2020 წლის 9 ივლისი
იტალია
იეჰოვას მოწმეებმა ხელი შეუწყვეს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესახებ კანონის შემოღებას იტალიაში
არაერთი ქვეყნის მსგავსად იტალიაც აღიარებს საკუთარი მოქალაქეების უფლებას, სინდისის გამო უარი თქვან სამხედრო სამსახურზე. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. იეჰოვას მოწმეებს დიდ ფასად დაუჯდათ, რომ იტალიას ეღიარებინა ადამიანის ეს ძირითადი უფლება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში სამხედრო სამსახურში გაწვევა სავალდებულოდ ითვლებოდა. 1946 წელს, მთელ იტალიაში მხოლოდ 120 იეჰოვას მოწმე იყო. თუმცა დროის სვლასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ადამიანი უძღვნიდა თავს იეჰოვას და შესაბამისად, იზრდებოდა იმ ახალგაზრდა მამაკაცების რიცხვი, რომლებიც სინდისის გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე. ისინი ამ გადაწყვეტილებას იმიტომ იღებდნენ, რომ მტკიცედ სწამდათ ბიბლიური პრინციპების, რომელთა მიხედვითაც ქრისტიანმა უნდა დაიცვას ნეიტრალიტეტი, უარი თქვას ძალადობაზე და უყვარდეს მოყვასი.
იტალიის ფილიალმა ახლახან მოიძია ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ მათგან, ვინც სინდისის გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, სულ მცირე, 14 180 ძმა დღეს ცოცხალია. ამ ძმებმა მთლიანობაში 9 732 წელი გაატარეს ციხეში, უმეტესობამ 1965—1998 წლებში.
იტალიის ქალაქ ტურინში მოღვაწე ისტორიკოსი, სერხიო ალბესანო, რომელიც ანტიმილიტარიზმის თეორიას სწავლობს, ამბობს, რომ „იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც სასჯელს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იხდიდნენ, უმეტესობა იეჰოვას მოწმე იყო“. ის დასძენს, რომ იეჰოვას მოწმეების მტკიცე პოზიციის წყალობით „საზოგადოებამ დაინახა ქვეყანაში არსებული პრობლემა“.
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ჯულიო ანდრეოტიმ, 1960-იან წლებში, როდესაც თავდაცვის მინისტრის პოზიცია ეკავა, გადაწყვიტა, პირადად გასაუბრებოდა ზოგიერთ მოწმეს, რათა გაეგო, სინამდვილეში, რატომ ამბობდნენ ისინი უარს სამხედრო სამსახურზე. მოგვიანებით მან დაწერა: „გავოცდი, როცა გავიგე, რომ ამ ხალხს ნამდვილად რელიგიური მოტივები აღძრავდა, მონაწილეობა არ მიეღოთ პოლიტიკურ სპეკულაციებში. სწორედ რელიგია იყო მიზეზი, რის გამოც ისინი არაერთ წელს ციხეში ატარებდნენ და მტკიცე უარს ამბობდნენ სამხედრო უნიფორმის ტარებაზე“.
იტალიაში 1972 წელს მიიღეს პირველი კანონი, რომელიც აღიარებდა მათ უფლებებს, ვინც უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე. მართალია, კანონი ითვალისწინებდა ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს, მაგრამ ეს სამსახური სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში იყო. ამიტომ იეჰოვას მოწმეებისთვის ამ სამსახურის გავლა მიუღებლად ითვლებოდა.
ბოლოს, 1998 წლის 8 ივლისს, იტალიის მთავრობამ შემოიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო სამსახურისგან დამოუკიდებელ ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს. იეჰოვას მოწმეები ახლა უკვე შეძლებდნენ ამ სამსახურის გავლას. 2004 წლის აგვისტოში იტალიამ შეიმუშავა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც მამაკაცებს აღარ მოეთხოვებოდათ სამხედრო სამსახურის გავლა. ეს კანონი ძალაში 2005 წლის იანვარში შევიდა.
რომის საპიენსას უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორი და იურისტი სერხიო ლარიჩია ერთ-ერთია იმ მრავალ ექსპერტთა შორის, რომლებიც აღიარებენ იეჰოვას მოწმეთა წვლილს იტალიის იურისპრუდენციის განვითარებაში. ის ამბობს: „წარსულში სამხედრო კაპელანები ამბობდნენ, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა სამშობლოს ღალატი და შეურაცხყოფა იყო, და რომ ასეთ დამოკიდებულებას საერთო არაფერი ჰქონდა ქრისტეს მცნებასთან, სიყვარულთან. მათი აზრით, ამაზე უარს მხოლოდ მხდალი ადამიანები თუ იტყოდნენ. მაგრამ სწორედაც რომ იეჰოვას მოწმეების მტკიცე პოზიციის წყალობით გახდა შესაძლებელი ამ საკითხთან მიმართებით შეცვლილიყო საზოგადოების ხედვა და კანონი იტალიაში“.
ჩვენი ძმების მყარ პოზიციას მხოლოდ იტალიის კანონმდებლობაზე როდი მოუხდენია გავლენა. იეჰოვას მოწმე პატიმრების საქციელზე დაკვირვებამ ციხის რამდენიმე მცველი აღძრა, გამხდარიყო იეჰოვას მოწმე. მათ შორის ერთ-ერთია ჯუზეპე სერა. იგი იხსენებს: „ახალგაზრდა მოწმეების საქციელმა გადამაწყვეტინა, ბიბლიის შესწავლის დაწყება“. ის 1972 წელს მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა (იხილეთ ქვემოთ მოცემული ჩარჩო).
ძალიან გვამხნევებს იტალიაში მცხოვრები ჩვენი ძმებისა და მათი ოჯახების, აგრეთვე მსოფლიო საძმოს, გაბედულების მაგალითები, რომლებიც უკვე თაობებია მტკიცედ იცავენ ნეიტრალიტეტს და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ღვთის კანონს, აღარ ისწავლონ ომი (ესაია 2:4).