2018 წლის 17 აგვისტო
ინდოეთი
არაერთი გამანადგურებელი მეწყერი ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში
ინდოეთში, კერძოდ კერალას შტატში, ძლიერი წვიმების შედეგად დაახლოებით 25-ჯერ ჩამოწვა მეწყერი, რამაც 75 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ეს იყო ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოსული უპრეცედენტოდ დიდი ნალექი.
ინდოეთის ფილიალიდან მივიღეთ სამწუხარო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეწყერის შედეგად დაიღუპა იეჰოვას მოწმე ასაკოვანი ცოლ-ქმარი, ერთი ბიბლიის შემსწავლელი და 17 წლის ძმა, რომელიც მეზობლის გადარჩენას ცდილობდა; გარდა ამისა, ბიბლიის ორი შემსწავლელი სერიოზულად დაშავდა და ისინი ამჟამად საავადმყოფოში გადიან შესაბამის სამედიცინო მკურნალობას.
ადგილობრივმა ფილიალმა ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რათა შეეფასებინათ ზარალი და ორგანიზება გაეწიათ აღდგენითი სამუშაოებისთვის. ამისათვის გამოიყო ზოგიერთი სამეფო დარბაზი და იქ განთავსდა საორგანიზაციო ცენტრები. წინასწარი შეფასებით, ჩვენი და-ძმების 46 სახლი დაინგრა ან დაზიანდა. დაახლოებით 85 ოჯახი (475 მაუწყებელი) დროებით სხვა და-ძმებთან ან ნათესავებთან ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ზოგიერთი სამეფო დარბაზი დღემდე დატბორილია და ნახევრად წყალში დგას. დახმარების კომიტეტი სრულ მზადყოფნაშია, რადგან პროგნოზის მიხედვით, კვლავ მოსალოდნელია ძლიერი წვიმები.
ფილიალის წარმომადგენლებმა ადგილობრივ სარაიონო ზედამხედველთან და კრების უხუცესებთან ერთად მოინახულეს დაზარალებული და-ძმები, გაამხნევეს და ანუგეშეს.
ბევრს ვფიქრობთ და ვლოცულობთ იმ და-ძმებზე, რომელთაც ეს გამანადგურებელი სტიქია დაატყდათ თავს. ყველანი ერთად ველით იმ დროს, როდესაც აღარ იარსებებს არანაირი სტიქიური უბედურება და არც ის ტკივილი, რასაც ეს საშინელი მოვლენა იწვევს (გამოცხადება 21:3, 4).