არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 23 მაისი
იტალია

პადუას უნივერსიტეტი მასპინძლობს ისტორიული მნიშვნელობის კონფერენციას, სადაც განიხილება უსისხლო მკურნალობის სფეროში მიღწეული წინსვლები

პადუას უნივერსიტეტი მასპინძლობს ისტორიული მნიშვნელობის კონფერენციას, სადაც განიხილება უსისხლო მკურნალობის სფეროში მიღწეული წინსვლები

2017 წლის 24 ნოემბერს, პარასკევს, მედიცინის მუშაკები, ბიოეთიკოსები და იურისტები შეიკრიბნენ რომში, პადუას უნივერსიტეტში, რომელიც მეორე უძველესი უნივერსიტეტია იტალიაში. ისინი დაესწრნენ კონფერენციას, სახელწოდებით „ზრდასრული პაციენტები უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე: რა ალტერნატიული საშუალებები არსებობს? — სისხლის დაზოგვა 2017“. კონფერენცია გაიმართა იტალიის 25 სამეცნიერო საზოგადოებისა და ასოციაციის, აგრეთვე, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

დოქტორი ლუკა უელტერტი

ტრადიციულად, სისხლის გადასხმას მიიჩნევენ უსაფრთხო და სიცოცხლის გადამრჩენ ერთადერთ საშუალებად იმ პაციენტებისთვის, რომელთაც უტარდებათ რთული სამედიცინო და ქირურგიული პროცედურები. თუმცა მომხსენებელთაგან ბევრმა საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვა. ერთ-ერთმა მოწვეულმა ექსპერტმა, დოქტორმა ლუკა უელტერტმა, რომში არსებული „ევროპის ჰოსპიტლის“ კარდიოქირურგმა, აღნიშნა: „ფაქტები ცხადყოფს, რომ სისხლის გადასხმა შეიძლება სავალალო შედეგებით დასრულდეს და რომ უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ არსებობს სისხლის გადასხმის საჭიროება“.

ამ დასკვნამდე დოქტორ უელტერტი და პროგრამაში ჩართული მედიცინის სხვა მუშაკები პირადი სამედიცინო გამოცდილებისა და იმ კვლევების საფუძველზე მივიდნენ, რომელთა შედეგადაც დადგინდა, რომ სისხლის გადასხმა პირდაპირ კავშირშია პაციენტთა სიკვდილიანობისა და ავადობის მაღალ მაჩვენებელთან, საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობასთან და ჯანმრთელობის სხვა სერიოზულ რისკებთან. a

„ფაქტები ცხადყოფს, რომ სისხლის გადასხმა შეიძლება სავალალო შედეგებით დასრულდეს და რომ უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ არსებობს სისხლის გადასხმის საჭიროება“ (დოქტორი ლუკა უელტერტი, კარდიოქირურგი, „ევროპის ჰოსპიტალი“, რომი).

ამ მეცნიერულმა მტკიცებულებებმა და იმ ფაქტმა, რომ სისხლის გადასხმა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, 2010 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იმისკენ აღძრა, რომ სერიოზული ყურადღება მიეპყრო პაციენტთა სისხლის მართვის სტრატეგიებისთვის. ეს არის საკითხისადმი მრავალპროფილური და კომპლექსური მიდგომა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პაციენტის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ხელს უწყობს ქირურგიული ოპერაციების უკეთესი შედეგებით დასრულებას და მინიმუმამდე დაჰყავს სისხლის გამოყენება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოსცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს გაერთიანებული ერების 193 წევრ ქვეყანას, დანერგოს პაციენტთა სისხლის მართვის სტრატეგიები.

პროფესორი სტეფანია ვალიო

პროფესორმა სტეფანია ვალიომ, სანტ-ანდრეას (რომი) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლის გადასხმის მედიცინის უფროსმა, ამომწურავად ისაუბრა პაციენტთა სისხლის მართვის სტრატეგიებზე. მან აღნიშნა, რომ წარსულში სამედიცინო მკურნალობა მთლიანად დამოკიდებული იყო დონორის სისხლის განკარგვასა და გამოყენებაზე, მაგრამ ახლა მთელი ყურადღება თავად პაციენტის სისხლზეა გადატანილი“. პაციენტთა სისხლის მართვის (PBM) ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ „მინიმუმამდე შემცირდეს სისხლის დანაკარგი ... ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დაიზოგოს პაციენტის სისხლი“. პროფესორმა ვალიომ აგრეთვე განმარტა, რომ სამედიცინო მეთოდების გამოყენებით პაციენტის სისხლის შენახვა „სინამდვილეში მკურნალობის უკეთესი მეთოდია“.

