30 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2024
იაპონია
სპეციალური სამქადაგებლო კამპანია ოსაკასა და ტოკიოში
2024 წლის 13 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით იაპონიაში მცხოვრებმა ათასობით იეჰოვას მოწმემ მონაწილეობა მიიღო სპეციალურ კამპანიაში, რომელიც ოსაკასა და ტოკიოში გაიმართა. გარდა ამისა, კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 350 იეჰოვას მოწმე მიიწვიეს ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, გერმანიიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეიდან, საფრანგეთიდან და შეერთებული შტატებიდან.
ტოკიოსა და ოსაკაში ჯამში 15 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივმა მაუწყებლებმა სტუმრებთან ერთად მსახურების სხვადასხვა სფეროში მიიღეს მონაწილეობა. ბევრ ადამიანთან შედგა საინტერესო საუბარი და ბიბლიის არაერთ შესწავლას ჩაეყარა საფუძველი.
სტენდთან მდგომი ერთი იეჰოვას მოწმე ლოცულობდა, რომ ისეთი ადამიანი გამოჩენილიყო, რომელსაც ბიბლიის შესწავლის სურვილი ექნებოდა. ცოტა ხანში სტენდთან მივიდა მამაკაცი, რომელსაც სურდა, უფრო მეტი გაეგო ბიბლიიდან. რადგან ამ მამაკაცის მშობლიური ენა ჩინური იყო, ის ჩინურ ენაზე მოსაუბრე იეჰოვას მოწმესთან დააკავშირეს. სულ რაღაც ორი დღის შემდეგ ეს მამაკაცი კრების შეხვედრას დაესწრო.
კარდაკარ მსახურების დროს ერთი იეჰოვას მოწმე ესაუბრა ქალბატონს და აჩვენა ვიდეო, „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“. ვიდეოს ყურების შემდეგ ქალმა აღნიშნა, რომ იქ დასმულ ყველა შეკითხვაზე აინტერესებდა პასუხი. ის სიამოვნებით დათანხმდა ბიბლიის შესწავლას და პირველივე კრების შეხვედრას დაესწრო.
კამპანიამ საშუალება მისცა ადგილობრივ და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ იეჰოვას მოწმეებს, რომ ერთმანეთთან სასიამოვნო ურთიერთობით დამტკბარიყვნენ. ქალაქ ტაცუნოში მცხოვრებმა ერთმა 20 წლის მოწმემ, აიკამ აღნიშნა: „აქ მიღებული შთაბეჭდილებები არასოდეს დამავიწყდება. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ ამ კამპანიაში მონაწილეობის საშუალება მომცა“. ერთმა ადგილობრივმა უხუცესმა, სახელად აკიჰირომ, ემოციები ასე გამოხატა: „ძალიან გაგვამხნევა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ და-ძმებთან თანამშრომლობამ. ამან ჩვენი მსახურება კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა“.
გვიხარია, რომ უამრავმა მოხალისემ მზადყოფნით მიიღო მონაწილეობა სპეციალურ კამპანიაში და „ხმამაღლა განადიდა იეჰოვა“ (ფსალმუნი 110:3; ეზრა 3:11).