არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 12 მარტი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ითხოვს, წერტილი დაესვას რელიგიურ დისკრიმინაციას სკოლებში

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ითხოვს, წერტილი დაესვას რელიგიურ დისკრიმინაციას სკოლებში

„დისკრიმინაციისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის ფუნდამენტია“ (განათლების სამინისტროს სამდივნო, 2014 წლის 12 ივნისი).

წლების მანძილზე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რელიგიური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სკოლებიდან რიცხავდნენ იმ მოწაფეებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მოწმეები არ მონაწილეობდნენ რელიგიური ხასიათის ღონისძიებებში. ამ პრობლემამ მაშინ იჩინა თავი, როდესაც სკოლებში სამთავრობო დადგენილებებზე მაღლა შინაგანაწესი დააყენეს და იეჰოვას მოწმეების უფლებები უგულებელყვეს. კონგოს მთავრობას შეუმჩნეველი არ დარჩენია სკოლებში არსებული უსამართლობა; მან შეახსენა სკოლების დირექციას, რომ ყველას აქვს უფლება, ისე მიიღოს განათლება, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი არ გახდეს.

ეკლესიების მიერ დაფინანსებულ სკოლებში სამთავრობო დადგენილებებზე მაღლა შინაგანაწესს აყენებენ

რელიგიურმა ორგანიზაციებმა კონგოს მთავრობასთან შეთანხმება დადეს, რომელიც უფლებას ანიჭებდათ, დაეფინანსებინათ საჯარო სკოლები იმ ტერიტორიებზე, სადაც ამის საჭიროება არსებობდა. ამ შეთანხმებაში ცალსახად იყო აღნიშნული: „ბავშვებისგან არ უნდა მოითხოვონ ისეთი რამის გაკეთება, რაც რელიგიურ დისკრიმინაციასა და შეუწყნარებლობას შეუწყობს ხელს“. თუმცა ეკლესიების მიერ დაფინანსებული ბევრი სკოლის შინაგანაწესის მიხედვით, ყველა მოსწავლე ვალდებულია, დაესწროს რელიგიური ხასიათის ღონისძიებებს და მონაწილეობა მიიღოს მათში. ზოგ ასეთ სკოლაში მოსწავლეებისგან შინაგანაწესის დაცვას მოითხოვენ და უგულებელყოფენ როგორც მთავრობასთან დადებულ შეთანხმებას, ისე თაყვანისცემის თავისუფლების უფლებას, რომელიც თითოეულ მოწაფეს აქვს.

ეს პრობლემა აშკარა გახდა, როდესაც 2005 წელს 52 იეჰოვას მოწმე ეკვატორულ სარტყელში მდებარე აბუმომბაზის პროვინციაში ეკლესიების მიერ დაფინანსებული სკოლებიდან გარიცხეს; ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ უარი განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საეკლესიო მსახურების შესრულებაზე. პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც აბუმომბაზის სკოლების მაგალითს სხვა პროვინციების სკოლებმაც მიჰბაძეს, რომლებიც ასევე ეკლესიების მიერ იყო დაფინანსებული. გარკვეული დროის მანძილზე კონგოს სკოლებიდან 300-ზე მეტი იეჰოვას მოწმე გარიცხეს, რომლებიც სხვადასხვა კლასში, დაწყებითიდან დამამთავრებელი კლასის ჩათვლით, სწავლობდნენ.

13 წლის კანიერე ნდავარომ, რომელიც 2009 წელს სკოლიდან სრულიად უსამართლოდ გარიცხეს, ასეთი რამ აღნიშნა: „ძალიან მეწყინა, რომ სკოლიდან გამრიცხეს. არ ვიცი, რა მელის მომავალში“. სხვა მოწმემ, კამბერე მაფიკა ჯასტინმა კი, რომელიც 2010 წელს სკოლიდან მის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე გარიცხეს, თქვა, რომ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მართალია, ეს მოზარდები გულნატკენნი იყვნენ იმის გამო, რომ არც განათლების და არც დიპლომის მიღების შესაძლებლობა არ მიეცათ, მაგრამ კომპრომისზე წასვლა არც კი უფიქრიათ.

