არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 30 ოქტომბერი
ინდოეთი

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სამ ინდურ ენაზე გამოიცა!

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სამ ინდურ ენაზე გამოიცა!

2020 წლის 25 ოქტომბერს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გუჯარათულ, კანარა და პენჯაბურ ენებზე გამოიცა. მაუწყებლებმა ელექტრონული ფორმატით გამოცემული ბიბლიების შესახებ წინასწარ ჩაწერილი მოხსენებებიდან შეიტყვეს, რომლებიც ტრანსლაციის მეშვეობით გადაიცემოდა. მათ პროგრამის დასრულებისთანავე შეძლეს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის ჩამოტვირთვა თავიანთ მოწყობილობებში.

გუჯარათული ენა

მსოფლიო მასშტაბით გუჯარათულ ენაზე დაახლოებით 61 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს.

ბიბლიის აღნიშნულ თარგმანზე ექვსი მთარგმნელისგან შემდგარი ორი ჯგუფი შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. ერთმა მთარგმნელმა დამ ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შესახებ თქვა: „ეს ახალი ბიბლია სიხარულით გვივსებს გულს. მასში გამოყენებულ მარტივ ენას პატარებიც კი გაიგებენ!“.

სხვა მთარგმნელმა დამ კი დასძინა: „ბიბლიის ამ თარგმანში აღდგენილია ღვთის სახელი ყველა იმ ადგილას, სადაც მას დედნისეულ ტექსტში ვხვდებით. გვწამს, რომ და-ძმებს რწმენა ერთიორად განუმტკიცდებათ, როცა ისინი კვლევას ამ თარგმანით შეუდგებიან“.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს ადვილად გასაგები თარგმანი მკითხველს გულგრილს არ დატოვებს და დაეხმარება თვინიერებს, ისწავლონ იეჰოვას გზებით სიარული (ფსალმუნი 25:9).

კანარა ენა

სალიტერატურო და სასაუბრო ენა ერთიმეორისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება; სასაუბრო ენა ქვეყნის რეგიონების მიხედვით იცვლება. მთარგმნელთათვის მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ ბიბლია, ერთი მხრივ, მარტივ და გასაგებ ენაზე ეთარგმნათ, მეორე მხრივ კი, აზრობრივი სიზუსტე შეენარჩუნებინათ.

მთარგმნელთა ამ ჯგუფსაც ბიბლიის სათარგმნად შვიდ წელზე მეტი დასჭირდა. ამ პროექტზე ათი მთარგმნელი მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს: „მეგონა, რომ პანდემიის გამო ბიბლიის ეს თარგმანი 2021 წლამდე ვერ იხილავდა მზის შუქს. ეს მოვლენა ნათლად ცხადყოფს იმას, რომ იეჰოვას საქმეს ვერაფერი შეაჩერებს!“.

ერთი მთარგმნელი ძმა დასძენს: „ძალიან მახარებს, რომ კანარა ენაზე მოსაუბრე ხალხს უკვე შეუძლია იეჰოვას სიტყვების მშობლიურ ენაზე წაკითხვა. ახლა ისინი ყველა იმ ადგილას ნახავენ ღვთის სახელს, სადაც ის დედანში ეწერა“.

გვჯერა, რომ ბიბლიის ეს თარგმანი დიდ დახმარებას გაუწევს ინდოეთის ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრებ 2 800-ზე მეტ კანარაენოვან მაუწყებელს. ამასთანავე, გვახარებს, რომ ამ თარგმანის წყალობით, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 46 მილიონი ადამიანი შეძლებს, ეზიაროს ღვთის განუზომელ გულუხვობას, სიბრძნესა და ცოდნას! (რომაელები 11:33).

პენჯაბური ენა

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ ექვსი მთარგმნელი მუშაობდა თორმეტი წლის განმავლობაში. აღნიშნული თარგმანით სარგებლობა ამ ენაზე მოსაუბრე 100 მილიონზე მეტ ადამიანს შეუძლია ინდოეთის ნახევარკუნძულსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ერთი მთარგმნელი და თავის გამოცდილებას გვიზიარებს: „ჩვენს ხელთ არსებული მწირი რესურსების ფონზე ყველაფერი გავაკეთეთ და იეჰოვას დახმარებით საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. ეს თარგმანი და-ძმებს რწმენას გაუძლიერებს, შინაგან სიმშვიდეს მოჰგვრის და მომავალი სირთულეებისთვის შეამზადებს“.

ერთი მთარგმნელი ძმა დასძენს: „გულწრფელი მკითხველი ნამდვილად ისიამოვნებს ბიბლიის ამ თარგმანით, განსაკუთრებით — პოეტური წიგნებით. მკითხველს დიდ დახმარებას გაუწევს ის საკვლევი საშუალებებიც, ბიბლიის ამ თარგმანს რომ ერთვის“.

ვიზიარებთ ჩვენი და-ძმების სიხარულს და მათთან ერთად ვუერთდებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე ... მათზე რომ მელაპარაკა, იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი“ (ფსალმუნი 40:5).