არჩეულ მასალაზე გადასვლა

24 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
ლატვია

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რიგაში გამართულ წიგნების გამოფენაზე

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რიგაში გამართულ წიგნების გამოფენაზე

2023 წლის მარტის დასაწყისში ლატვიის დედაქალაქ რიგაში პანდემიის შემდეგ პირველად გაიმართა წიგნების გამოფენა, რომელსაც 21 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია. ამ გამოფენაზე იეჰოვას მოწმეებმა მთლიანობაში მეშვიდეჯერ მიიღეს მონაწილეობა. წელს იქ წარმოდგენილი იყო 2020 წელს გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ლატვიურ ენაზე.

გამოფენის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ღვთის სახელზე, იეჰოვაზე. ვიზიტორები ძალიან აღაფრთოვანა იმის გაგებამ, რომ 1689 წელს გამოცემულ ბიბლიის პირველ ლატვიურ თარგმანშიც იყო ღვთის სახელი გამოყენებული. თუმცა ყველაზე დიდი გაოცება მათში იმან გამოიწვია, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის სახელი 7 000-ზე მეტ ადგილას არის აღდგენილი.

ზოგი დამთვალიერებლის ყურადღება სხვა თავისებურებებმა მიიპყრო. მაგალითად, საგამომცემლო საქმიანობაში მოღვაწე ერთმა მამაკაცმა აღნიშნა, რომ ამ ბიბლიის გამოსაცემად აშკარად უმაღლესი ხარისხის მასალაა გამოყენებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის ყოველდღიური მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.

კიდევ ერთმა ვიზიტორმა, რომელმაც ბიბლიის პირადი ეგზემპლარიც აიღო, თქვა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თანამედროვე და მარტივი ენითაა დაწერილი. როგორც აღმოჩნდა, მას ბიბლიის სხვა თარგმანების წაკითხვის მცდელობაც ჰქონია, მაგრამ იმდენად გაუგებარი იყო მისთვის, რომ შეწყვიტა მათი კითხვა. თუმცა ახლა მას ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს თავის ქალიშვილთან ერთად „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კითხვას. ამ სამდღიან გამოფენაზე ლატვიურ ენაზე შესრულებული ბიბლიის 130-ზე მეტი ეგზემპლარი გავრცელდა.

ჩვენი და-ძმები წიგნების გამოფენაზე

გამოფენაში მონაწილე და-ძმები დიდი სიხარულით აწვდიდნენ სხვებს ინფორმაციას ბიბლიისა და მისი ავტორის შესახებ. ერთმა დამ თქვა: „ასეთ მცირე დროში ამდენ ადამიანთან არასოდეს მისაუბრია იეჰოვას სახელზე“.

ლატვიაში 2 100-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს. გვახარებს, რომ ეს თანამედროვე თარგმანი მათაც აახლოებს იეჰოვასთან და იმ ადამიანებსაც, რომლებიც ღვთის სიტყვით ინტერესდებიან (იაკობი 1:17).