არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 13 ივნისი
მალავი

მალავიში ორი იეჰოვას მოწმე მოსწავლე სკოლაში დააბრუნეს

მალავიში ორი იეჰოვას მოწმე მოსწავლე სკოლაში დააბრუნეს

ლილონგვე, მალავი — 2017 წლის 3 მაისს 18 წლის აარონ მანხამბა და 15 წლის ჰასტინგს მტამბალიკა, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, ხომბეს საშუალო სკოლაში დააბრუნეს. ისინი სკოლიდან იმის გამო გარიცხეს, რომ სასკოლო ღონისძიების დროს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს. 2017 წლის 13 თებერვლიდან მათ უფლება არ ჰქონდათ, დასწრებოდნენ გაკვეთილებს. ისინი სკოლაში მას შემდეგ აღადგინეს, რაც მოსწავლეების მშობლებმა და იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექციას მიმართეს.

ფილიალის წარმომადგენლებმა სკოლის დირექციას უჩვენეს მთავრობის ორი ოფიციალური წერილი. ერთ-ერთი წერილი, რომელიც 1997 წლითაა დათარიღებული, ეხებოდა მალავიში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს. მასში აღნიშნული იყო, რომ იეჰოვას მოწმეებს უფლება ჰქონდათ, უარი ეთქვათ ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე. მეორე წერილში კი, რომელიც 2017 წელს გამოიცა, აღნიშნული იყო, რომ მასწავლებლებმა პატივი უნდა სცენ მოსწავლეების რელიგიურ შეხედულებებს.

იეჰოვას მოწმე მოსწავლეები სკოლაში ეროვნული გამოცდების დაწყებამდე დააბრუნეს. ჰასტინგსი ამბობს: „ვნერვიულობდით, რადგან თუ სკოლაში არ დაგვაბრუნებდნენ, ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩავაბარებდით. ეს გამოცდები წელიწადში ერთხელ ტარდება“. თუ ისინი ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებდნენ, კლასში ჩარჩებოდნენ.

მალავიში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ავგუსტინე სემო აღნიშნავს: „მოსწავლეებს ძალიან უხარიათ, რომ პატივი სცეს მათ რელიგიურ შეხედულებებს. ჩვენ მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ მხარი დაუჭირეს რელიგიის თავისუფლებას და ეს მოსწავლეები სკოლაში დააბრუნეს“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

მალავი: ავგუსტინე სემო, ტელ. +265-1-762-111