2022 წლის 28 ოქტომბერი
კანადა
ახალი დარბაზი კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში
ქალაქ იკალუიტში იეჰოვას მოწმეებს უკვე საკუთარი დარბაზი აქვთ. ამა წლის 14 ოქტომბერს დასრულდა იეჰოვას მოწმეების პირველი დარბაზის მშენებლობა იკალუიტში (ნუნავუტი, კანადა). ეს ახალი 50-ადგილიანი დარბაზი კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. იკალუიტის კრება 2010 წელს ჩამოყალიბდა და იქაური და-ძმები ამ დრომდე შეხვედრებს სკოლის სპორტდარბაზში ატარებდნენ.
პროექტი პანდემიის გამო ორი წლით გადაიდო. გარდა ამისა, ძმები არაერთ სხვა პრობლემას შეხვდნენ. იკალუიტი, რომელიც ითარგმნება როგორც „ადგილი, სადაც ბევრი თევზია“, მდებარეობს ფრობიშერის ყურეში, ბაფინის კუნძულზე. მასთან მიდგომა მხოლოდ საზღვაო ან საჰაერო გზით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სამშენებლო მასალები ადგილობრივად არ მოიპოვებოდა, ამიტომ ისინი გემით უნდა ჩაეტანათ სამშენებლო ტერიტორიაზე. თანაც მშენებლობა აგვისტოში დაიწყო და ამინდის გამო ყველაფერი 3 თვეში უნდა მოსწრებულიყო.
ძმებმა 127 ტონა სამშენებლო მასალას და იარაღებს ერთად მოუყარეს თავი ონტარიოს საკონგრესო დარბაზში. შემდეგ ისინი ჩატვირთეს 12 საზღვაო და 3 ხის კონტეინერში და გადაიტანეს ერთ-ერთ პორტში მონრეალთან (კვებეკი) ახლოს. იქედან კი გემით წმ. ლოურენსის საზღვაო გზით, ატლანტის ოკეანის გავლით, ფრობიშერის ყურეში ჩაიტანეს. ამ ყურეში არ არის დიდი გემების გასაჩერებელი ადგილი, ამიტომ კონტეინერები ბარჟებში, პატარა სატვირთო გემებში, გადმოტვირთეს. ბარჟები ბუქსირით მარჩხ წყლებში გადაადგილდებოდნენ, ამიტომ როცა წყლის დონემ დაიწია, მტვირთავებმა მხოლოდ მაშინ შეძლეს კონტეინერების სანაპიროზე გადმოტვირთვა.
ამ დარბაზის მშენებლობისას ძმებმა გაითვალისწინეს ადგილობრივი მკაცრი კლიმატური პირობები, რადგან ზამთარში აქ ტემპერატურა -30 გრადუსამდე ეცემა.
დასახმარებლად დაახლოებით 40 მოხალისე ჩავიდა იკალუიტში კანადის 6 პროვინციიდან. ერთ-ერთმა მოხალისემ, ჯეისონ მაკგრეგორმა, აღნიშნა: „სამშენებლო მასალების ასეთ უკიდურეს ჩრდილოეთში ჩატანა თუ მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემების მალევე გადაწყვეტა, იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვასთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. რწმენა გვინმტკიცდებოდა, როცა ვხედავდით, როგორ გვეხმარებოდა იეჰოვა ყოველდღიურად“.
ვხარობთ ჩვენს კანადელ და-ძმებთან ერთად, რომელთაც უკვე საკუთარი დარბაზი აქვთ და გვჯერა, რომ როგორც „ადამიანთა მებადურები“, ისინი კვლავაც ენთუზიაზმით გააგრძელებენ სამქადაგებლო საქმეს (მათე 4:19).