დოქტორმა ტომასო კამპანარომ, ვერონის საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადმა ქირურგმა, ისაუბრა იმ დადებით შედეგებზე, რომლებიც უსისხლო მკურნალობას მოჰყვება. მას შემდეგ, რაც შეამოწმა იმ პაციენტთა მონაცემები, რომელთაც 1990-იანი წლების ბოლოს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს რთული ქირურგიული ოპერაციები, დოქტორმა კომპანარომ დაასკვნა: „იმ პაციენტებში, რომლებმაც უარი თქვეს სისხლის გადასხმაზე, ნაკლებ გართულებებსა და სიკვდილიანობას ჰქონდა ადგილი, ვიდრე მათ შემთხვევაში, ვინც სისხლი გადაისხა“.

„იმ პაციენტებში, რომლებმაც უარი თქვეს სისხლის გადასხმაზე, ნაკლები იყო გართულებები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ვიდრე მათ შემთხვევაში, ვინც სისხლი გადაისხა“ (ტომას კამპანარო, ზოგადი ქირურგი, „ვერონის საუნივერსიტეტო კლინიკა“).

ასოცირებული პროფესორი: ანნა აპრილე

დოქტორმა კამპანარომ და რამდენიმე სხვა მომხსენებელმა საჯაროდ გადაუხადეს მადლობა იეჰოვას მოწმეებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყვეს ექიმებს, განევითარებინათ სისხლის გადასხმის ალტერნატიული მეთოდები. ანნა აპრილემ, პადუას უნივერსიტეტის სამედიცინო კანონმდებლობის ასოცირებულმა პროფესორმა, აღნიშნა: „ჩვენ ვემადლიერებით იეჰოვას მოწმეებს, რომელთაც წინ წამოსწიეს უსისხლო მკურნალობის საკითხი; ისინი სხვებსაც ეხმარებოდნენ, დაფიქრებულიყვნენ ამ საკითხზე და დაეძლიათ სირთულეები, რომლებიც უსისხლო მკურნალობასთან დაკავშირებით იჩენდა თავს“.

„ჩვენ ვემადლიერებით იეჰოვას მოწმეებს, რომელთაც წინ წამოსწიეს უსისხლო მკურნალობის საკითხი; ისინი სხვებსაც ეხმარებოდნენ, დაფიქრებულიყვნენ ამ საკითხზე და დაეძლიათ სირთულეები, რომლებიც უსისხლო მკურნალობასთან დაკავშირებით იჩენდა თავს“ (ანნა აპრილე, სამედიცინო კანონმდებლობის ასოცირებული პროფესორი, „პადუას უნივერსიტეტი“).

მორგანის ლექციაზე დამსწრეები ისმენენ ერთ-ერთ პრეზენტაციას პადუას უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში

კონფერენციის მომხსენებლებმა ისაუბრეს მედიცინის ისეთ დარგებზე, როგორიცაა: ანესთეზიოლოგია, კარდიოლოგია, გინეკოლოგია, ჰემატოლოგია, ონკოლოგია და ორთოპედია. თუმცა მთავარი თემა ერთი იყო: ექსპერტთა კვლევებისა და გამოცდილების საფუძველზე პაციენტის სისხლის მართვის სტრატეგიების შესახებ ინფორმირებულ უნდა იყოს ყველა — მედიცინის მუშაკები, კანონმდებლები თუ საზოგადოების სხვა წევრები.

დოქტორი უელტერტი დასძენს: „აორტის განშრევების ოპერაცია ურთულეს ქირურგიულ ჩარევად ითვლება ... თუ [ამ] ოპერაციის გაკეთება შეიძლება სისხლის გამოყენების გარეშე, მით უფრო — ნებისმიერი სხვა ოპერაციის“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

იტალია: კრისტიან დი ბლასიო, + 39-06-872941

a კონფერენციის დროს აგრეთვე განიხილეს დასავლეთ ავსტრალიაში ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ერთ-ერთ წამყვან ჟურნალში, სახელწოდებით „სისხლის გადასხმა“. კვლევის ორგანიზატორები აღწერენ ფართომასშტაბიანი, ექვსწლიანი ინიციატივის შედეგებს, რათა დანერგონ პაციენტის სისხლის მართვის სტრატეგიები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში. მათ შეისწავლეს იმ 605 046 პაციენტის მონაცემები, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ ოთხ წამყვან მაღალსპეციალიზირებულ კლინიკაში. კვლევის პერიოდში მათ სისხლის შემცველი მედიკამენტების გამოყენება 41 პროცენტით შეამცირეს. ამ დროის განმავლობაში აგრეთვე 28 პროცენტით შემცირდა სიკვდილიანობის შემთხვევები კლინიკაში, საშუალოდ 15 პროცენტით შემცირდა პაციენტების კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, 21 პროცენტით შემცირდა კლინიკაში დაინფიცირების შემთხვევები და 31 პროცენტით — გულის შეტევისა და ინსულტის შემთხვევები. პაციენტის სისხლის მართვის სტრატეგიების დანერგვა პირდაპირ კავშირშია პაციენტის გამოჯანმრთელებასთან, სისხლის შემცველი მედიკამენტების მოხმარებასა და შესაბამისად, ხარჯების შემცირებასთან.