2019 წლის 16 აგვისტო
ინდოეთი
წყალდიდობა დასავლეთ ინდოეთში
ახალი ამბები იტყობინება, რომ ინდოეთში წყალდიდობას სულ მცირე 169 ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც ქვეყნის დასავლეთ შტატებში — გუჯარათში, მაჰარაშტრაში, კარნატაკასა და კერალაში ცხოვრობდნენ.
ინდოეთის ფილიალი იტყობინება, რომ წყალდიდობის დროს არც ერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა. მათ დაზიანებებიც არ მიუღიათ. ფილიალმა ზემოთ მოხსენიებულ შტატებზე შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა:
გუჯარათი: ქალაქ ვადოდარაში წყალდიდობის შედეგად 145 მაუწყებელი დაზარალდა. ამ ქალაქში მდებარე მთარგმნელობითი ოფისი, სადაც გუჯარათულ ენაზე ითარგმნება პუბლიკაციები, არ დაზიანებულა.
მაჰარაშტრა: მუმბაიში ექვსი იეჰოვას მოწმე ოჯახის სახლი დაზიანდა. ქალაქ სანგლიში, რომელიც მუმბაის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 378 კილომეტრში მდებარეობს, სახლის დატოვება 25 მაუწყებელს მოუწია. ისინი ახლომდებარე ქალაქში მცხოვრებმა და-ძმებმა შეიფარეს.
კარნატაკა: წყალდიდობის გამო ექვს ოჯახს მოუწია სახლის დატოვება. ფილიალი, რომელიც ამ შტატში მდებარეობს, სტიქიის შედეგად არ დაზიანებულა.
კერალა: დაახლოებით 100-მა ოჯახმა შემაღლებულ ადგილას მცხოვრები და-ძმების სახლებს შეაფარა თავი. სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზარალს ითვლის.
ადგილობრივი ფილიალი ორგანიზებას უწევს სტიქიის ზონაში მცხოვრები და-ძმების დახმარებას. სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილების წარმომადგენლები ბევრს შრომობენ, რომ განსაზღვრონ საჭიროებები და იზრუნონ დაზარალებულ და-ძმებზე. ისინი თანაქრისტიანებს პირველადი საჭიროებებით, მაგალითად სასმელი წყლით უზრუნველყოფენ და სულიერ დახმარებას უწევენ.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვა კვლავაც ამოუდგეს მხარში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს. მთელი გულით ველით დროს, როცა სტიქიურ უბედურებებს „დიდი მშვიდობა“ შეცვლის (ფსალმუნი 37:11).