არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 25 ოქტომბერი
მადაგასკარი

გამოიცა გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მალაგასიურ ენაზე

გამოიცა გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მალაგასიურ ენაზე

2021 წლის 16 ოქტომბერს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია მალაგასიურ ენაზე. ეს იყო წინასწარ ჩაწერილი სპეციალური პროგრამა, რომელიც დაახლოებით 40 000 ადამიანისთვის სტრიმინგის მეშვეობით გადაიცემოდა. ბიბლიის ბეჭდური ვერსია, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება 2022 წლის დასაწყისისთვის.

მალაგასიურ ენაზე დაახლოებით 27 მილიონი ადამიანი საუბრობს. ამ ენაზე ძირითადად მადაგასკარზე საუბრობენ, სადაც მალაგასიური სახელმწიფო ენაა. მართალია, მადაგასკარი აფრიკის სანაპიროდან, სულ რაღაც, 400 კმ-ში მდებარეობს, მაგრამ მალაგასიური ენა იმ ენების ოჯახს მიეკუთვნება, რომლებზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და სამხრეთ წყნარი ოკეანის ერები საუბრობენ. მის მონათესავე ენებს შორისაა ინდონეზიური, ფიჯი და ტაგალური.

მალაგასიურ ენაზე ბიბლიის პირველი თარგმანები მე-19 საუკუნის დასაწყისში შესრულდა. მისიონერები, რომლებიც თარგმანზე მუშაობდნენ, არაერთ სირთულეს შეხვდნენ, იქნებოდა ეს მალარია, ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობა თუ საჭირო საბეჭდი დანადგარების არქონა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, 1835 წელს მალაგასიურ ენაზე ბიბლიის პირველი სრული თარგმანი გამოიცა.

რა თქმა უნდა, ამ მისიონერების ღვაწლს უკვალოდ არ ჩაუვლია, მაგრამ წლების მანძილზე მალაგაისურენოვან ხალხს არ ჰქონდა გასაგები, თანამედროვე ენით შესრულებული თარგმანი. თუმცა 2003 წელს იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, ხოლო 2008 წელს — „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია.

„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია კიდევ უფრო ადვილი გასაგებია მალაგასიურენოვანი ხალხისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა დიალექტზე საუბრობენ. ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ზოგიერთ სიტყვას მხოლოდ დიდ ქალაქებში იყენებენ, თუმცა სოფლებსა და სანაპირო რაიონებში ეს სიტყვები არც კი სმენიათ. ამიტომ მთარგმნელებმა ისეთი სიტყვები და გამოთქმები გამოიყენეს, რომლებიც ქვეყნის ყველა მხარეში მცხოვრები ხალხისთვის იქნებოდა გასაგები“.

ამის ერთ-ერთი მაგალითია კოლოსელების 3:13, სადაც ვკითხულობთ: „მოუთმინეთ ერთმანეთს“. წინა თარგმანში აღმოსავლურ დიალექტზე მოსაუბრე ხალხს ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვები ასე ესმოდათ: „ესაუბრეთ ერთმანეთს“. თუმცა გადამუშავებულ თარგმანში ეს ფრაზა სხვაგვარადაა გადმოტანილი, რაც მკითხველს უადვილებს იმის აღქმას, რომ აუცილებელია, თვალი დავხუჭოთ სხვების შეცდომებზე და ვაპატიოთ.

კიდევ ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „ამ თარგმანზე მუშაობის დროს განსაკუთრებით ბევრს ვლოცულობდი. აშკარად ვხედავდი, როგორ გვეხმარებოდა იეჰოვა თავისი წმინდა სულით“.

ძალიან გვიხარია, რომ მალაგასიურ ენაზე მოსაუბრე და-ძმებმა ეს შესანიშნავი საჩუქარი მიიღეს, ძღვენი იეჰოვასგან (1 პეტრე 4:10).