28 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ლინგალაზე და ბიბლიის რამდენიმე წიგნი ექვს სხვა ენაზე
2023 წლის 29 აგვისტოს, სამშაბათს გამოცხადდა, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ლინგალა ენაზე. გარდა ამისა, გამოიცა ბიბლიის რამდენიმე წიგნის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ალურ, კინანდე, კიპენდე, კისონგე, კიტუბა და ურუუნდ ენებზე. კინშასაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) მარტირის სტადიონზე ჩატარდა რეგიონული კონგრესი „კვლავაც მოითმინეთ!“. ამ კონგრესზე ძმა მარკ სანდერსონმა სიტყვით მიმართა 75 715 ადამიანს. კონგრესს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით კიდევ 219 457 ადამიანი ისმენდა ფილიალის ტერიტორიაზე არსებული 53 საკონგრესო დარბაზიდან თუ სხვა ადგილებიდან. დამსწრეებს დაურიგდათ ლინგალა ენაზე შესრულებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა და „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კისონგე ენაზე. სხვა ენებზე შესრულებული თარგმანების ელექტრონული ფორმატით ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი, ამ თარგმანების ბეჭდური ვერსიები კი მოგვიანებით იქნება ხელმისაწვდომი. ქვემოთ ჩამოთვლილია, რომელ ენებზე გამოიცა ბიბლიის წიგნები:
ალური (ებრაული წერილები: „დაბადება“ — „იობი“, „ქებათა ქება“)
ალურ ენაზე დაახლოებით 750 000 ადამიანი საუბრობს, ძირითადად მაჰაგის ტერიტორიაზე.
45 ალურენოვან კრებაში 1 609 მაუწყებელი მსახურობს.
ამ ენაზე მთარგმნელობითი საქმიანობა იეჰოვას მოწმეებმა 2013 წელს დაიწყეს.
მთარგმნელობითი ოფისი ბუნიაში მდებარეობს.
კინანდე (ქრისტიანულ-ბერძნული წერილები)
კინანდე ენაზე დაახლოებით 903 000 ადამიანი საუბრობს იტურისა და ჩრდილოეთ კივუს პროვინციებში.
78 კინანდეენოვან კრებაში 4 793 მაუწყებელი მსახურობს.
ამ ენაზე მთარგმნელობითი საქმიანობა იეჰოვას მოწმეებმა 1998 წელს დაიწყეს.
მთარგმნელობითი ოფისი ბუტემბოში მდებარეობს.
კიპენდე (ებრაული წერილები: „დაბადება“, „გამოსვლა“, „ლევიანები“, „მსაჯულები“, „რუთი“, „პირველი სამუელი“, „მეორე სამუელი“, „ქებათა ქება“)
კიპენდე ენაზე დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი საუბრობს კასაის, კუანგოს და კვილოს პროვინციებში.
88 კიპენდეენოვან კრებაში 3 349 მაუწყებელი მსახურობს.
ამ ენაზე მთარგმნელობითი საქმიანობა იეჰოვას მოწმეებმა 1996 წელს დაიწყეს.
მთარგმნელობითი ოფისი კიკუიტში მდებარეობს.
კისონგე (ებრაული წერილები: „დაბადება“, „გამოსვლა“, „ქებათა ქება“. აგრეთვე ქრისტიანულ-ბერძნული წერილები)
კისონგე ენაზე დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი საუბრობს ძირითადად ლომამის პროვინციაში.
31 კისონგეენოვან კრებაში 1 043 მაუწყებელი მსახურობს.
ამ ენაზე მთარგმნელობითი საქმიანობა იეჰოვას მოწმეებმა 2006 წელს დაიწყეს.
მთარგმნელობითი ოფისი კინშასაში მდებარეობს.
კიტუბა (ქრისტიანულ-ბერძნული წერილები: „მათე“, „მარკოზი“, „რომაელები“, „პირველი კორინთელები“, „მეორე კორინთელები“, „გალატელები“, „ფილიპელები“)
კიტუბა ენაზე 12 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს სამხრეთ კონგოში, ანგოლასა და გაბონში.
30 კიტუბაენოვან კრებაში 2 137 მაუწყებელი მსახურობს.
მთარგმნელობითი ოფისი 2019 წელს გაიხსნა პუანტ-ნუარში.
ლინგალა („ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია)
ლინგალა ენაზე 40 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
1 266 ლინგალაენოვან კრებაში 74 023 მაუწყებელი მსახურობს.
ამ ენაზე მთარგმნელობითი საქმიანობა იეჰოვას მოწმეებმა 1960-იან წლებში დაიწყეს.
ამ ენაზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 2009 წელს გამოიცა.
მთარგმნელობითი ოფისი კინშასაში მდებარეობს.
ურუუნდი (ქრისტიანულ-ბერძნული წერილები: „მათე“, „მარკოზი“, „რომაელები“, „პირველი კორინთელები“)
ურუუნდ ენაზე დაახლოებით 153 000 ადამიანი საუბრობს ძირითადად ლუალაბას პროვინციაში.
19 ურუუნდენოვან კრებაში 553 მაუწყებელი მსახურობს.
ამ ენაზე მთარგმნელობითი საქმიანობა იეჰოვას მოწმეებმა 1994 წელს დაიწყეს.
მთარგმნელობითი ოფისი კოლვეზიში მდებარეობს.
ეს ახალი თუ გადამუშავებული თარგმანები დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს და-ძმებს თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთან ქადაგებაში. ერთმა კიტუბაენოვანმა მაუწყებელმა აღნიშნა: „დავაკვირდით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ხშირად ხალხი უარით გვისტუმრებდა, რადგან ბიბლიურ მუხლებს მათ მშობლიურ ენაზე ვერ ვუკითხავდით. მაგალითად, როცა ფრანგულ ენაზე ვუკითხავდით ბიბლიურ მუხლებს, დიდად არ ესმოდათ. Ზოგმა შეიძლება წერა-კითხვის არცოდნის გამო ეს ახალი თარგმანი ვერ წაიკითხოს, მაგრამ მოისმენს მაინც და ღვთის სიტყვიდან ბევრს ისწავლის“. ერთი ლინგალაენოვანი მაუწყებელი გვიყვება, როგორ წაადგა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა: „ახალი თარგმანი იმდენად გასაგებ ენაზეა შესრულებული, რომ იქიდან აზრების ამოკითხვა მსმენელისთვის ძვირფასი განძის გაზიარებასავით იქნება“.
დარწმუნებული ვართ, იეჰოვა ხელს მოუმართავს და-ძმებს, ეფექტურად გამოიყენონ ეს ახალი თარგმანები და სასიხარულო ცნობა გაუზიარონ მათ, ვისაც ძალიან უნდა ღვთის სიტყვის მოსმენა (საქმეები 13:7).