არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 11 ნოემბერი
ინდოეთი

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება თითქმის 30 წელია სიტყვის თავისუფლებას იცავს

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება თითქმის 30 წელია სიტყვის თავისუფლებას იცავს

1985 წლის 8 ივლისი — ინდოეთის სამხრეთ დასავლეთით მდებარე კერალას შტატის ერთ პატარა დასახლებაში სკოლის სამი მოსწავლისთვის ეს დღე ჩვეულებრივად დაიწყო. თუმცა ის სრულიად სხვაგვარად წარიმართა, რადგან სკოლის დირექტორმა მოითხოვა, მოსწავლეებს კლასში ეროვნული ჰიმნი „ჯანა განა მანა“ შეესრულებინათ. ყველა ვალდებული იყო, ფეხზე წამომდგარიყო და ჰიმნი ემღერა. მაგრამ 15 წლის ბიჯომ და მისმა უმცროსმა დებმა, 13 წლის, ბინუ მოლმა და 10 წლის ბინდუმ, უარი თქვეს ჰიმნის შესრულებაზე. ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ და სინდისი ნებას არ რთავდათ, ჰიმნი ემღერათ, რადგან, მათი აზრით, ეს თავიანთი ღვთისადმი, იეჰოვასადმი ორგულობის და კერპთაყვანისმცემლობის ტოლფასი იქნებოდა.

ბავშვების მამა, ვ. ჯ. ემანუელი, ამის თაობაზე სკოლის დირექტორსა და კლასის მასწავლებლებს დაელაპარაკა. ისინი წინააღმდეგი არ იყვნენ, რომ ემანუელის შვილებს ისე ევლოთ სკოლაში, რომ არ შეესრულებინათ ჰიმნი. ამ ამბავმა საკანონმდებლო კრების ერთ-ერთი წევრის ყურამდე მიაღწია, რომელმაც ეს თემა განსახილველად კრებაზე წამოწია, რადგან თვლიდა, რომ ბავშვების მოქმედება არაპატრიოტული სულისკვეთების მაჩვენებელი იყო. მალევე სკოლის მანდატურმა დირექტორს მოსთხოვა, გაერიცხა ბავშვები სკოლიდან იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეასრულებდნენ ჰიმნს. ვ. ჯ. ემანუელის თხოვნა, მისი ბავშვები სკოლაში დაებრუნებინათ, არ დააკმაყოფილეს, რის შემდეგაც მან დახმარებისთვის წერილობითი თხოვნით მიმართა კერალას შტატის ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ მიიღო. ბოლოს ვ. ჯ. ემანუელმა საჩივარი ინდოეთის უზენაეს სასამართლოში შეიტანა.

უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს კონსტიტუციურ უფლებებს

1986 წლის 11 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „ბიჯო ემანუელი კერალას შტატის წინააღმდეგ“. სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვების სკოლიდან გარიცხვა, მხოლოდ იმიტომ რომ მტკიცედ იცავენ თავიანთ რელიგიურ შეხედულებებს და თავიანთი სინდისის კარნახით მოქმედებენ, არღვევს ინდოეთის კონსტიტუციას. მოსამართლე ჩინაპა რედიმ აღნიშნა: „არ არსებობს კანონი, რომელიც ვინმეს ჰიმნის შესრულებას აიძულებდა“. როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაში აღინიშნა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანს უფლებას აძლევს, ჩუმად იყოს მაშინ, როცა სხვები ჰიმნს ასრულებენ, და ამ შემთხვევაში ფეხზე ადგომა ჯეროვანი პატივისცემის გამოხატულება იყო. სასამართლომ სკოლის ადმინისტრაციას უბრძანა, აღედგინათ გარიცხული ბავშვები.

მოსამართლე რედი აღნიშნავს: «ისინი [იეჰოვას მოწმეები], რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ, არასდროს ასრულებენ ეროვნულ ჰიმნს; მაგალითად, „ჯანა განა მანას“ — ინდოეთში, „ღმერთო დაიფარე დედოფალი“ — ბრიტანეთში, „ვარსკლავებით მოჭედილი დროშა“ — შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ ... ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი არ მღერიან ჰიმნს, ისაა, რომ ღრმად სწამთ და დარწმუნებულები არიან, რომ მათი რელიგია ნებას არ რთავთ, თავიანთი ღმერთის, იეჰოვასადმი აღვლენილი ლოცვების გარდა, სხვა რიტუალშიც მიიღონ მონაწილეობა».

გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივ პრეცედენტად იქცა

საქმე „ბიჯო ემანუელი კერალას შტატის წინააღმდეგ“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ საქმემ დაამტკიცა, რომ არაკანონიერია, აიძულო ვინმე, საკუთარი რწმენის წინააღმდეგ წავიდეს. სასამართლომ აღიარა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები არ არის აბსოლუტური და ის დამოკიდებულია საზოგადოებრივ წესრიგზე, ადამიანის ზნეობრიობასა და ჯანმრთელობაზე, მაგრამ სასამართლომ, ამავდროულად, შეუზღუდა შტატს იმის უფლება, რომ თავის მოქალაქეებს თვითნებური და შეუსაბამო შეზღუდვები დაუწესოს. გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო: „თითოეული მოსწავლის იძულება, თავიანთი ღრმა რელიგიური შეხედულებების საპირისპიროდ მოიქცნენ და შეასრულონ სახელმწიფო ჰიმნი ... აშკარად არღვევს მათ უფლებებს, რომლებიც გარანტირებულია [ინდოეთის კონსტიტუციის] მე-19 (1ა) მუხლით და 25-ე (1) მუხლით“.

