2022 წლის 21 იანვარი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ფილიალის ახალი შენობების მშენებლობა მიმდინარეობს
ქალაქ ლუბუმბაშიში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) ფილიალის ახალი შენობების მშენებლობა მიმდინარეობს. 2022 წლის მაისიდან კინშასადან იქ ბეთელის ოჯახის დაახლოებით 260 წევრი გადავა, 131 ბეთელის ოჯახის წევრი კი კინშასაში დარჩება. a დაწყებულია, აგრეთვე, ახალი საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა კინშასას ფილიალის მახლობლად, სადაც 2024 წლის იანვრისთვის დაახლოებით 48 ბეთელის ოჯახის წევრი გადავა. ეს პროექტები კონგოს მზარდ თეოკრატიულ საქმიანობას დაუჭერს მხარს.
2021 სამსახურებრივი წლის განმავლობაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩვენი და-ძმები 250 000-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. მილიონ ადამიანზე მეტი დაესწრო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. კინშასას ფილიალში ამჟამად 394 და-ძმა მსახურობს.
ძმებმა გადაწყვიტეს, ფილიალის ახალი შენობებისთვის სხვა ადგილი მოეძებნათ, რადგან კინშასაში ფილიალის გაფართოება არაპრაქტიკული იქნებოდა. მათ ქალაქ ლუბუმბაშიში იპოვეს მიწის ნაკვეთი, სადაც თავისუფლად განთავსდებოდა ახალი შენობები და სამომავლოდ გაფართოებაც იქნებოდა შესაძლებელი.
ლუბუმბაშის მიწის ნაკვეთი კინშასადან 2 300 კილომეტრში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 12 ჰექტარია, განთავსდება საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, საწყობი, მრავალფუნქციური შენობა სასადილო ოთახით და, აგრეთვე, მოეწყობა სარეკრეაციო ზონა.
მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში დაიწყო, მაგრამ ძმები ბევრ სირთულეს წააწყდნენ კოვიდპანდემიის გამო.
ძმა რობერტ ელონგო, კონგოს (კინშასა) ფილიალის კომიტეტის წევრი, აღნიშნავს: „საზღვრები ჩაკეტილი იყო. სამშენებლო მასალების შემოტანა სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რამაც მნიშვნელოვანწილად შეაფერხა პროექტის საწყისი ეტაპი“.
ძმა რობერტი დასძენს: „მიუხედავად ამისა, წლისთავზე პროექტის 40 პროცენტი უკვე შესრულებული იყო“.
უდავოა, იეჰოვა უჭერს მხარს ამ სამშენებლო პროექტს. ვლოცულობთ, რომ ახალი შენობები იეჰოვას სახელის განდიდებას მოემსახუროს და დადებითად აისახოს თეოკრატიულ საქმიანობაზე (მათე 24:47).
a კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კინშასა) ფილიალი ზედამხედველობას უწევს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და კონგოს რესპუბლიკაში მიმდინარე თეოკრატიულ საქმიანობას.