არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 25 ივლისი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოში იეჰოვას მოწმეები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან

კონგოში იეჰოვას მოწმეები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან

ბელინდა (უსაფრთხოების მიზნით გვარი მითითებული არ არის) სამ შვილთან ერთად დუნდოს საავადმყოფოში, ანგოლაში. მისი მეუღლე კონგოში მოკლეს, ხოლო მისი ერთი გოგონა დაკარგულად ითვლება. ბელინდა და მისი უმცროსი ქალიშვილი რიტინჰა, რომელიც 2 წლისაა, აფეთქების შედეგად დაშავდნენ. ამის გამო მის ქალიშვილს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ბელინდას მეორე გოგონა კი თავდასხმის დროს მაჩეტეთი დაჭრეს.

კინშასა, კონგო — იეჰოვას მოწმეები კასაის რეგიონში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაზარალებულ თანამორწმუნეებს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიან და ამხნევებენ. ეთნიკური კონფლიქტების, შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმებისა და სამოქალაქო არეულობის შედეგად 1.3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, მათ შორის 30 000-ზე მეტი მეზობელ ქვეყანაში, ანგოლაში გაიქცა. გზაზე მათ თავს დაესხნენ და მაჩეტებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით მიაყენეს ჭრილობები; ზოგს სხეულზე დამწვრობაც აღენიშნებოდა. ბევრი მათგანის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ბოლოდროინდელი ინფორმაციით, 870-ზე მეტი იეჰოვას მოწმე იმყოფება ანგოლაში როგორც ლტოლვილი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად 10 იეჰოვას მოწმე დაშავდა. სამწუხაროდ, ამ დრომდე არსებული მონაცემებით გარდაცვლილია 22 მოწმე.

ანგოლას ფილიალის წარმომადგენლები ინახულებენ ანგოლელ და კონგოელ უხუცესებს, რომელთაგან ზოგი ლტოლვილია

კინშასაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი რობერტ ელონგო აღნიშნავს: „ძალიან ვწუხვართ, რომ კონფლიქტის შედეგად ამდენი ადამიანი დაშავდა და გარდაიცვალა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იმის გამო გახდა თავდასხმის მსხვერპლი, რომ იმ ტერიტორიასთან ახლოს იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მძვინვარებდა. ძალიან გვაღელვებს ჩვენი თანამორწმუნეების უსაფრთხოება და მათ სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ანგოლის ფილიალთან და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მატერიალური, ემოციური და, რაც ყველაზე მთავარია, სულიერი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს დაზარალებულ თანამორწმუნეებს“.

კონფლიქტური ზონიდან გაქცეული კონგოელი ლტოლვილები ტყეში ქოხს აშენებენ

ანგოლასა და კონგოში იეჰოვას მოწმეებმა ჩამოაყალიბეს დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები, რათა ორგანიზება გაეწიათ ლტოლვილი თანამორწმუნეების დახმარებისთვის. მათ ლტოლვილებს გაუგზავნეს 34 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, მათ შორის იყო ტანსაცმელი, ლოგინი, საკვები, მწერებისგან დამცავი ბადეები, ფეხსაცმელები და 525 კგ მედიკამენტი. ამასთანავე, ერთი იეჰოვას მოწმე ექიმი ლტოლვილთა ბანაკში ჩავიდა 135 დაშავებულის დასახმარებლად, რომელთაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ.

ანგოლასა და კონგოს ფილიალის წარმომადგენლებმა მოინახულეს ლტოლვილები, რათა სულიერად გაემხნევებინათ. მათ სპეციალური შეხვედრები ჩაატარეს და უსახლკაროდ დარჩენილთა საჭიროებიდან გამომდინარე ბიბლიური მოხსენებები წაიკითხეს. მართალია, ანგოლაში ძირითადი ენა პორტუგალიურია, მაგრამ მოწმეებმა ორგანიზება გაუწიეს ლტოლვილებისთვის გასაგებ ენაზე, კონგოში გავრცელებულ ცილუბა ენაზე, რელიგიური შეხვედრების ჩატარებას (იხილეთ პირველი სურათი).

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარი სამმართველოდან (უორიკი, ნიუ-იორკი) კოორდინირებას უწევს დაზარალებულთა დახმარებას, რისთვისაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ანგოლა: ტოდ პეკჰამი, ტელ. +244-923-166-760

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა: რობერტ ელონგო, ტელ. +243-81-555-1000