ინდოეთი
იეჰოვას მოწმეები ინდოეთში თავიანთ საქმიანობას 1905 წლიდან ეწევიან. მოწმეებმა თავიანთი ოფისი 1926 წელს გახსნეს ქალაქ ბომბეიში (დღევანდელი მუმბაი); რეგისტრაციაში კი 1978 წელს გატარდნენ. მოწმეები იყენებენ ინდოეთის კონსტიტუციით მინიჭებულ და დაცულ უფლებებს, მათ შორის მრწამსის არჩევის, მისი საჯაროდ გაცხადებისა და გავრცელების უფლებას. ინდოეთის უზენაეს სასამართლოში მოპოვებული იურიდიული გამარჯვება ისტორიულ საქმეზე „ბიჯო ემანუელი კერალას შტატის წინააღმდეგ“ ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვას მოემსახურა. იეჰოვას მოწმეები თავიანთ რელიგიურ მსახურებას ინდოეთში, ძირითადად, თავისუფლად ასრულებენ. თუმცა ზოგ შტატში ისინი ბრბოს თავდასხმებისა და რელიგიური შეუწყნარებლობის მსხვერპლი ხდებიან.
1977 წელს უზენაესმა სასამართლომ გამიჯნა ისეთი ცნებები, როგორიცაა საკუთარი რელიგიის გავრცელება და სხვის საკუთარ მრწამსზე მოქცევა. ამ კანონიდან გამომდინარე, არავის აქვს უფლება, საკუთარ მრწამსზე მოაქციოს სხვა ადამიანი. ამ კანონს მრავალ შტატში მკაცრად იცავენ. პოლიციაში დაკითხვების დროს თავდამსხმელები ხშირად იშველიებენ ამ კანონს და იეჰოვას მოწმეებს ცილს სწამებენ, თითქოს მათ მაშინ წაასწრეს, როდესაც ხალხის თავიანთ რწმენაზე მოქცევას ცდილობდნენ. იმ შტატებში კი, სადაც ამ კანონს არ აღიარებენ, მოწინააღმდეგეები მოწმეებს ღვთის გმობაში სდებენ ბრალს და ცდილობენ, კოლონიური პერიოდის კანონის მოშველიებით ხელი შეუშალონ მოწმეებს სახალხოდ ქადაგებაში. შედეგად, 2002 წლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეებზე 150-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა ბრბოს მიერ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ იძიებენ ამ შემთხვევებს, რადგან ისინი ვერ ახერხებენ მოწმეების სათანადოდ დაცვას და დამნაშავეების დასჯას.
იეჰოვას მოწმეები ინდოეთში განაგრძობენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და აგრეთვე მიმართავენ სასამართლოებს, რათა დაიცვან საკუთარი უფლება — თავისუფლად შეასრულონ რელიგიური მსახურება. მოწმეები მოელიან, რომ ადგილობრივ უფლებამოსილ პირებზე იმოქმედებს უზენაესი სასამართლოს მიერ „ბიჯოს საქმეზე“ გაკეთებული განცხადება: „ჩვენი ტრადიციები შემწყნარებლობისკენ მოგვიწოდებს; ჩვენი ფილოსოფია შემწყნარებლობისკენ მოგვიწოდებს; ჩვენი კონსტიტუცია შემწყნარებლობას უჭერს მხარს; მოდი, არასოდეს გავაუბრალოოთ ეს!“. იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ მათი ძალისხმევა დაჯილდოვდება — ქვეყანაში აღმოიფხვრება ბრბოს თავდასხმები და ბოლო მოეღება რელიგიურ შეუწყნარებლობას.