2019 წლის 20 აპრილი
იაპონია
გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია იაპონურ ენაზე
2019 წლის 13 აპრილს, შაბათ დღეს, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა სტივენ ლეტმა, იაპონიის ქალაქ კობეში ნოევირის სტადიონზე ჩატარებულ სპეციალურ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია იაპონურ ენაზე. შეხვედრას 20 868 ადამიანი ესწრებოდა. პროგრამა ტრანსლაციით გადაიცემოდა ფილიალის ტერიტორიაზე მდებარე რვა საკონგრესო დარბაზსა და არაერთ სამეფო დარბაზში. მოგვიანებით პროგრამის ჩანაწერი აჩვენეს იმ სამეფო დარბაზებშიც, საიდანაც ვერ მოხერხდა ჩართვა პროგრამის მსვლელობისას. შაბათ-კვირის განმავლობაში სპეციალური შეხვედრის პროგრამა 220 491-მა ადამიანმა მოისმინა.
ვუერთდებით იმ და-ძმების სიხარულს, რომლებიც მსახურობენ 2 950 იაპონურენოვან კრებაში, ჯგუფსა თუ წინარე ჯგუფში. ახლა მათ აქვთ იეჰოვასგან ბოძებული ეს ძვირფასი საჩუქარი — ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა, რომელსაც ისინი პირადი შესწავლისა და მსახურების დროს გამოიყენებენ (ებრაელები 4:12)
იაპონიაში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ 45-წლიანი ისტორია აქვს. 1973 წელს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ლაიმან სუინგლმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთიური გამარჯვება“, გამოაცხადა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა იაპონურ ენაზე. მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ბიბლიის 1 140 000 ეგზემპლარი გავრცელდა, რაც დაახლოებით 75-ჯერ აღემატებოდა იმ დროს მაუწყებელთა რიცხვს იაპონიაში. 1982 წელს კი გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია, რომელიც დაიბეჭდა და აიკინძა იაპონიაში. 2019 წელს კი, ბიბლიის გადამუშავებული ვერსიის გამოცემით, კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა მოხდა ბიბლიის თარგმნის ისტორიაში.
ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ან ნაწილობრივ 179 ენაზეა გამოცემული. ამ რიცხვში შედის ბიბლიის 22 ენაზე შესრულებული სრული გადამუშავებული თარგმანი, რომელთაც საფუძვლად დაედო 2013 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლიის გადამუშავებული ვერსია.