არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 26 სექტემბერი
იტალია

ნაცისტების მიერ იეჰოვას მოწმეების დევნის ისტორიის ამსახველი მემორიალური დაფა იტალიაში

ნაცისტების მიერ იეჰოვას მოწმეების დევნის ისტორიის ამსახველი მემორიალური დაფა იტალიაში

მემორიალური დაფა, რომელიც რისიერა დი სან საბაში, ქალაქ ტრისტში გაიხსნა. იეჰოვას მოწმეები საკონცენტრაციო ბანაკებში ტანსაცმელზე მიკერებული იისფერი სამკუთხედებით ამოიცნობოდნენ.

2019 წლის 10 მაისს ხელისუფლების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები და ასობით სხვა სტუმარი დაესწრო გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იყო ნაცისტების მიერ იეჰოვას მოწმეების დევნის ამსახველი მასალები. ღონისძიება გაიმართა რისიერა დი სან საბაში (ჩრდილოეთ იტალიის ქალაქი ტრიესტი), ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში, რომელშიც ომამდე ბრინჯის წისქვილი იყო განთავსებული. ეს ბანაკი იყო ერთადერთი ბანაკი იტალიაში, რომელსაც კრემატორიუმი ჰქონდა. ღონისძიებამ არაერთი საინფორმაციო სამსახურის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის მე-5 არხის, რომელიც ყველაზე რეიტინგული არხია იტალიაში.

კრისტიან დი ბლასიომ, იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელმა, ღონისძიება გახსნა მოხსენებით, რომელიც ერთგულებას ეხებოდა. მან აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი ერთადერთი იყო, რომელიც მესამე რაიხის დროს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური მრწამსის გამო იდევნებოდა. ეს აგრეთვე იყო ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა, თავიდან აერიდებინა დევნა. მათგან მხოლოდ ის მოითხოვებოდა, რომ უარი ეთქვათ რწმენაზე და მხარი დაეჭირათ არსებული რეჟიმისთვის. მიუხედავად ამისა, მათ ეყოთ გამბედაობა, შეენარჩუნებინათ ქრისტიანული ფასეულობები — ღვთისადმი ერთგულება და მოყვასის სიყვარული“. შემდეგ ძმა დი ბლასიომ აუდიტორიას ემა ბაუერის ვიდეო ინტერვიუ აჩვენა, რომელშიც ის მოგვითხრობს, თუ რის გადატანა მოუწია მის ოჯახს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მან აღნიშნა, რომ ნამდვილი ქრისტიანი სიკვდილის პირისპირ ყოფნის დროსაც კი არ დათმობს რელიგიურ ფასეულობებს. ღონისძიების დასასრულს აუდიტორიას სიტყვით ქალაქ ტრიესტის მერმა, რობერტო დიპიაცამ, მიმართა. მან თქვა: „მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ ღონისძიებას. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმ მიმართულებით, რომ მსგავსი დევნები აღარასოდეს განმეორდეს“. ამის შემდეგ მემორიალი ოფიციალურად გაიხსნა.

მრავალმა ცნობილმა ადამიანმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება. მაგალითად, ჯორჯო ბუჩარდიმ, იტალიური ევანგელისტური ფედერაციის ეკლესიის ყოფილმა პრეზიდენტმა, აღნიშნა: „არცერთ ეკლესიას არ გაუღია ისეთი სისხლიანი მსხვერპლი, როგორიც იეჰოვას მოწმეებმა. სასტიკმა განსაცდელებმა კიდევ უფრო გააძლიერა ამ რელიგიის წარმომადგენლები, რომლებმაც დაუმტკიცეს საზოგადოებას, და გვჯერა, ღმერთსაც, რომ წარმოადგენდნენ ერთადერთ რელიგიას, რომელიც ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა ნაცისტურ ფილოსოფიას მესამე რაიხის პერიოდში“.

ამ მემორიალს ყოველწლიურად, სავარაუდოდ, 120 000 ადამიანი ესტუმრება. ყოველ სტუმარს ექნება შესაძლებლობა, ნახოს ეს მემორიალი; იგი იმ ათასობით მოწმის საპატივცემულოდ გაიხსნა, რომლებმაც ნაცისტების მხრიდან მრავალი დევნის მიუხედავად შეინარჩუნეს რწმენა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი (გამოცხადება 2:10).