2022 წლის 23 დეკემბერი
ᲛᲐᲕᲠᲘᲙᲘ
გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ მავრიკის კრეოლზე
ამა წლის 17 დეკემბერს საფრანგეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ლუი ბრენმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მავრიკის კრეოლზე a. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით, რომელიც 2 200-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა. ამჟამად ხელმისაწვდომია ამ თარგმანის როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ვერსია.
მავრიკის კრეოლზე, ძირითადად, საუბრობენ კუნძულ მავრიკზე, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. კუნძულს უკავია 2 007 კმ2. ის მადაგასკარიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 800 კილომეტრითაა დაშორებული. ამ კუნძულზე იეჰოვას მოწმეები პირველად 1933 წელს სამხრეთ აფრიკიდან ჩავიდნენ. პირველი კრება 1951 წელს ჩამოყალიბდა. შეხვედრები ტარდებოდა ინგლისურად, რომელიც მავრიკის ოფიციალური ენაა.
მავრიკულ კრეოლზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ მხოლოდ ერთი სრული თარგმანი იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მასში არ გვხვდება ღვთის სახელი, იეჰოვა. „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ კი 237-ჯერ არის მოხსენიებული ღვთის სახელი. გარდა ამისა, ამ თარგმანში ბიბლიური ტერმინები ადვილად გასაგები ენითაა ნათარგმნი.
კოვიდპანდემიის გამო მთარგმნელებს დროებით მოუწიათ სამუშაოს შეწყვეტა. ერთი მთარგმნელი ამბობს: „როდესაც განვაახლეთ ამ პროექტზე მუშაობა, თარგმნას დიდი ენთუზიაზმით შევუდექით. საქმე უფრო სწრაფად მიიწევდა წინ, ვიდრე პანდემიამდე. თქვენ წარმოიდგინეთ, პანდემიამდე დაგეგმილ ვადებშიც კი დროულად ჩავეტიეთ“.
დარწმუნებული ვართ, ეს ახალი თარგმანი დაეხმარება ჩვენს და-ძმებს, კვლავაც დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილებები (ესაია 65:13).
a მავრიკში სამქადაგებლო საქმეს საფრანგეთის ფილიალის კომიტეტი ხელმძღვანელობს.