არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 22 სექტემბერი
თურქმენეთი

თურქმენეთში ბიბი რახმანოვა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თურქმენეთში ბიბი რახმანოვა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბიბი რახმანოვა ქმართან და თავის პატარა ბიჭუნასთან ერთად

2014 წლის 2 სექტემბერს ზედა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებმა ბიბი რახმანოვას საჩივარი განიხილეს და ამავე დღეს, საღამოს 8 საათზე ციხიდან გამოუშვეს. მართალია, მათ არ მოუხსნეს ბიბის ცრუ ბრალდებები, მაგრამ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბიბისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, პირობითი სასჯელით შეუცვალეს. a მათ განკარგულება გასცეს, რომ ბიბი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ციხიდან. როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, მოსამართლეებმა მხედველობაში მიიღეს შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ ბიბი ქალი და ოთხი წლის ვაჟის დედა იყო; ამასთან, არ ჰქონდა კრიმინალური წარსული.

როგორც ვიცით, ბიბიმ საკასაციო საჩივარი მას შემდეგ შეიტანა, რაც 18 აგვისტოს სრულიად უსამართლოდ ცრუ ბრალდებები წაუყენეს და „პოლიციელზე თავდასხმასა“ და „ხულიგნობაში“ დაადანაშაულეს. 5 ივლისს პოლიციის თანამშრომლები ბიბის და მის მეუღლეს, ვეპას, ქალაქ დაშოგუზის რკინიგზის სადგურზე მას მერე აედევნენ, რაც წყვილმა პირადი სახის გზავნილი მიიღო, რომელშიც რელიგიური ლიტერატურაც იყო. ბრალდებები, რომელიც ბიბის მეუღლეს, ვეპას წაუყენეს, მალევე მოუხსნეს. ხოლო რაც შეეხება ბიბის, იგი 8 აგვისტოს დააპატიმრეს. ბიბის პატიმრობის დროს არაერთხელ სასტიკად გაუსწორდნენ.

თურქმენეთში არსებული უსამართლობა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იქცევს

როგორც ბიბის უცხოელი ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ასეთი მოულოდნელი გათავისუფლება გარკვეულწილად შეიძლება იმით აიხსნას, რომ მომხდარმა უსამართლობამ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

თურქმენეთში იეჰოვას მოწმეებიდან მხოლოდ ბიბი არ გამხდარა უსამართლობის მსხვერპლი. ამ ქვეყანაში ხშირად ლახავენ მოწმეების ძირითად უფლებებს. ამჟამად საკუთარი რწმენის გამო რვა მოწმე იხდის სასჯელს. აქედან ექვსი რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამოა დაპატიმრებული, ორი კი — ცრუ ბრალდებით. მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა და სხვადასხვაგვარი შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან.

მართალია, ქალაქ დაშოგუზის ზედა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებმა ბიბის მდგომარეობა შეუმსუბუქეს, რასაც ნამდვილად ვაფასებთ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ ვერ აღმოფხვრეს უსამართლობა. ისინი, ვინც უფრთხილდებიან სხვების ღირსებას, იმედოვნებენ, რომ თურქმენეთის მთავრობა სწორად შეაფასებს ყველაფერს და პატივს სცემს საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და თავიანთ ქვეყანაში აღარ შეზღუდავს რელიგიის თავისუფლებას.

a ზედა ინსტანციის სასამართლომ ბიბის მოუხსნა სასჯელი, რომელიც ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა და შეუფარდა პირობითი სასჯელი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. ამ დროის განმავლობაში ბიბი კარგი ყოფაქცევით უნდა ხასიათდებოდეს; მას აგრეთვე ეკრძალება ოფიციალური ნებართვის გარეშე ქალაქის დატოვება.