არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 18 ივნისი
ინდოეთი

მთარგმნელობითი ჯგუფები ინდოეთში არ ეპუებიან სირთულეებს პანდემიის მიუხედავად

მთარგმნელობითი ჯგუფები ინდოეთში არ ეპუებიან სირთულეებს პანდემიის მიუხედავად

პანდემიამ (COVID-19) სირთულეები შეუქმნა 11 მთარგმნელობით ოფისში მომუშავე და-ძმებს ინდოეთში. ეს და-ძმები ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს 36 ადგილობრივ ენაზე თარგმნიან. იეჰოვას დახმარებით ისინი წარმატებით უმკლავდებიან შექმნილ სირთულეებს და აგრძელებენ თავიანთ საქმეს.

მთარგმნელობითი საქმე გუნდური სამუშაოა. თუმცა, როცა ეპიდემიამ იფეთქა, ინდოეთში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა, რის გამოც მთარგმნელებს აღარ შეეძლოთ შეხვედრა და ერთად მუშაობა. ამ შეზღუდვამ მათაც გაუძნელა თავიანთი საქმის შესრულება, ვინც აუდიო-ვიდეო სტუდიებში მსახურობენ.

მთარგმნელობით ოფისებში გუნდური მუშაობა კონფერენც-კავშირმა შეცვალა; ეს შეეხო აუდიო-ვიდეო ჩაწერის პროცესსაც. ამ ცვლილების წყალობით მთარგმნელებს უკვე სხვა ქვეყნებიდან, ბანგლადეშიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეხმარებიან და-ძმები.

ძმები შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთ საქმეს და ფიზიკური დისტანცირების პირობებშიც აგრძელებენ ჟესტურ ენაზე ვიდეოების ჩაწერას. ზოგმა მთარგმნელმა საკუთარი საძინებელი ოთახი სტუდიად გადააკეთა და ხელთ არსებული ნივთები აუდიო-ვიდეო სტუდიისთვის საჭირო აღჭურვილობად აქცია. მაგალითად, ძმები მუყაოს ყუთებს შტატივებად იყენებენ, მობილურ ტელეფონებს კი — პროფესიონალური ვიდეოკამერების ნაცვლად.

მთარგმნელობით ოფისებში მომსახურე და-ძმები არ ეპუებიან ტექნიკურ სირთულეებს; ისინი იეჰოვას დახმარებით ინარჩუნებენ დადებით განწყობას და ამ მძიმე დროშიც ბევრს აკეთებენ იეჰოვასთვის. ქვემოთ მოყვანილია ზოგი მათგანის კომენტარი.

ძმა ჯოუზ ფრანსისმა, რომელიც კოლკატაში მსახურობს, აღნიშნა: „როცა კაცს ჰგონია, რომ ჩიხშია, იეჰოვა გზას უჩვენებს მას“.

და ბინდუ რანი ჩანდანი, რომელიც ბანგალორში მსახურობს, ამბობს: „სიხარულს მანიჭებს იმის ცოდნა, რომ ამ სირთულეების ჟამს იეჰოვა თავისი საქმის საკეთებლად მიყენებს“.

და რუბინა პატელმა, რომელიც ვადოდარაში მსახურობს, თქვა: „იეჰოვასა და მის ორგანიზაციას ვერაფერი შეაჩერებს — ვერც კორონავირუსი!“.

გვეამაყება ის და-ძმები, რომლებიც ბეჯითად შრომობენ მთარგმნელობით ოფისებში. დარწმუნებულნი ვართ, რომ მათ საქმეს იეჰოვას წმინდა სული აკეთებინებს; ეს ის სულია, რომლის წყალობითაც სრულდება იესოს წინასწარმეტყველება: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად“ (მათე 24:14).