არჩეულ მასალაზე გადასვლა

იუსტიციის სასახლე რომში, სადაც იტალიის უზენაესი (საკასაციო) სასამართლო მდებარეობს

2019 წლის 1 ოქტომბერი
იტალია

იტალიის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს მეურვეობაში მყოფი ბავშვის უფლებას, თანაბრად მიიღოს რელიგიური განათლება ორივე მშობლისგან

იტალიის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს მეურვეობაში მყოფი ბავშვის უფლებას, თანაბრად მიიღოს რელიგიური განათლება ორივე მშობლისგან

2019 წლის 30 აგვისტოს ქალაქ რომში გამოქვეყნდა უზენაესი (საკასაციო) სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მეურვეობაში მყოფი ბავშვისა და მშობლების უფლებებთან დაკავშირებით. იტალიის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმე დედას, თავისი რელიგიური ფასეულობებით აღზარდოს მცირეწლოვანი შვილი.

ბავშვის მამა, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე და ბავშვის დედასთან განქორწინებულია, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ბავშვი მხოლოდ მამის რელიგიური შეხედულებებისამებრ უნდა აღზრდილიყო. ქვედა ინსტანციის ორმა სასამართლომ გადაწყვეტილება მამის სასარგებლოდ გამოიტანა და დაადგინა, რომ სხვა რელიგიური შეხედულებების სწავლება ბავშვისთვის „დამაბნეველი“ იქნებოდა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განაცხადა, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის უფლებამოსილი, არასრულწლოვან შვილს თავიანთი რელიგიური შეხედულებები გაუზიარონ. უზენაესმა სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა რელიგიური მიმდინარეობა თანაბარი პატივისცემით უნდა სარგებლობდეს. უზენაესმა სასამართლომ დაგმო ქვედა ინსტანციის სასამართლოები, ვინაიდან მათ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა იეჰოვას მოწმეებზე წინასწარ შექმნილმა მცდარმა აზრმა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ მშობლებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ შვილების რელიგიურ განათლებასთან დაკავშირებით, მოსამართლეს არ აქვს უფლება, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე რელიგიას.

ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტი მეურვეობაში მყოფი ბავშვების საქმეებთან დაკავშირებით იტალიაში. ეს ნამდვილად სასიკეთო იქნება იმ მშობლებისთვის, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი შვილები იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ (ეფესოელები 6:4).