2021 წლის 24 ივნისი
ინდონეზია
ინდონეზიაში დაზარალებულთა დახმარება და-ძმებს შორის სიყვარულს განამტკიცებს და იეჰოვას განადიდებს
2021 წლის 4 აპრილს, ქარიშხალმა „სეროჯამ“ გამანადგურებელი ზიანი მიაყენა ინდონეზიას. ჩვენი და-ძმების დაუღალავი შრომის შედეგად, არა მხოლოდ თანაქრისტიანების სახლები შეკეთდა, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდა მათ შორის არსებული ძმური სიყვარული და განდიდდა იეჰოვას სახელი გარშემო მყოფთა თვალში.
მარტოხელა დედა, ელა ლუჯიპაუ, რომლის სახლიც და-ძმებმა შეაკეთეს, ამბობს: „მართალია, მარტოხელა დედა ვარ, მაგრამ თავი მარტოდ არასოდეს მიგრძვნია. და-ძმები გამუდმებით მიდგანან მხარში“. კიდევ ერთი და, იულიანა ბაუნსელე ამბობს: „როცა დავინახე, რომ ძმები ასე მალე მოვიდნენ ჩემ დასახმარებლად, უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ იეჰოვა ნამდვილად ზრუნავს ჩემზე“.
ძმა დიკი თომი, რომელიც დაზარალებულთა დახმარების კომიტეტში მსახურობს, აღნიშნავს: „უდიდეს სიხარულს განვიცდი, როცა ვხედავ, როგორ ეხმარება იეჰოვა გასაჭირში მყოფ და-ძმებს. ძალიან გავმხნევდით, როცა დავინახეთ, როგორ გამოხატავდნენ მადლიერებას და-ძმები დახმარების მიღების შემდეგ. ისინი იეჰოვაზე იყვნენ მინდობილნი და სჯეროდათ, რომ ის არ მიატოვებდა თავის მსახურებს. ამის დანახვამ რწმენა გაგვიძლიერა“.
სიყვარული, რომელიც საქმეში ვლინდება, სხვებისთვისაც გახდა შესამჩნევი. ძმა მარსელ ბანუნაეკის სამეზობლოში ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ტომები ცხოვრობენ. მათ იეჰოვას მოწმეების მიმართაც ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. როცა მეზობლებმა დაინახეს, რომ მარსელის ოჯახს სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებმა აღმოუჩინეს დახმარება, ზოგიერთმა თქვა: „სრული სიცრუე ყოფილა ის, რასაც იეჰოვას მოწმეებზე გვეუბნებოდნენ“. ძმა მარსელი აღნიშნავს: „მეზობლები გაოცდნენ, როცა დაინახეს ჩვენ შორის არსებული სიყვარული და ერთობა. ჩვენი და-ძმების სიკეთე არც ჩვენს ნათესავებს დარჩათ შეუმჩნეველი. ახლა ისინი კითხვებს გვისვამენ ჩვენს რწმენაზე. ძალიან მადლიერნი ვართ, რომ ასეთი მოსიყვარულე საძმო გვყავს“.
ერთმა ადგილობრივმა სახელმწიფო მოხელემ, ქალბატონმა იოსი დული ოტუმ, თავის კომენტარში განაცხადა, რომ დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი სამაგალითო იყო ორგანიზებულობისა და კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვის თვალსაზრისით. აღნიშნულ კომიტეტთან საუბრისას მან თქვა: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც თქვენ თქვენი მეგობრებისთვის გააკეთეთ; სასწრაფოდ მიიღეთ ზომები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. სტიქიური უბედურებების დროს თქვენ კარგად ორგანიზებული და სრულად აღჭურვილი ჯგუფი ხართ“.
სტიქიამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქონებას, მაგრამ ნამდვილ ქრისტიანულ სიყვარულსა და ერთობას ის ვერაფერს ავნებს. სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ აძლიერებს ჩვენი „კარგი საქმეები“ ჩვენ შორის არსებულ სიყვარულს და როგორ განადიდებს იეჰოვას სხვების თვალში (მათე 5:16).