არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 18 ივლისი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საომარი ვითარების გამო და-ძმები ჩრდილო-აღმოსავლეთ კონგოს ტოვებენ

საომარი ვითარების გამო და-ძმები ჩრდილო-აღმოსავლეთ კონგოს ტოვებენ

2017 წლის დეკემბრიდან მოყოლებული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იტურის პროვინციაში ჰემასა და ლენდუს ტომებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; ათიათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ამ ეთნიკურმა დაპირისპირებამ, რომელიც უფრო და უფრო მწვავდება, ჩვენი და-ძმებიც დააზარალა.

ათასობით კონგოელმა თავი უგანდას შეაფარა, მათ შორისაა 192 იეჰოვას მოწმე, რომლებიც კონგოს საზღვართან ახლოს მდებარე ლტოლვილთა ორ ბანაკში ცხოვრობენ. 2018 წლის ივნისში კიდევ 1 098-მა და-ძმამ დატოვა კონფლიქტის ზონა და იტურის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ბუნიას, შეაფარა თავი. სამწუხაროდ, ერთი წყვილი და სამი ბავშვი, რომელთა მშობლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაიღუპნენ. თუმცა ამ დაპირისპირების დროს არც ერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ მოუკლავთ.

იტურიდან გამოქცეული ლენდუენოვანი და-ძმები საკონგრესო დარბაზის ტერიტორიაზე ბუნიაში

ბევრ და-ძმას, რომლებმაც დატოვეს კონფლიქტის ზონა, სახლები გაუძარცვეს ან გადაუწვეს; ზოგსაც მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურეს.

კონფლიქტით დაზარალებულ და-ძმებს სხვა ტერიტორიებზე მცხოვრები მაუწყებლები დღემდე უწევენ პრაქტიკულ დახმარებას. ზოგიერთმა თავიანთი სატვირთო მანქანებით და-ძმები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა (იხილეთ პირველი სურათი). გარდა ამისა, ბუნიაში იეჰოვას მოწმეების 205-მა ოჯახმა, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობენ, ევაკუირებული და-ძმები ფულით, საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყო. მართალია, ბუნიაში ორი დიდი ლტოლვილთა ბანაკია, მაგრამ კონფლიქტის ზონიდან გამოქცეული ყველა იეჰოვას მოწმე ადგილობრივმა და-ძმებმა შეიფარეს (იგავები 17:17).

კონგოს ფილიალმა ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელმაც საჭირო დახმარება აღმოუჩინა დაზარალებულ მოწმეებს. გარდა ამისა, ფილიალის წარმომადგენელმა მოინახულა და გაამხნევა დაზარალებული და-ძმები.

მაუწყებლები, რომლებმაც თავი ბუნიას და სხვა ტერიტორიებს შეაფარეს, ადგილობრივ კრებებს ესწრებიან და აქტიურად მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმეში. 2018 წლის თებერვლიდან აპრილამდე მაუწყებლებმა 270-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს ლტოლვილთა ბანაკებში.

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ მისცეს კონგოელ და-ძმებს შინაგანი სიმშვიდე და აკურთხოს იმ მაუწყებლების ძალისხმევა, რომლებიც დაზარალებულ თანამორწმუნეებს დახმარების ხელს უწვდიან. მოუთმენლად ველით დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დაწყებას, როცა იეჰოვას ხალხი „მშვიდობიან სამყოფელში“ იცხოვრებს და მარადიული უსაფრთხოებით გაიხარებს (ესაია 32:17, 18).