ეს გადაწყვეტილება აგრეთვე იცავს უმცირესობებისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფლებებს. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა: „არის თუ არა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატია, იმით განისაზღვრება, აქვთ თუ არა უმცირესობებს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის კანონმდებლობით თავიანთი იდენტობა შეინარჩუნონ“. მოსამართლე რედიმ დასძინა: „ჩვენი პირადი შეხედულებები და რეაქციები არ არის არსებითი. თუ ადამიანში ღრმად არის ფესვგადგმული რაღაცის რწმენა და აბსოლუტურად გულწრფელად სწამს ამის, მაშინ მას [კონსტიტუციის] 25-ე მუხლი იცავს“.

„ჩვენი ტრადიცია ტოლერანტობისკენ მოგვიწოდებს, ჩვენი ფილოსოფია ტოლერანტობას ქადაგებს, ჩვენი კონსტიტუცია მხარს უჭერს ტოლერანტობას და მოდი, ჩვენც ნუ გავაუბრალოებთ ამას!“ (მოსამართლე ჩინაპა რედი).

რა გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაზე

საქმე „ბიჯო ემანუელი კერალას შტატის წინააღმდეგ“ ფართოდ გავრცელდა და პარლამენტში განხილვის საგნად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც იურიდიულ სასწავლებლებში სტუდენტებს კონსტიტუციურ კანონს ასწავლიან, ეს საქმე სასწავლო პროგრამაში შედის. ის დღემდე პოვებს გამოხმაურებას იურიდიული ხასიათის ჟურნალ-გაზეთებში, რომლებიც მას ერთ-ერთ ცნობილ და აღიარებულ საქმედ მოიხსენიებენ, საქმედ, რომელმაც ინდოეთში ტოლერანტობის პრეცედენტი შექმნა. ამ გადაწყვეტილებამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, თუ როგორ უნდა განისაზღვროს რელიგიის თავისუფლება პლურალურ საზოგადოებაში. ის უზრუნველყოფს ინდოეთში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერ დროს, როცა კი ამ მეტად ღირებული უფლების დარღვევის საფრთხე იქმნება.

კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა თითოეული ადამიანის ინტერესებს ემსახურება

ემანუელი და მისი ოჯახის წევრები დღეს: ბინუ, ბიჯო და ბინდუ (უკან, მარცხნიდან მარჯვნივ); ვ. ჯ. ემანუელი და ლილიკუტი (წინ)

იყო დრო, როცა ემანუელი და მისი ოჯახის წევრები დაცინვის ობიექტები იყვნენ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ და მეტიც, მათ სიცოცხლეს საფრთხეც კი ემუქრებოდა, მაგრამ ისინი არ ნანობენ, რომ ბოლომდე ასეთი მტკიცე პოზიცია შეინარჩუნეს და თავიანთ რელიგიურ შეხედულებებს უერთგულეს. ემანუელის ერთ-ერთი ქალიშვილი ბინდუ, რომელიც ახლა დაქორწინებულია და თავადაც მშობელი გახდა, ყვება: „ერთხელ, ჩემდა გასაკვირად, შევხვდი ერთ ადვოკატს, რომელიც ერთ დროს იურიდიულ სასწავლებელში ჩემს საქმეს სწავლობდა. მან გულწრფელი მადლიერება გამოთქვა იმისთვის, რომ იეჰოვას მოწმეებმა ასეთი იურიდიული ბრძოლა აწარმოეს, რათა დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები“.

ვ. ჯ. ემანუელი იხსენებს: „ამას წინათ შემთხვევით შევხვდი კ. ტ. ტომასს, რომელიც ერთ დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. როდესაც გაიგო, რომ იმ სამი ბავშვის მამა ვარ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჰიმნის შესრულებასთან დაკავშირებულ საქმეში, მომილოცა და მითხრა, რომ ის ყოველთვის ჰყვება ამ საქმის შესახებ, როცა კი ამის შესაძლებლობა ეძლევა იურისტთა შეკრებაზე, რადგან თვლის, რომ ეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში ერთ-ერთი სერიოზული გამარჯვება იყო!“.

თითქმის 30 წელი გავიდა ამ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და დღემდე საქმე „ბიჯო ემანუელი კერალას შტატის წინააღმდეგ“ ინდოეთში სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია. იეჰოვას მოწმეებს ძალიან უხარიათ, რომ თავიანთი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დაცული ყოფილიყო ინდოეთის ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გათვალისწინებული თავისუფლებები.