არჩეულ მასალაზე გადასვლა

კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლო

2021 წლის 9 ივნისი
კოლუმბია

ისტორიული სასამართლო საქმე — კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლო მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოზარდის რელიგიური თავისუფლების უფლებას

ისტორიული სასამართლო საქმე — კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლო მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოზარდის რელიგიური თავისუფლების უფლებას

2021 წლის 7 აპრილს კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. საქმე ეხებოდა მოზარდის უფლებას, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით. პაციენტი ითხოვდა უსისხლო მკურნალობის ჩატარებას. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა იმ მინდობილობების იურიდიული ძალა, რომლებიც ხელმოწერილია გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოზარდების მიერ იმ შემთხვევაში, როცა მშობლები არ ეწინააღმდეგებიან შვილების მიერ არჩეულ მკურნალობის მეთოდებს.

და დანიელა კაისედო მშობლებთან ერთად

2020 წლის 27 მაისს 16 წლის დას, დანიელა კაისედოს მწვავე ფორმის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებს მისთვის სისხლის გადასხმა და ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება სურდათ. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან სუსტად იყო, დანიელამ მაინც შეძლო და პატივისცემით აუხსნა მედპერსონალს, რომ უარს ამბობდა სისხლის გადასხმაზე ბიბლიაზე დაფუძნებული შეხედულებების გამო (საქმეები 15:29).

2020 წლის 24 ივნისს ოჯახის კეთილდღეობის ინსტიტუტმა კოლუმბიაში უფლებამოსილება მიანიჭა მედპერსონალს, რომ, დანიელას სურვილის საწინააღმდეგოდ, მისთვის სისხლი გადაესხათ. აღნიშნულმა ინსტიტუტმა აგრეთვე მოითხოვა, რომ დანიელასთვის ფსიქოლოგიური გამოკვლევა ჩაეტარებინათ. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ დანიელა გონებრივად და ემოციურად საკმარისად მოწიფული იყო საიმისოდ, რომ დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები მკურნალობის მეთოდების არჩევასთან დაკავშირებით. ფსიქოლოგიურგმა კვლევებმა ისიც დაადასტურა, რომ დანიელა სისხლის გადასხმაზე უარს ვინმეს მხრიდან ძალდატანების გამო კი არ ამბობდა, არამედ ამას აკეთებდა გააზრებულად, საკუთარი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე.

ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ მხარი დაუჭირა მის, როგორც გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოზარდის, უფლებას სისხლის გადასხმაზე უარის თქმის თაობაზე. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, თუ დანიელას ექიმი საჭიროდ თვლიდა მისთვის სისხლის გადასხმას, შეეძლო ასეც მოქცეულიყო. მშობლების დახმარებით დანიელამ, თავისი უფლების დასაცავად, საჩივარი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.

საბოლოო გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა დანიელას უფლებებს და განაცხადა, რომ რელიგიის თავისუფლება „იცავს ადამიანის პირად ურთიერთობას ღმერთთან და უფლებამოსილებას ანიჭებს, თაყვანი სცეს მას“. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ ძალდატანებით სისხლის გადასხმა ზიანს მიაყენებდა ღმერთთან დანიელას ურთიერთობას და შელახავდა მის უფლებებსა და ღირსებას. სასამართლომ აგრეთვე მხარი დაუჭირა დანიელას უფლებას, გაევლო მკურნალობის კურსი უსისხლო ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით.

ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს სამედიცინო მუშაკების ვალდებულებას, პატივი სცენ გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოზარდი იეჰოვას მოწმეების უფლებას, მათი რელიგიური შეხედულებების საფუძველზე მკურნალობის მეთოდების არჩევასთან დაკავშირებით. დანიელას ერთ-ერთმა ადვოკატმა აღნიშნა: „საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა, რომ გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოზარდის სიცოცხლის უფლება პირდაპირ კავშირშია პირადი ღირსების ხელშეუხებლობასთან. შესაბამისად, მოზარდებმა რომ აზრიანად იცხოვრონ და სიცოცხლის ხალისი არ დაკარგონ, სხვები პატივისცემით უნდა მოეკიდონ მათ რელიგიურ შეხედულებებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლეები და ექიმები არ იზიარებენ მათ“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ დანიელამ თქვა: „ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ იეჰოვას სახელი განდიდდა. ამ შემთხვევამ ერთი რამ მასწავლა: იეჰოვას შეუძლია ნებისმიერი განსაცდელი აქციოს იმის შესაძლებლობად, რომ მას ჩვენი სიყვარული დავუმტკიცოთ“.

დანიელას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას უტარდება ხარისხიანი სამედიცინო მკურნალობა. დანიელა 2021 წლის აგვისტოში დაესწრება პიონერების სკოლას. იეჰოვა ძალიან ხარობს, როცა ხედავს, როგორ განადიდებენ მას ახალგაზრდები თავიანთი ქცევით (ფსალმუნი 148:12, 13).