავრობა ვალდებულია, მეტად აღარ დაარღვიოს ადამიანის უფლებები
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი აღიარებს, რომ თურქმენეთის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში მცხოვრები ყველა მამაკაცი ვალდებულია, გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური. თუმცა იქვე დასძენს, რომ საერთაშორისო პაქტის საფუძველზე ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან, თუკი ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება მის რელიგიურ შეხედულებებს. ზემოაღნიშნული მიზეზით ვინმეს გასამართლება და მისი დამნაშავედ ცნობა ადამიანის ფუნდამენტური უფლების, „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების“ უფლების, აშკარა დარღვევაა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, თურქმენეთის მთავრობა ვალდებულია, „მიიღოს საკანონმდებლო ზომები, რათა დაიცვას მათი უფლებები, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე“; აგრეთვე კარგად გამოიძიოს „უკიდურესი სისასტიკით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის“ ფაქტები და პასუხისგებაში მისცეს ის პირები, ვისაც ასეთ ქმედებებში ედება ბრალი. გარდა ამისა, ეს კომიტეტი მოითხოვს მთავრობისგან, რომ მოუხსნან ნასამართლეობა ამ მამაკაცებს, რომელთა უფლებებიც შეილახა, და სრულად აუნაზღაურონ მიყენებული ზარალი, რაშიც ზარალის ფულადი ანაზღაურებაც შედის.
მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება
თურქმენეთის მთავრობამ მხედველობაში მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნა და 2015 წლის თებერვალში გაათავისუფლა ბოლო იეჰოვას მოწმე, რომელიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იხდიდა სასჯელს.
მიუხედავად ამ ფაქტისა, თურქმენეთს კვლავ ბევრი სინდისის პატიმარი ჰყავს. ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, ბაჰრამ ჰემდემოვი, რომელიც დაოჯახებულია, დღემდე ციხეში იმყოფება. სამართალდამცავებმა იგი 2015 წლის 14 მარტს დააკავეს, როცა მისივე სახლში დაარბიეს რელიგიური შეხვედრა. მოგვიანებით მას რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობის გამო ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამჟამად ბაჰრამ ჰემდემოვს სეიდის შრომა-გასწორების კოლონიაში გაუსაძლისი პირობებისა და არაადამიანური მოპყრობის ატანა უწევს.
იეჰოვას მოწმეები და თურქმენეთის მოქალაქეები მოელიან, რომ მთავრობა ბოლომდე შეასრულებს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და პატივს სცემს „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების“ ფუნდამენტურ უფლებას.
a იხილეთ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებები: №2218/2012, ზაფარ აბდუალევი თურქმენეთის წინააღმდეგ, 2015 წლის 25 მარტი (CCPR/C/113/D/2218/2012); №2221/2012, მაჰმუდ ჰუდაიბერგენოვი თურქმენეთის წინააღმდეგ, 2015 წლის 29 ოქტომბერი (CCPR/C/115/D/2221/2012); №2222/2012, აჰმეთ ჰუდაიბერგენოვი თურქმენეთის წინააღმდეგ, 2015 წლის 29 ოქტომბერი (CCPR/C/115/D/2222/2012); №2223/2012, სუნეტ ჯაფაროვი თურქმენეთის წინააღმდეგ, 2015 წლის 29 ოქტომბერი (CCPR/C/115/D/2223/2012).
b პირობითი მსჯავრი წარმოადგენს განაჩენის აღსრულების გადავადების სპეციალურ ფორმას, რომლის დროსაც სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას და მსჯავრდებულს უწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. ბაჰრამ ჰემდემოვს პირველი განაჩენის მიხედვით, პირობითი მსჯავრი შეუფარდეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ციხეში სასჯელს არ მოიხდიდა, თუმცა პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა.