არჩეულ მასალაზე გადასვლა

სააპელაციო სასამართლო რომში

2020 წლის 7 თებერვალი
იტალია

რომის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს მშობლების უფლებას, აირჩიონ უსისხლო მკურნალობა შვილებისთვის

რომის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს მშობლების უფლებას, აირჩიონ უსისხლო მკურნალობა შვილებისთვის

2019 წლის 17 დეკემბერს რომის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩვენს დას დროებით შეუჩერდა მეურვეობის უფლება, რადგან მან უარი თქვა მისი ვაჟისთვის სისხლის გადასხმაზე. სააპელაციო სასამართლომ ჩვენს დას არა მარტო მეურვეობის უფლება აღუდგინა, არამედ ბრალდებებისგანაც გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა მომავალი სასამართლო საქმეებისთვის, რაც წარმოადგენს იმის ერთგვარ გარანტიას, რომ იეჰოვას მოწმე მშობლებს არ ჩამოერთმევათ შვილებზე მეურვეობის უფლება უსისხლო მკურნალობის არჩევის შემთხვევაში.

ზემოთ აღნიშნული საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ჩვენი და თავის 10 წლის ვაჟთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. ბავშვმა სხეულის დაზიანებები მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამი დღის შემდეგ ექიმებმა დაგეგმეს ქირურგიული ოპერაცია. ჩვენმა დამ თანხმობა განაცხადა ოპერაციაზე და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურაზე, მაგრამ მან ექიმებს აუხსნა, რომ ის სისხლის გადასხმაზე უარს ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია სისხლის გადასხმას საერთოდ არ საჭიროებდა, მედპერსონალმა წერილობითი მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩვენი და, თავისი მრწამსის საფუძველზე, უარს ამბობდა შვილისთვის სისხლის გადასხმაზე, რითაც საფრთხეს უქმნიდა ბავშვის სიცოცხლეს. პროკურორმა ბრალი დასდო ჩვენს დას, რომ ის არ ზრუნავდა თავის ვაჟზე და არასრულწლოვანთა სასამართლოს მოუწოდა, ჩამოერთმიათ მისთვის მეურვეობის უფლება. არასრულწლოვანთა სასამართლომ მხარი დაუჭირა პროკურორის მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია არ აძლევდა სასამართლოს ამის უფლება. ამიტომ ჩვენმა დამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ჩვენი და მზრუნველი და ყურადღებიანი დედა იყო. გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო: „ის ფაქტი, რომ მან სისხლის გადასხმაზე უარი თქვა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის შეუფერებელია მშობლობისთვის“. სასამართლომ ჩვენს დას აღუდგინა მეურვეობის უფლება და განაცხადა, რომ მისთვის ამ უფლების ჩამორთმევა კანონდარღვევა იყო.

ბარის უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის პროფესორმა და უზენაესი (საკასაციო) სასამართლოს ყოფილმა მრჩეველმა, ნიკოლა კოლაიანიმ აღნიშნა: „ვეთანხმები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედგაცრუებული ვარ არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაწყვეტილებით. როგორც ჩანს, არც ისე ადვილია რელიგიური თავისუფლების მოპოვება, განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეების შემთხვევაში“.

ძმა კრისტიან დი ბლასიო, რომელიც იტალიის საინფორმაციო განყოფილებაში მსახურობს, აღნიშნავს: „მადლობას ვუხდით რომის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც შეცვალა რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. იეჰოვას მოწმე მშობლები ზრუნვას არ აკლებენ თავიანთ შვილებს. ისინი ემადლიერებიან უამრავ ექიმს, რომლებიც აფასებენ ქრისტიანული სინდისით ნაკარნახევ ჩვენს გადაწყვეტილებას და მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს გვთავაზობენ“.

აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ამყარებს ჩვენი და-ძმების იურიდიულ უფლებას, მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვისას. ვემადლიერებით იეჰოვას ამ სასამართლო გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს და-ძმებს გაუადვილებს ქრისტიანული სინდისით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების მიღებას სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით (ფსალმუნი 37:28).