არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტერმინი იმერესეს პროკურატურა და სასამართლო სიცილიაში (იტალია)

2018 წლის 22 აგვისტო
იტალია

სიცილიის სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმე პაციენტების უფლებებს

სიცილიის სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმე პაციენტების უფლებებს

2018 წლის 6 აპრილს სიცილიაში (იტალია) ტერმინი იმერესეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთ ქირურგს დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რადგან ერთ-ერთ იეჰოვას მოწმე ქალბატონს იძულებით გადაუსხა სისხლი. ზარალის ასანაზღაურებლად სასამართლომ ექიმს დააკისრა ამ ქალბატონისთვის 10 000 ევროს გადახდა, ხოლო მისი მეუღლისთვის, რომელიც აგრეთვე იეჰოვას მოწმეა — 5 000 ევროს გადახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიის სასამართლომ ექიმი ადამიანის იმ ფუნდამენტური უფლების დარღვევაში დაადანაშაულა, რომლის თანახმადაც, ადამიანს აქვს უფლება, პირადი, მათ შორის რელიგიური, შეხედულების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ სხეულთან დაკავშირებით.

ზემოთ მოხსენიებულ დას 2010 წლის დეკემბერში ჩაუტარდა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, რასაც მოჰყვა შემდგომი გართულებები. ის მტკიცე უარს ამბობდა სისხლის შემცველი პრეპარატების მიღებაზე, თუმცა იმის გამო, რომ ფიზიკურად შეზღუდულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იძულებით გადაუსხეს სისხლის წითელი უჯრედები. მისმა ქირურგმა იცრუა და განაცხადა, რომ ამის უფლებამოსილება მოსამართლისგან ჰქონდა მიღებული.

მომხდართან დაკავშირებით იეჰოვას მოწმე პაციენტმა და მისმა მეუღლემ სარჩელი შეიტანეს პროკურატურაში. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ სრულწლოვანი და ქმედუნარიანი იეჰოვას მოწმის შემთხვევაში ექიმმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მკურნალობის ჩატარებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება პაციენტის ნებას.

სასამართლომ აგრეთვე განაცხადა, რომ იტალიის კონსტიტუციის თანახმად, ექიმებს ეკრძალებათ პაციენტის თანხმობის გარეშე მკურნალობის ჩატარება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის გამოყენებას. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მაშინ როცა პაციენტი ნათლად გამოხატავს თავის პოზიციას, მაგრამ ექიმი მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, შემდგომ ის თავს ვეღარ გაიმართლებს იმით, რომ თავად თვლიდა მკურნალობის ამ მეთოდს აუცილებლად.

სასამართლოსთვის მომზადებულ სამედიცინო ანგარიშში, პადუას უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინისა და ბიოეთიკის პროფესორი და სასამართლოს ექსპერტი-მოწმე დანიელ როდრიგესი აღნიშნავს, რომ მკურნალობის კონკრეტულ მეთოდზე უარის თქმის უფლება დაცულია საკონსტიტუციო რეგულაციებით და ნათლად არის გამოხატული იტალიის კონსტიტუციის 32-ე მუხლში, სადაც აღნიშნულია, რომ არავის აქვს ვალდებულება, ჩაიტაროს მკურნალობის ესა თუ ის პროცედურა, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იტალიელი იურისტი და ჯანდაცვის სამართლის ექსპერტი ლუკა ბენჩი, რომელმაც ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემაში „Quotidiano Sanità“ დაწერა: „არ არსებობს კანონი, რომელიც აიძულებს პაციენტს თავისი ნების საწინააღმდეგოდ სისხლის გადასხმას. მკურნალობაზე უარის თქმის უფლება ყველა სხვა საკითხზე მაღლა დგას“.

მარჩელო რიფიჩი, იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთი იურისტი აღნიშნავს: „მოხარულები ვართ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანხმობაშია ევროპულ სტანდარტებთან, რომლებიც გამყარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, რათა შენარჩუნდეს ყველა პაციენტის პირადი გადაწყვეტილების უფლება. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს იტალიის პარლამენტმა მიიღო კანონი (219/2017) ავადმყოფის ნების გამოხატულების შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს იმავე პრინციპებს, რასაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება“.

იეჰოვას მოწმეების კიდევ ერთი იურისტი, ლუჩიო მარსელა აღნიშნავს: „ამ გადაწყვეტილებამ შექმნა პრეცედენტი, რაც არის ერთგვარი გარანტია ყველა ექიმისთვის, რომელიც კეთილსინდისიერად და გაბედულად ცდილობს პაციენტების მკურნალობას საუკეთესო მეთოდებით, თანაც ისე, რომ პატივს სცემს მათ ღირსებასა და არჩევანის თავისუფლებას“.