2019 წლის 27 ივნისი
იტალია
იტალიაში გამართულ ორ დიდ სამედიცინო კონფერენციაზე ექიმები ინტერესს ავლენენ სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებების მიმართ
ბევრმა ექიმმა მადლიერება გამოხატა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის მიმართ, რადგან მათ შექმნეს ქსელი, რომლის მეშვეობითაც მთელ მსოფლიოში ხდება სამედიცინო და ქირურგიული ჩარევის დროს უსისხლო მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამ მსოფლიო ქსელის ნაწილია რომში, იეჰოვას მოწმეთა ფილიალში არსებული სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრიც. სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და საავადმყოფოებთან თანამშრომლობის ადგილობრივი კომიტეტის წევრებმა მოაწყვეს საინფორმაციო სტენდი ანესთეზიის, ანალგეზიის, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის იტალიის საზოგადოების ეროვნულ კონგრესზე (SIAARTI), რომელიც 2018 წლის 10—13 ოქტომბერს სიცილიის ქალაქ პალერმოში გაიმართა. კონფერენციის დასრულებისთანავე ძმებმა მონაწილეობა მიიღეს ქირურგიის სამეცნიერო საზოგადოებათა ერთობლივ კონგრესზე გამართულ გამოფენაში, რომელიც რომში მდებარე „ლა ნუვოლას“ საკონფერენციო ცენტრში ჩატარდა.
მსგავსი კონფერენციები შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ უახლესი ინფორმაცია მიეწოდოს სამედიცინო სფეროში მომუშავე უამრავ სპეციალისტს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უსისხლო მკურნალობის მეთოდებით. პალერმოში გამართულ კონფერენციას 2 800 ანესთეზიოლოგი დაესწრო. გარდა ამისა, რომში ჩატარდა კონფერენცია, რომელსაც 3 500 ქირურგი ესწრებოდა. ეს იყო ყველაზე დიდი ქირურგთა კონფერენცია, რომელიც ოდესმე ჩატარებულა იტალიაში. ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა ცნობილი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, მაგალითად, იტალიის ქირურგთა სხვადასხვა ასოციაციის წევრები და იტალიაში მდებარე ამერიკის ქირურგთა კოლეჯის ფილიალის წარმომადგენლები. ეს ღონისძიება ჩატარდა სხვადასხვა ეროვნული უწყების, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
სიცილიაში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების („Policlinico Hospital of Catania“) ანესთეზიოლოგი ვინჩენცო სკუდერი ესტუმრა პალერმოს კონფერენციაზე წარმოდგენილ ჩვენს სტენდს. 2019 წლის 18 იანვარს მან გადაუდებელი მკურნალობა ჩაუტარა ერთ იეჰოვას მოწმეს, რომელსაც აორტის განშრევების (დისექცია) დიაგნოზი დაუდგინეს. მან შეძლო ურთულესი პროცედურის ჩატარება სისხლის გამოყენების გარეშე. დოქტორი სკუდერი აღნიშნავს: „2018 წელს გამართულ კონგრესზე თქვენს სტენდზე წარმოდგენილი მასალა ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა. თქვენ მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ ბევრი რამ მისცა სამედიცინო საზოგადოებას“.
ამჟამად იტალიაში 5 000-ზე მეტი ექიმია, რომლებიც თანახმანი არიან, იეჰოვას მოწმე პაციენტებს ჩაუტარონ უსაფრთხო და ეფექტიანი სამედიცინო მკურნალობა უსისხლოდ. ყოველწლიურად იტალიაში საშუალოდ 16 000 მოწმე გადის ამ სახის მკურნალობას.