2022 წლის 7 ივნისი
კენია
კენიის მთავრობა გამოსცემს ბრძანებულებას სკოლის მოსწავლეთა მხარდასაჭერად
კენიის განათლების სამინისტრომ 2022 წლის 4 მარტს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა პატივი უნდა სცენ მოსწავლეთა რელიგიურ უფლებებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ბრძანებულება ხელს შეუწყობს იეჰოვას მოწმეების უფლებების დაცვას. წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმე მოსწავლეების უფლებები უხეშად ირღვეოდა სკოლებში.
2015 წლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეთა 36 ბავშვი სკოლიდან გარიცხეს ან დროებით შეუწყვიტეს სწავლის უფლება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის მიერ ორგანიზებულ რელიგიურ ღონისძიებებში. 2018 წელს იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენლები შეხვდნენ კენიის განათლების სამინისტროს მუშაკებს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს ჩვენი ძმები განათლების მინისტრის მოადგილეს, ამინა მოჰამედსაც, გაესაუბრნენ.
მთავრობის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ კენიის ზოგიერთი სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებელი „უსაფუძვლო მიზეზების საფუძველზე ცდილობს, მოსწავლეები სკოლას ჩამოაშორონ“. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ზოგიერთ სკოლაში განსაკუთრებით ირღვევა მოსწავლეთა რელიგიური უფლებები. სკოლის ადმინისტრაციამ შეიძლება რელიგიური მიზეზით თქვას უარი ბავშვის სკოლაში მიღებაზე ან იმავე მიზეზით გარიცხოს კიდეც“.
ბრძანებულებაში, რომელიც მედიასაშუალებების მეშვეობით ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი, აღნიშნულია, რომ „რელიგიური უფლებების დარღვევა ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას, რეგიონულ და საერთაშორისო კონვენციებს, ... განსაკუთრებით, კენიის კონსტიტუციას“. ამ ბრძანებულების საფუძველზე მოწმეთა შვილებს და სხვა ბავშვებს „აღარ მოსთხოვენ, მონაწილეობა მიიღონ ისეთ რიტუალებში, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ რელიგიურ შეხედულებებს“. დასკვნაში ეწერა, რომ სკოლის დირექციის ყველა წევრი ვალდებულია, დაემორჩილოს აღნიშნულ ბრძანებას.
ნაირობიში მცხოვრები 17 წლის იეჰოვას მოწმე, კიმბერლი ნიანგეტე, ამბობს: „მშობლები ხუთზე მეტჯერ დაიბარეს სკოლაში ჩემი რელიგიური შეხედულებების გამო. მიხარია, რომ ეს ბრძანებულება ხელს შეგვიწყობს, დავიცვათ ჩვენი პოზიცია“.
იეჰოვას ვემადლიერებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც დაეხმარება კენიელ ბავშვებს, მტკიცედ დაიცვან თავიანთი რელიგიური შეხედულებები სკოლაში (1 კორინთელები 15:58).