არჩეულ მასალაზე გადასვლა

26 მაისი, 2020
იტალია

ინტერვიუ იტალიელ ექიმთან

ინტერვიუ იტალიელ ექიმთან

ძმა ჯანდომენიკო მეუღლესთან და თავის გოგონასთან ერთად

ძმა ჯანდომენიკო გულა, რომელიც ქალაქ კომოს (იტალია) ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა კორონავირუსის პანდემიის (კოვიდ-19) დროს. თუმცა მას ძლიერი რწმენა ეხმარება, სიმშვიდე შეინარჩუნოს და სხვებიც ანუგეშოს (2 კორინთელები 1:4). ძმა ჯანდომენიკო იტალიის ფილიალის საინფორმაციო განყოფილებას რამდენიმე საინტერესო შემთხვევას მოუყვა.

ქვემოთ მოცემული ინტერვიუ შემოკლებული და ოდნავ სახეცვლილია მეტი სიცხადისთვის.

რა რეალობის წინაშე დგახართ ამ პანდემიის დროს?

ჯანდომენიკო გულა: ჩვენს საავადმყოფოში ისე სწრაფად შეიცვალა ყველაფერი, თითქოს ცუნამმა გადაგვიარა. მთლიანი საავადმყოფო კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მიმღებ ცენტრად გადაკეთდა. პაციენტები იზოლირებულები არიან. ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს მათი მონახულება ეკრძალებათ. ამიტომ ტელეფონით ვატყობინებ მათ თავიანთი ახლობლების მდგომარეობის შესახებ. ერთხელ შუაღამით მომიწია პაციენტის შვილთან დარეკვა და იმის თქმა, რომ მამა უკვდებოდა. ვიდეოზარით დავუკავშირდი, რომ შვილს უკანასკნელად ენახა მამამისი, რომელიც უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ძალიან მძიმე სურათი იყო.

როგორ განუგეშებთ ღვთის სიტყვა?

ჯანდომენიკო გულა: ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად უიმედოდ და უმწეოდ გრძნობენ თავს, მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ეს იმის დამსახურებაა, რომ ღვთის სიტყვის კვლევას კვლავაც განვაგრძობ. თვალნათლივ ვხედავ, რომ იეჰოვა რთული პერიოდისთვის გვამზადებს. მესმის, რომ ეს პანდემიაც ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებაზე მიუთითებს, რაც მეხმარება, სათანადოდ შევაფასო სიტუაცია და სასოწარკვეთილებას არ მივეცე. რწმენა უფრო და უფრო მიმტკიცდება.

თქვენ როგორ ანუგეშებთ სხვებს?

ჯანდომენიკო გულა: ღვთის სულის ძალას განსაკუთრებულად ვგრძნობ. ვცდილობ, ოჯახსაც დავუდგე გვერდით, თანამშრომლებსაც და იმ და-ძმებსაც, რომლებსაც პანდემიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ გრძნობს თქვენი ოჯახი იეჰოვას მხარდაჭერას?

ჯანდომენიკო გულა: მართალია, საავადმყოფოში დიდ დროს ვატარებ, მაგრამ ვცდილობთ, რომ სულიერ განრიგს არ ჩამოვრჩეთ. ერთობლივად ღვთის სიტყვის კვლევა ჩემს მეუღლესაც აძლიერებს. უფრო ერთსულოვნები გავხდით. ოჯახური თაყვანისცემა ჩვენს გოგონაზეც დადებითად აისახება, რომელსაც მალე სამი წელი შეუსრულდება. ისიც კი გრძნობს, რომ რაღაც ხდება და თავის წუხილს ასე გამოხატავს: „არ მინდა, რომ მამიკო სამსახურში წავიდეს; იქ კორონავირუსია“. ზოგჯერ ამბობს: „მეშინია, რომ მამა აღარ დაბრუნდება“. მის დასამშვიდებლად ჩვენს სიმღერებს ვმღერით ხოლმე და მაშინვე კარგ ხასიათზე დგება.

შეგიძლიათ გვიამბოთ, როგორ ეხმარებით თქვენს ერთ თანამშრომელს?

ჯანდომენიკო გულა: ჩემს განყოფილებაში ერთმა ჩემმა კოლეგამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის რამდენიმე წლის წინ ერთ საავადმყოფოში გავიცანი, სადაც ერთ დროს ვმუშაობდი. სწორედ იქ შედგა რელიგიაზე ჩვენი საუბარი. მან პანდემიამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო ბიბლიის შესწავლა და გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე მიეყვანა. ამჟამად შესწავლას ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ხანდახან კვირაში ორჯერაც კი ვატარებთ. უზომოდ გამახარა მისმა სიტყვებმა: „ბიბლიამ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ახლა თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ. ბევრ ჩემს კითხვას პასუხი გაეცა. გავიგე, რა არის ცხოვრების აზრი და რატომ დაგვატყდა პანდემია. რწმენა, რომელსაც ახლა ვიძენ, მეხმარება, მქონდეს სტაბილურობის განცდა და მომავლის იმედი“.

დანიელა სგრევა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ძმა ჯანდომენიკო გულას დახმარებით გამოჯანმრთელდა

კრების წევრებს როგორ უდგახართ მხარში?

ჯანდომენიკო გულა: სამწუხაროდ, ჩემს კრებაში ერთ დას, დანიელა სგრევას, კოვიდ-19 დაუდგინდა. ის ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. ორ ძმას დავუკავშირდი, რომლებსაც სასწრაფო დახმარების მანქანა ჰყავდათ და მის გადაყვანაზე ვიზრუნეთ. ძმებს 50-ზე მეტი კილომეტრის გავლა მოუწიათ ამ დის სახლამდე მისასვლელად. მას ძალიან გაუხარდა ძმების დანახვა. საავადმყოფოში მე დავხვდი. დანიელა საგრძნობლად დამშვიდდა, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მისი თანაქრისტიანები, არამედ მედპერსონალის წარმომადგენლებიც ვიყავით. ის ძალიან ანუგეშა და-ძმების სიყვარულმა და მხარდაჭერამ. დანიელამ ასე გამოხატა მადლიერება: „ვიცოდი, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე, მაგრამ იმან, რაც ჩემ გარშემო ხდება, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!“.

ყოველდღე უფრო მეტად ვარ იეჰოვაზე და მის ძალაზე მინდობილი. როცა სამსახურში მივდივარ და უკან ვბრუნდები, მანქანაში ყოველთვის ჩართული მაქვს ჩვენი სიმღერები, რაც მაძლიერებს და მხნეობას მმატებს. ვემადლიერები იეჰოვას ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს. როცა ვუსმენ სიმღერას „იეჰოვა მუდამ ჩვენ გვერდით დგას“, მეც ვიმეორებ სიტყვებს: „ჩემ გვერდით იეჰოვა დგას ... ხელს ჩამჭიდებს, გამაგებინებს, რომ მსხვერპლზე წასვლა ღირს“.