არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა რუსლან არტიკმირადოვი

2021 წლის 11 იანვარი
თურქმენეთი

ძმა რუსლან არტიკმირადოვს ხელმეორე პატიმრობა ემუქრება რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

ძმა რუსლან არტიკმირადოვს ხელმეორე პატიმრობა ემუქრება რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

სავარაუდო სასჯელი

თურქმენეთის სამხედრო სასამართლო მალე a განაჩენს გამოიტანს ძმა რუსლან არტიკმირადოვის საქმეზე. მას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რუსლანი 2020 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება იზოლატორში. ნეიტრალური პოზიციის გამო მას უკვე მეორედ ემუქრება პატიმრობა.

ზოგადი ინფორმაცია

რუსლან არტიკმირადოვი

  • დაიბადა: 2 000 წელს სოფელ ალპან გენგეშლიკში

  • ბიოგრაფია: გაიზარდა სოფელში. მუშაობდა ავტო სახელოსნოში. სკოლაში კარგად სწავლობდა. უყვარს ფეხბურთის თამაში.

    ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება დედისგან ისწავლა. იეჰოვას მოწმეთა შორის არსებულმა სიყვარულმა და ერთობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და 2015 წელს, 15 წლის ასაკში, თავადაც გახდა იეჰოვას მოწმე. ღვთისადმი სიყვარულის გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე.

სასამართლო საქმე

2018 წლის 13 აგვისტოს ძმა რუსლან არტიკმირადოვს, რომელიც იმ დროს 18 წლის იყო, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. ის 2019 წლის 12 აგვისტოს, სასჯელის ვადის სრულად მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

თურქმენეთის კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია ახალგაზრდა მამაკაცების ხელმეორედ დაპატიმრება სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. ასე რომ, 2020 წლის ნოემბერში რუსლანმა კვლავ მიიღო უწყება სამხედრო სასამართლოდან.

რუსლანმა ამჯერადაც უარი განაცხადა სამხედრო სამსახურის შესრულებაზე, თუმცა კარგად იცოდა, რომ ამას მისი განმეორებითი დაპატიმრება შეიძლება მოჰყოლოდა. ის 2020 წლის 15 დეკემბერს დააკავეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს სასამართლო მოსმენამდე.

რუსლანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება. თავის პირველ საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „არ მეშინოდა, თუმცა ვიცოდი, რომ წინ დაძაბული სასამართლო პროცესი და უსამართლო განაჩენი მელოდა. მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იეჰოვასთან ურთიერთობაა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთმობდი“.

რუსლანისთვის ციხეში ყოფნის პერიოდი არ იყო ადვილი; ძალიან მძიმე პირობებში უწევდა ყოფნა და ხშირად უსამართლოდაც ექცეოდნენ. თუმცა ის ყოველთვის გრძნობდა იეჰოვას მხარდაჭერას. რუსლანი იხსენებს: „ციხეში ყოფნის დროს გამუდმებით ვგრძნობდი იეჰოვას ხელს. მაგალითად, როცა მცემდნენ; მხოლოდ პირველი დარტყმას ვგრძნობდი, მერე კი ტკივილი სადღაც ქრებოდა“. გარდა ამისა, მოსიყვარულე და-ძმების მიერ გაწეული თანადგომა რუსლანსაც აძლიერებდა და ეს აგრეთვე კარგი დამოწმება იყო გარშემო მყოფთათვის.

მართალია, რუსლანს კიდევ ემუქრება პატიმრობა, მაგრამ ის კვლავ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე. მან თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა დამაჯილდოებს ... სადაც ძლიერი იმედია, იქ უსასრულო სიხარულიცაა; სადაც სიხარულია, იქ ძალა და მოთმინებაა. ძლიერი ადამიანი კი არასოდეს გატყდება“.

ჩვენ მადლიერები ვართ რუსლანის და სხვა გაბედული ახალგაზრდების, რომლებიც ადასტურებენ, რომ იეჰოვას დახმარებით ნებისმიერი სიმძიმის განსაცდელის ატანაა შესაძლებელი, თანაც გაბედულად და სიხარულით. გვჯერა, რომ იეჰოვა უხვად აკურთხებს ღვთის სამეფოსადმი მათ მიერ გამოვლენილ ურყევ ერთგულებას (ებრაელები 11:6).

a განაჩენის გამოტანის ზუსტი თარიღი წინასწარ ყოველთვის არაა ცნობილი.