5 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
კენია
კენიაში სასამართლო იცავს მოსწავლეების თაყვანისცემის თავისუფლების უფლებას
2023 წლის 12 მაისს კენიის სააპელაციო სასამართლომ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც იცავს სკოლის მოსწავლეთა თაყვანისცემის თავისუფლების უფლებას. კენიაში აქამდეც არსებობდა კანონი, რომელიც კრძალავს ადამიანის იძულებით ჩართვას ისეთ საქმიანობაში, რომელიც მის რელიგიურ შეხედულებას ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე 41 იეჰოვას მოწმის შვილი გარიცხეს ან გარკვეული დროით სკოლაში მისვლა აუკრძალეს რელიგიურ ცერემონიალში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება 2017 წელს მომხდარ ერთ შემთხვევას. მაშინ 9 იეჰოვას მოწმე მოსწავლემ პატივისცემით განაცხადა უარი სკოლაში გამართულ რელიგიურ ცერემონიალში მონაწილეობაზე, რასაც სასამართლო დავა მოჰყვა. 2019 წელს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სკოლას არ დაურღვევია მოსწავლეების ძირითადი უფლებები, როცა მათ ცერემონიალში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. თუმცა 2023 წლის 12 მაისს კენიის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „დაირღვა განათლების მიღებისა და ადამიანის ღირსების უფლებები“. გადაწყვეტილებაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის რელიგიურ ცერემონიალში მონაწილეობის მიღების მოთხოვნა არის „დისკრიმინაციული, არაკონსტიტუციური და სრულიად მიუღებელი“. ერთ-ერთმა მოსამართლემ დაწერა: „სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეცედენტს შექმნის, რომ მომავალში დაცული იქნას სკოლის მოსწავლეთა აღმსარებლობის თავისუფლება“.
ამ გადაწყვეტილებამ უფრო გაამყარა 2022 წლის მარტში კენიის მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომლის თანახმადაც სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა პატივი უნდა სცენ მოსწავლეთა რელიგიურ უფლებებს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების წყალობით კენია მალავის და რუანდასთან ერთად იმ აფრიკული ქვეყნების სიაში შევა, რომლებიც იცავენ იეჰოვას მოწმეთა მოსწავლეების ფუნდამენტურ უფლებებს.
იეჰოვა ამაყობს იმ ახალგაზრდების შემხედვარე, რომლებიც კენიასა თუ სხვა ქვეყნებში მტკიცედ დგანან წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს (იგავები 29:25).