არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბოლონიაში გადატანილი იტალიის ფილიალის ერთ-ერთი ახალი საცხოვრებელი შენობა. ის შედგება 41 საცხოვრებლისგან. ახალ ფილიალში გადასვლა 2020 წლის 5 სექტემბრიდან დაიწყო.

2020 წლის 16 ნოემბერი
იტალია

სირთულეების მიუხედავად გრძელდება იტალიის ფილიალის გადატანის პროექტი

სირთულეების მიუხედავად გრძელდება იტალიის ფილიალის გადატანის პროექტი

ფინანსური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად იეჰოვას მოწმეთა იტალიის ფილიალის ქალაქ ბოლონიაში გადატანის პროექტი კვლავ მიმდინარეობს. 2020 წლის 5 სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ამ სამშენებლო პროექტისთვის, რადგან ამ დღეს დასრულდა პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. გეგმის მიხედვით აღნიშნული პროექტი 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სამშენებლო კომიტეტი, რომელიც ხუთი ძმისგან შედგება, ზედამხედველობას უწევს ახალი ფილიალის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. საცხოვრებელი სახლის კარკასის ასაგებად ძმებმა დაიქირავეს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც მუშაობა 2018 წლის სექტემბერში დაიწყო.

2019 წელს იტალიაში ბევრ სამშენებლო კომპანიას ფინანსური კრიზისი შეექმნა. ამ მიზეზის გამო ჩვენს პროექტზე მომუშავე კომპანიასაც მოუწია სამუშაოების შეჩერება. თუმცა, საბედნიეროდ, კარკასის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, ამიტომ პროექტზე მუშაობა დიდი ხნით არ შეჩერებულა.

ერთ-ერთის საცხოვრებლის ინტერიერი

2020 წლის დასაწყისში კოვიდ-19-მა იფეთქა ჩრდილოეთ იტალიაში, მათ შორის ბოლონიაში. ხელისუფლებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ქალაქის მასშტაბით მიმდინარე მრავალი საქმიანობა შეაჩერეს სამშენებლო პროექტების ჩათვლით. თუმცა, ერთი თვის შემდეგ მთავრობამ მოხსნა ზოგიერთი შეზღუდვა და ფილიალის მშენებლობაც გაგრძელდა კოვიდ-19-თან დაკავშირებით მთავრობისა და ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პრევენციული ზომების სრული დაცვით.

სამშენებლო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, ძმა პაოლო კომპარატო, აღნიშნავს: „არ ველოდით, რომ მოვლენები ასე საოცრად განვითარდებოდა. ამისთვის იეჰოვას ვემადლიერებით. მისი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით ამდენი დაბრკოლების გადალახვას“.

ქალბატონი ქრისტინა დალაკასა, კონტრაქტორი კომპანიის დირექტორი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებზეა პასუხისმგებელი, დასძენს: „გვიხარია, რომ იეჰოვას მოწმეებმა ჩვენი კომპანია აირჩიეს იტალიაში მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობის ასაშენებლად. ჩვენ ერთი გუნდივით ვთანამშრომლობთ. ამის წყალობით დავძლიეთ მშენებლობის დროს წამოჭრილი ყველა სირთულე. იეჰოვას მოწმეები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან თავიანთი ფილიალის მშენებლობას; განსაკუთრებით ზრუნავენ მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებაზე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ აღმოვაჩინე პატიოსანი და სანდო ადამიანების მთელი ჯგუფი. ამ სოციალური და ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“.

დარწმუნებულნი ვართ, იეჰოვა კვლავ დაუჭერს მხარს ამ პროექტს, რაც დიდებას მოუტანს მის სახელს (ფსალმუნი 127:1).