2017 წლის 24 აპრილი
იაპონია
იეჰოვას მოწმეებმა იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული 300-ზე მეტი სახლი შეაკეთეს
ებინა, იაპონია — იეჰოვას მოწმეებმა ქალაქ კუმამოტოში თანამორწმუნეების 348 სახლი შეაკეთეს, რომლებიც 2016 წლის 14 და 16 აპრილს მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაზიანდა. აღდგენით სამუშაოებში, რომელიც 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის მარტამდე მიმდინარეობდა, დაახლოებით 15 000 მოხალისე იღებდა მონაწილეობას.
მიწისძვრის შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა, თუმცა დაახლოებით 120 მოწმეს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება. ვიდრე მოწმეები გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდნენ, უსახლკაროდ დარჩენილები დროებით 15 სამეფო დარბაზში, იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემისთვის განკუთვნილ შენობებში, დააბინავეს.
იეჰოვას მოწმეებმა აღდგენითი სამუშაოები 2016 წლის 25 ივლისს დაიწყეს. მათ შეაკეთეს დაბზარული კედლები, იატაკი, სახურავები და წყლის მილები, რომლებიც მიწისძვრამ დააზიანა. მოწმეებმა აგრეთვე გამოცვალეს კარ-ფანჯრები და კონდიციონერები.
იაპონიის თავდაცვის ძალების ყოფილი თანამშრომელი მინორუ კონო, რომელიც აკვირდებოდა, როგორ ეხმარებოდნენ იეჰოვას მოწმეები თანამორწმუნეებს სახლების შეკეთებაში, ამბობს: „ჩემმა სამუშაომ მასწავლა, რომ საგანგებო სიტუაციებში ადამიანების გადასარჩენად უაღრესად მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება. იეჰოვას მოწმეებსაც მსგავსი სულისკვეთება აქვთ. ისინი ელვის სისწრაფით გაეშურნენ ქალაქ კუმამოტოში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. გამაოცა იმის დანახვამ, რომ აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მთელი იაპონიიდან ჩამოვიდნენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც გამოუცდელი მშენებლები კი არა, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ. ისინი ერთგულად და გულმოდგინედ შრომობდნენ“.
იაპონიაში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი იჩიკი მაცუნაგა აღნიშნავს: „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქალაქ კუმამოტოში აღდგენით სამუშაოებს ვასრულებდით, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მიწისძვრით დაზარალებულებიც. ძალიან ვაფასებთ და მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელიც თანამორწმუნეებმა აღმოგვიჩინეს სტიქიის შემდეგ. ამან გაგვამხნევა და ძალები შეგვმატა“.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
იაპონია: იჩიკი მაცუნაგა, ტელ. +81-46-233-0005