კონგოს მთავრობა მხარს უჭერს რელიგიის თავისუფლებას

სკოლიდან გარიცხული ბავშვების მშობლები ამ პრობლემის თაობაზე სკოლის დირექციას დაელაპარაკნენ, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ მათ მიმართეს ხელისუფლების წარმომადგენლებს და იპოვეს ისეთები, რომლებიც სამართლის მხარეს იდგნენ; ისინი მთელ ქვეყანაში რელიგიური დისკრიმინაციის აღმოფხვრას შეეცადნენ.

2011 წელს ჩრდილოეთ კივუს პროვინციის განათლების მინისტრმა, ბაზიზანე მაჰეშემ, პროვინციის სახელით ცირკულარი გამოაქვეყნა. ამ წერილობით განკარგულებაში, სათაურით „იკრძალება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია“, აღნიშნული იყო, რომ არსებული სიტუაცია მეტად მიუღებელია და აგრეთვე არაორაზროვნად იყო ნათქვამი, რომ „სხვა აღმსარებლობის მოწაფეები იმის გამო ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი, რომ სკოლები თავიანთი შინაგანაწესის თანახმად მოქმედებენ და უგულებელყოფენ იმ კანონებს, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედებს“.

ამ პრობლემამ ფართო საზოგადოების ყურადღება 2013 წლის 4 სექტემბერს მიიქცია, როდესაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრმა, მვანგუ ფამბამ დადგენილება გამოსცა. ეს დადგენილება, სახელწოდებით „ცირკულარი, რომელიც კრძალავს რელიგიურ დისკრიმინაციას“, ყველა ოლქის სკოლებზე ვრცელდებოდა. მასში ცალსახად აღინიშნებოდა: „თითოეულ ბავშვს აქვს უფლება, ნებისმიერ სკოლაში მიიღოს განათლება და, ამავე დროს, არ გახდეს რელიგიური ნიშნით შევიწროების მსხვერპლი“. ამავე დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ განსხვავებული აღმსარებლობის გამო ბავშვის სკოლიდან გარიცხვა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დადგენილი სტანდარტებისა და არსებული კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

ბევრ სკოლაში გაითვალისწინეს მთავრობის ეს მოთხოვნა და უკან მიიღეს იეჰოვას მოწმე მოსწავლეები. თუმცა რამდენიმე სკოლაში უარი თქვეს მთავრობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამიტომ 2014 წლის 12 ივნისს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელიც განამტკიცებდა 2013 წლის სექტემბერში მიღებულ დადგენილებას და საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ ახალ საკანონმდებლო ჩარჩოზე a მიუთითებდა. ეს მემორანდუმი, რომელიც პრობლემის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული, ხაზს უსვამდა დისკრიმინაციასთან ბრძოლის აუცილებლობას და იმას, რომ საერთაშორისო და ქვეყანაში არსებული კანონები სკოლის შინაგანაწესზე მაღლა დგას. გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ კონკრეტულ პირებს დაავალა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეემოწმებინათ, რა სიტუაცია იყო სკოლებში და გაეგოთ, რამდენად ითვალისწინებდნენ მიღებულ რჩევა-დარიგებებს. უდავოა, რომ მთავრობის მიერ მიღებული ეს ზომები ხანგრძლივი დროის მანძილზე მოიტანს დადებით შედეგებს.

ემსახურება ბევრის კეთილდღეობას

თუ კონგოს სკოლებში კანონის თანახმად იმოქმედებენ, ნებისმიერი მოსწავლე შეძლებს განათლების მიღებას და არ გახდება რელიგიური შევიწროების მსხვერპლი. გარდა ამისა, სკოლის მოწაფეები ისწავლიან, პატივი სცენ ყველას განურჩევლად მრწამსისა. ამგვარად კონგოს სკოლები მხოლოდ თავიანთი ქვეყნის კონსტიტუციას და განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ დადგენილებას კი არ დაუჭერენ მხარს, არამედ კარგ მაგალითსაც მისცემენ მოსწავლეებს, რომ ისინიც სამართლიანად მოექცნენ სხვებს.

a „ახალი საკანონმდებლო ჩარჩო საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით უფლებას აძლევს მშობლებს, სასურველ სკოლაში შეიყვანონ თავიანთი შვილები ... დისკრიმინაციისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის ფუნდამენტია“ (№ 014/004/2014).