2022 წლის 4 ოქტომბერი
იაპონია
იაპონიის ფილიალში სტამბის გახსნიდან 50 წლის შემდეგ
წელს 50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც იაპონიის ფილიალში პუბლიკაციების ბეჭდვა დაიწყო.
1950—1960-იან წლებში გულმოდგინე მქადაგებლებისა და 70 მისიონერის წყალობით იაპონიაში საგრძნობლად გაიზარდა მაუწყებელთა რიცხვი. შესაბამისად, იმატა მოთხოვნამ ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებზე. ამის გამო, გადაწყდა, რომ იაპონიის ფილიალში დაიბეჭდებოდა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“.
1969 წლის ოქტომბერში ტოკიოში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე, სახელწოდებით „მშვიდობა დედამიწაზე“, ძმა ნეითან ნორმა გამოაცხადა, რომ ფუჯის მთის ძირში, ქალაქ ნუმაძუში, აშენდებოდა ახალი ფილიალი, სადაც სტამბაც განთავსდებოდა.
მშენებლობა 1972 წლის იანვარში დაიწყო. ამავე წლის 15 აგვისტოსთვის ძმებს უკვე დამონტაჟებული ჰქონდათ 40-ტონიანი რულონური როტაციული საბეჭდი მანქანა, საბეჭდი ფირფიტები, ამკინძველი და ქაღალდის საჭრელი. პირველად სტამბაში 1972 წლის 8 ოქტომბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ დაიბეჭდა იაპონურ ენაზე. იქ მომუშავე ერთი ძმა იხსენებს: „სიხარულისგან ცრემლები ვერ შევიკავე, როცა დავინახე გასაგზავნად გამზადებული ახლად დაბეჭდილი ჟურნალებით სავსე ყუთები“.
1982 წელს იაპონიის ფილიალი ქალაქ ებინაში გადავიდა. ეს ახალი კომპლექსი სამჯერ დიდი იყო წინასთან შედარებით და აღჭურვილი იყო თანამედროვე საბეჭდი მანქანებითა და მაღალსიჩქარიანი საამკინძაო მოწყობილობებით. „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის გარდა, სტამბაში დაიწყო ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანისა“ და პუბლიკაციების ბეჭდვა 200-ზე მეტ ენაზე.
იაპონიის ფილიალში დღეისთვის ყოველთვიურად ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მთლიანობაში 13,2-მილიონიანი ტირაჟით გამოიცემა. 2013 წლიდან 20-მილიონიანი ტირაჟით გამოიცემა ბიბლიები 100-ზე მეტ ენაზე და იგზავნება 50-ზე მეტ ქვეყანაში.
1972 წელს იაპონიაში 13 000 მაუწყებელი მსახურობდა. დღეისთვის კი, 50 წლის შემდეგ, მათი რიცხვი 213 000-ზე მეტია. გვახარებს იმის დანახვა, თუ როგორ უწყობს ხელს ამ სტამბაში შესრულებული სამუშაოები სამეფოს საქმის წინსვლას როგორც იაპონიაში, ისე სხვა ქვეყნებში (მათე 28:19, 20).