2020 წლის 4 დეკემბერი
ინდონეზია
იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ოთხ ინდონეზიურ ენაზე
2020 წლის 28 ნოემბერს გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია ოთხ ინდონეზიურ ენაზე ბეჭდური და ელექტრონული ფორმატით. ეს ენებია: ბატაკ კარო, ბატაკ ტობა, ჯავანეს და სიასი ენები. ამ გამოცემების შესახებ ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ჯექსონმა, გამოაცხადა წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში, რომელიც ტრანსლაციით გადაიცემოდა ინდონეზიის კუნძულებზე არსებულ ყველა კრებაში. პროგრამას უყურა დაახლოებით 41 265-მა მაუწყებელმა. იმავე პროგრამაში ძმა ჯეფრი ჯექსონმა გამოაცხადა, რომ გამოსაცემად მზადდებოდა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სუნდა ენაზე ელექტრონული ფორმატით.
ბიბლიის ამ თარგმანებზე მთარგმნელები სამწელიწადნახევარზე მეტ ხანს დაუღალავად შრომობდნენ. 100 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს იმ ოთხი ადგილობრივი ენიდან ერთ-ერთზე მაინც, რომლებზეც ეს ბიბლიები გამოიცა. გარდა ამისა, 2 600-ზე მეტი მაუწყებელი ქადაგებს და ისმენს კრების შეხვედრებს ამ ენებზე.
თანამედროვე დროში ბევრისთვის უცნობია არქაული დამწერლობა და ენები, რომლებზეც მანამდე არსებული ბიბლიის თარგმანები იყო ხელმისაწვდომი. ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: «თანამედროვე ენაზე შესრულებული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს, რომ იეჰოვა ღმერთის სურვილია, ყველა ადამიანმა მოისმინოს მისი სიტყვა ადვილად გასაგებ, მშობლიურ ენაზე».
დანიელ პურნომო, ინდონეზიის ფილიალის კომიტეტის წევრი, ამბობს: „რთულ დროში გვიწევს ცხოვრება; ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა კოვიდ-პანდემიამ. ამ ენებზე მოსაუბრე ჩვენი ძვირფასი და-ძმები ძალიან მადლიერები არიან ამ დროული საჩუქრისთვის“.
იეჰოვას ვემადლიერებით, რომ მისი სიტყვა, რაც შეუფასებელი საჩუქარია, კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ვიმედოვნებთ, რომ ბიბლიური სწავლებები ამ ენებზე მოსაუბრე კიდევ ბევრ ადამიანს წაადგება ცხოვრებაში (იაკობი 1:17).