29 მაისი, 2020
მალავი
მალავიში კრების შეხვედრების პროგრამას მილიონები ისმენენ ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით
მალავიში ფილიალის კომიტეტმა ორგანიზება გაუწია, რომ კრების შეხვედრების პროგრამა ადგილობრივი ტელევიზიითა და რადიოთი გადაეცათ. შეხვედრების პროგრამას ჩვენი და-ძმების გარდა ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და ისმენს. მართალია, მალავიში 100 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმეა, მაგრამ შაბათ-კვირას, სავარაუდოდ, ორი მილიონი ადამიანი იღებს ინფორმაციას ტელევიზიის მეშვეობით, ხოლო რვა მილიონი — რადიოს მეშვეობით.
ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად არც მალავიში იკრიბებიან დარბაზებში ჩვენი და-ძმები, რათა ფიზიკური დისტანცია დაიცვან. თითქმის ყველა მაუწყებელს მიუწვდება ხელი ტელევიზორზე ან რადიოზე. ამიტომ კრების შეხვედრების პროგრამას ის და-ძმებიც ისმენენ, რომლებიც ვერ სარგებლობენ ვიდეოკონფერენციისთვის განკუთვნილი სპეციალური აპლიკაციით.
შეხვედრები ოფიციალურ ენაზე, ჩიჩევაზე გადაიცემა, რომელიც პარალელურად მალავურ ჟესტურ ენაზეც ითარგმნება. საჯარო მოხსენების გარდა შეხვედრებზე წარმოდგენილია ვიდეოები და ბიბლიის მხატვრული კითხვა. შეხვედრის დასასრულს მაყურებელს და მსმენელს მოუწოდებენ, ესტუმრონ ვებგვერდს jw.org, რათა სხვა ენებზეც მოიძიონ ინფორმაცია.
ამ შეხვედრებმა ბევრს შეუცვალა არასწორი შეხედულება, რომელიც მოწმეებზე ჰქონდათ. ერთმა მამაკაცმა მოგვწერა: „უკვე რამდენიმე კვირაა, რადიოთი თქვენს ქადაგებებს ვისმენ. მოსმენილი ყოველგვარ სიცრუეს აქარწყლებს, რასაც თქვენზე ავრცელებენ. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით თქვენი ქადაგება გულს სწვდება“. ამ მამაკაცმა ოჯახთან ერთად იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
ავგუსტინე სემო, რომელიც მალავიში საინფორმაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს, ამბობს: „ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემული კრების შეხვედრების პროგრამა ეხმარება და-ძმებს, არ ჩამორჩნენ სულიერ განრიგს. ამას გარდა, ბევრი გაეცნო ბიბლიაზე დაფუძნებულ სწავლებებს. როცა მალავიში მდგომარეობა დასტაბილურდება, ვიმედოვნებთ, რომ ბევრი ახალი შემოგვიერთდება დარბაზებში“.
გვიხარია, რომ მალავიში ამ ძნელბედობის ჟამს როგორც და-ძმები, ისე სხვები არ რჩებიან სულიერი საზრდოს გარეშე. ეს უფრო გვიღრმავებს მადლიერების გრძნობას „ერთგული და გონიერი მონის“ მიმართ, რომელიც ყველანაირად ზრუნავს სულიერად ჩვენს გამოკვებაზე (მათე 24:45).