2020 წლის 9 აპრილი
იტალია
პანდემიის მიუხედავად იტალიაში მცხოვრები და-ძმები სულიერ მხნეობას არ კარგავენ
იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ყველაზე მეტად მძვინვარებს. ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით იტალიის ფილიალი სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს ჩვენს და-ძმებს.
სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების სამი კომიტეტი ზრუნავს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში მცხოვრებ და-ძმებზე. ადგილობრივი კრებების უხუცესები რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას სარაიონო ზედამხედველებს თითოეული და-ძმის საჭიროებების შესახებ, სარაიონო ზედამხედველები კი ამ ინფორმაციას გადასცემენ აღნიშნულ კომიტეტებს, რათა სათანადო დახმარება გაეწიოთ გასაჭირში მყოფ და-ძმებს.
ადგილობრივი უხუცესები იმაზეც ზრუნავენ, რომ მაუწყებლები არ ჩამორჩნენ სულიერ განრიგს. ერთი სარაიონო ზედამხედველი, უილიამ ბოჩელი, რომელიც მსახურობს ქალაქ მილანთან ახლოს, სადაც ეპიდაფეთქება მოხდა, ასეთ რამეს აღნიშნავს: „მართალია, და-ძმები თავიანთ სახლებში რჩებიან, მაგრამ ისინი ერთმანეთთან კავშირს არ წყვეტენ. ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისინი კრების შეხვედრებსაც ესწრებიან და ერთმანეთსაც ამხნევებენ. შეხვედრების ასეთი სახით მოსმენა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობა ხანდაზმულ და-ძმებსაც ძალიან მოსწონთ. ჩემი აზრით, კრებები ასე გაერთიანებული არასოდეს ყოფილა“.
გარდა ამისა, კრების შეხვედრებს ჩვენი თანაქრისტიანების ის ნათესავებიც ისმენენ, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. ერთი და ამბობს: «ჩემს ქმარს ერთხელაც კი არ გასჩენია კრებაზე წამოსვლის სურვილი, მაგრამ ახლა კრება „თვითონ მოვიდა“ მასთან. და იცით, მას მოსწონს ჩვენი შეხვედრები»“.
და-ძმები ხელიდან არ უშვებენ ქადაგების შესაძლებლობას. მაგალითად, ერთ დას მანქანით ხანდაზმული დისთვის ინვალიდის ეტლი მიჰქონდა. საკონტროლო პუნქტთან ის სამმა პოლიციელმა გააჩერა. დამ პოლიციელებს აუხსნა, რომ მოხუცი ქალბატონის დასახმარებლად მიდიოდა და მათ გადაადგილების ნებართვა აჩვენა. ამის შემდეგ დამ სამივე მათგანს შესთავაზა ბუკლეტები: „როგორი მომავალი გველის?“ და „დასრულდება ოდესმე ტანჯვა?“. პოლიციელებმა ბუკლეტები აიღეს. უკანა გზაზე მათ კიდევ გააჩერეს ჩვენი და. ამჯერად მათ კითხვები დაუსვეს დას მომავალთან დაკავშირებულ ბიბლიურ იმედზე და მადლობა გადაუხადეს. მათ მოსასმენად ორ სხვა პოლიციელსაც დაუძახეს. გახარებულმა დამ მათ ჩვენს ვებგვერდზე, jw.org-ზე, გაუმახვილა ყურადღება. ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ასეთი რამ უთხრა: „მადლობა ქალბატონო, რომ დღე გაგვიხალისეთ“.
ძმა უილიამი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ და-ძმების გამხნევება და ნუგეში ჩემი პასუხისმგებლობაა, მე აქეთ გავმხნევდი, როცა დავინახე მათი სიმტკიცე და ძლიერი რწმენა. იეჰოვასადმი მათი წრფელი და უდიდესი სიყვარული გულს მიჩუყებს. და-ძმები ნამდვილად ძვირფას საჩუქარს წარმოადგენენ იეჰოვასგან, რომელთა გარეშეც ცხოვრებას ფასი არ ექნებოდა!“.
აშკარაა, რომ ჩვენი და-ძმები ინარჩუნებენ სულიერ წონასწორობასა და სიმტკიცეს ამ გასაჭირის დროს (1 თესალონიკელები 3:2, 3).