არჩეულ მასალაზე გადასვლა

მილანის სააპელაციო სასამართლო (იტალია)

2020 წლის 12 ნოემბერი
იტალია

იტალიის სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმე მშობლების უფლებებს შვილების მკურნალობის მეთოდების არჩევასთან დაკავშირებით

იტალიის სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმე მშობლების უფლებებს შვილების მკურნალობის მეთოდების არჩევასთან დაკავშირებით

მილანის (იტალია) სააპელაციო სასამართლომ არც ისე დიდი ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმე მშობლების სასარგებლოდ საქმეზე, რომელიც ეხებოდა მათი შვილის მკურნალობას. ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სასამართლოებს არ აქვთ უფლება, ეჭვქვეშ დააყენონ მშობლების ავკარგიანობა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი თავიანთი მტკიცე რელიგიური შეხედულებების საფუძველზე შვილებისთვის უსისხლო მკურნალობას ითხოვენ, რაც დონორის სისხლის გამოყენებაზე უარის თქმას გულისხმობს.

2019 წლის სექტემბერში იეჰოვას მოწმე წყვილმა საავადმყოფოში მიიყვანა ათი თვის გოგონა, რომელსაც დაცემის შედეგად სხეულის დაზიანება ჰქონდა მიღებული. გამოკვლევებით დადგინდა, რომ თავის ტრავმამ გამოიწვია სუბდურალური ჰემატომის განვითარება, რაც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვდა. ექიმებმა წარმატებით ჩაატარეს ოპერაცია სისხლის გადასხმის გარეშე.

მართალია, ბავშვის რეაბილიტაციის პროცესი სტაბილურად მიმდინარეობდა და მის სიცოცხლესაც არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ექიმმა მშობლებისგან ბავშვისთვის სისხლის გადასხმაზე თანხმობა ითხოვა, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს მისთვის „დამხმარე თერაპია“ იქნებოდა. მშობლებმა მოითხოვეს, რომ სისხლის ნაცვლად ფართოდ გავრცელებული ალტერნატიული საშუალებები გამოეყენებინათ.

მშობლების მოთხოვნის გათვალისწინების ნაცვლად, ექიმი პოლიციას და პროკურატურას დაუკავშირდა. პროკურატურამ საოჯახო საქმეთა სასამართლოსგან მოიპოვა სასამართლო ორდერი, რომელიც ზღუდავდა მშობლების იურიდიულ უფლებამოსილებას და ბავშვის მკურნალობის უფლებამოსილებას გადასცემდა საავადმყოფოს დირექტორს. მიუხედავად ამისა, ბავშვისთვის სისხლი არ გადაუსხამთ, რადგან ექიმების გადაწყვეტილებით ამის საჭიროება არ არსებობდა.

ამ შემთხვევამ მედია-საშუალებების ყურადღება მიიპყრო. იტალიაში ბევრმა ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოს გოგონას გადარჩენა მოხერხდა სასამართლო გადაწყვეტილების წყალობით, რომლის თანახმადაც სისხლის გადასხმის უფლებამოსილება საავადმყოფოს მიენიჭა.

2020 წლის 10 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საოჯახო საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილება მშობლების იურიდიული უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საოჯახო საქმეთა სასამართლოს არ ჰქონდა სასამართლო ორდერის გაცემის უფლება და არც ამ საქმის განხილვაზე გააჩნდა რაიმე უფლებამოსილება.

მილანის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „რელიგიური შეხედულებების საფუძველზე მშობლების მიერ სისხლის გადასხმაზე უარის თქმა ვერ იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ ისინი ცუდი მშობლები არიან და, რომ მათ არ აქვთ უფლება, თავად აირჩიონ მკურნალობის მეთოდები შვილებისთვის“. იტალიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამმა სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმე მშობელთა უფლებას, მოითხოვონ უსისხლო მკურნალობის მეთოდები შვილებისთვის.

მნიშვნელოვანია, იურიდიულ და სამედიცინო უწყებებს კარგად ესმოდეთ, რომ იეჰოვას მოწმეები არ მიმართავენ რწმენით განკურნების მეთოდებს და არც სამედიცინო მკურნალობაზე ამბობენ უარს. სინამდვილეში, ისინი მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს ირჩევენ თანამედროვე, შესაბამისი აპარატურით აღჭურვილ კლინიკებში, სადაც პატივს სცემენ და ითვალისწინებენ მათ რელიგიურ შეხედულებებს. მოწმეები უბრალოდ სთხოვენ ექიმებს, რომ სისხლის გამოყენების გარეშე უმკურნალონ მათ. მსოფლიოს უმეტეს კლინიკაში წამყვანი ექიმები თანხმდებიან ამ გამოწვევას და პაციენტებს სთავაზობენ უსისხლო მკურნალობას, რაც საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა.

გვიხარია, რომ ამ სასამართლო გადაწყვეტილებების წყალობით ჩვენს და-ძმებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეარჩიონ შესაბამისი მკურნალობის მეთოდები შვილებისთვის (საქმეები 15:29).